კობახიძე: ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შანტაჟი გრძელდება, რაც წარუმატებლობისთვისაა განწირული

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე (მარცხნივ), "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შანტაჟი გრძელდება, რაც, მისი აზრით, წარუმატებელი იქნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიუ-იორკში განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს.

მისივე მტკიცებით, ამის მიზანია, ბიძინა ივანიშვილი აიძულონ, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

"გრძელდება შანტაჟი ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. იცით, რომ ის ისედაც არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ, მას აქვს გაყინული ევროპაში 2 მლრდ აშშ დოლარი, თუმცა ახლა შანტაჟი გრძელდება უკვე სხვა ფორმით, ისმენთ მუქარას ფორმალური სანქციების დაწესებაზე. ვერც ასე და ვერც ისე ეს ადამიანები ვერ მიაღწევენ მიზანს. მიზანი ყველამ ვიცით, რაც არის - მათ სურთ, რომ ბიძინა ივანიშვილი აიძულონ, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. რა თქმა უნდა, ეს შანტაჟი ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება წარმატებული, ვერც ახლა. ვერ ისწავლეს ის, რომ წლების განმავლობაში რაც არ მუშაობს, ვერ იმუშავებს წლების შემდეგაც. აქედან გამომდინარე, ეს შანტაჟიც არის განწირული წარუმატებლობისთვის", - განაცხადა პრემიერმა.

13 მაისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "გლობალურ ომის პარტიას" ბიძინა ივანიშვილის 2 მილიარდი ჩაუვარდა ხელში, რაც დე ფაქტო სანქცირებაა. ირაკლი კობახიძემ ამით ახსნა, რატომ უთხრა შეხვედრაზე უარი ივანიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო'ბრაიენს, თუმცა არ განუმარტავს, თანხის [2 მილიარდის] წარმომავლობა.

"იყო შემთხვევები გასული თვეების განმავლობაში, როცა უცხოელ დიპლომატებსა და პოლიტიკოსებსაც უთხრა უარი ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრაზე. ამაზე მე მაქვს ინფორმაცია, რადგან მე მიწევდა შეთანხმება გარკვეულ საკითხებზე.

ყველა შემთხვევაში უარის მიზეზი ერთი და იგივეა: ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ ის ისედაც არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ. მას აქვს გაყინული ორი მილიარდი დოლარი, რომელიც დასავლეთს მიანდო, მაგრამ აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს".

ასევე ნახეთ აშშ-მა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა - "ამერიკის ხმა"