გამოძიების ცნობით, მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე, კესარია აბრამიძესა და ბრალდებულს უთანხმოება მოუვიდათ და ამ მოტივით დაშორდნენ. მკვლელობის დღეს, 15:50 საათზე კი, ბრალდებულმა გასაშლელი დანა შეიძინა და მასთან შეხვედრა „განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით“ გადაწყვიტა.
ასევე ნახეთ „სახლში რამდენჯერმე მიუვარდა“ - რას ჰყვება მოკლული კესარია აბრამიძის მეგობარი ბრალდებულზე„ბრალდებულის განმარტებით, კესარია აბრამიძე შეხვედრაზე დასთანხმდა მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ [რაზეც თანხმობა მიიღო]“, - აცხადებენ პროკურატურაში.
ასევე ნახეთ ესაა ტრანსფობიური პოლიტიკის შედეგი - "თანასწორობის მოძრაობა" კესარია აბრამიძის მკვლელობაზებრალდებული კესარია აბრამიძის საცხოვრებელ სახლში 18 სექტემბერს, საღამოს, დაახლოებით 19:10 საათზე მივიდა. საგამოძიებო უწყების ცნობით, შეხვედრის შემდეგ კაცმა ქალს ჯერ ხელი დაარტყა, შემდეგ კი დანით 28 ჭრილობა მიაყენა.
ასევე ნახეთ კესარია აბრამიძის მკვლელობა - რა გარემოებები ახლდა და რა უძღოდა წინ„[მკვლელობის შემდეგ ბრალდებული] ნათესავის ბინაში მივიდა, გამოიცვალა მხოლოდ სისხლიანი მაისური და ბინა დატოვა, რის შემდგომაც ჯერ ტაქსით წავიდა დიდუბის მეტროსთან, საიდანაც მეტროთი მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ იმგზავრა, ხოლო შემდეგ ასევე ტაქსით სენაკისკენ გაემართა“, - წერია პროკურატურის განცხადებაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ კაცი პოლიციამ ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეაჩერა და დააკავა.
საგამოძიებო უწყებას მტკიცებულების სახით აქვს დანაშაულის დეტალებზე ბრალდებულთან საუბრის ამსახველი „ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერი“.
კესარია აბრამიძე თბილისში, საკუთარ ბინაში 18 სექტემბერს, საღამოს მოკლეს. შსს-ს ცნობით, გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 26 წლის კაცი ბ.ჯ. 19 სექტემბერს დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.