გახარია მზადაა, ხაზარაძესთან შეთანხმებას ხელი მოაწეროს სამი პირობის შესრულების შემთხვევაში

გიორგი გახარია

პარტიის, „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია მზადაა, ამ არჩევნებისთვის „ლელოსთან“ საერთო შეთანხმებას მოაწეროს ხელი, თუ მამუკა ხაზარაძის პარტია მის სამ პირობას დასთანხმდება. ამის შესახებ გიორგი გახარიამ ბრიფინგზე ისაუბრა.

„იმ დიდი მიზნის, რაც ჩვენ გვაქვს, მისაღწევად, ნეიტრალური პლატფორმა არის მნიშვნელოვანი, ისევე როგორც სხვა ყველაფერი არის დალაგებადი. თუ „ლელო“ დღეს ამბობს, რომ ამ სამ პრინციპზე (ნეიტრალური პლატფორმა, პარიტეტული პრინციპი და პრინციპი, რომ ამ არჩევნების შემდეგ არ შედგება კოალიცია არც „ქართულ ოცნებასთან“ და არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“) თანახმაა, ჩვენ ნებისმიერ დოკუმენტზე მოვაწერთ ხელს და ნებისმიერი სერიოზულობის თანამშრომლობისთვის ვართ მზად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე, რომელიც პარტიის ოფისში გაიმართა.

ბრიფინგი მან შეცდომებზე საუბრით დაიყო. მისი თქმით, შეცდომა იყო მსგავსი მოლაპარაკებების დაწყება საარჩევნო სიების წარდგენამდე ერთი კვირით ადრე და ასევე ისიც, რომ საერთო პლატფორმაზე ვერშეთანხმების მიუხედავად, მოლაპარაკებები გააგრძელა.

„წერტილი დავსვი იმიტომ, რომ მოლაპარაკებების დაწყების მიზანი შევიდა ჩიხში. სამწუხაროდ, თავდაპირველი მიზანი დაიკარგა სიხარბეში. ვიღაცისთვის მთავარი მიზანი გახდა მოლაპარაკებების ჩაშლის მეორე მხარისთვის დაბრალება, სხვებისთვის კი ნებისმიერ ფასად ნებისმიერ ფურცელზე ხელის მოწერა“, - თქვა გიორგი გახარიამ.

მან მოგვიანებით დააზუსტა, რომ თავდაპირველად მოლაპარაკების საგანი იყო მისი პარტიის წევრების „ლელოს“ სიით მონაწილეობა არჩევნებში, ახლა კი მამუკა ხაზარაძეს იგი სთავაზობს „ნეიტრალურ პლატფორმას“, რომელიც არ იქნება არც „ლელო“ და არც „საქართველოსთვის“. მომდევნო არჩევნებისთვის ცესკოში პარტიების რეგისტრაციის ვადა ამოწურულია, გახარიას კი არ დაუზუსტებია, რომელ რეგისტრირებულ პარტიას გულისხმობდა „ნეიტრალურ პარტიად“.

მამუკა ხაზარაძეც მზადაა, ხელი მოაწეროს შეთანხმებას - ამის შესახებ მან გუშინ, 19 სექტემბერს, განაცხადა:

„ვწუხვარ, რომ ჩვენი განხილვები დასრულდა. მე ახლაც მზად ვარ, ხელი მოვაწერო თავდაპირველ შეთანხმებას. გახარიას კი ამ შეთანხმების ჩაშლის გამო მოუწევს, თავად აუხსნას ამ პროცესის გულშემატკივრებს, რამ აიძულა უარი ეთქვა ამ ნაბიჯის გადადგმაზე“.

ასევე ნახეთ შეთანხმების ჩაშლის გამო გახარიას მოუწევს ახსნას, რამ აიძულა უარი ეთქვა ამ ნაბიჯზე - ხაზარაძე

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანებისკენ ამ ორ ოპოზიციურ ჯგუფს 16 სექტემბერს მოუწოდა.

ხაზარაძისა და გახარიას პირველი შეხვედრა 17 სექტემბერს შედგა. მას შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერები ერთმანეთს რამდენჯერმე შეხვდნენ, თუმცა გუშინ, 19 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ შეთანხმება ვერ შედგა.

ასევე ნახეთ „გახარია საქართველოსთვის“: ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა