რუსი სამხედროები თვეების განმავლობაში ემზადებოდნენ უკრაინის შესაძლო თავდასხმისთვის კურსკის ოლქში. ამას ადასტურებს დოკუმენტები, რომლებიც უკრაინის სპეცრაზმმა ჩაიგდო ხელთ. დოკუმენტებს გაეცნენ ბრიტანულ გაზეთ The Guardian-ის ჟურნალისტები.
დოკუმენტები ეკუთვნის რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფსბ-ს და არმიას და ისინი ამოიღეს რუსეთის ტერიტორიაზე სპეცრაზმის რეიდის დროს. გამოცემა აღნიშნავს, რომ საბუთები მან უკრაინელი სამხედროებისგან მიიღო და დამოუკიდებლად ვერ ადასტურებს მათ ნამდვილობას.
რუსეთის სამხედროებს მინიმუმ იანვრის დასაწყისიდან აფრთხილებდნენ, რომ მზადდებოდა იერიში. თებერვალში რუსეთის დაზვერვამ ივარაუდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები შეეცდებოდნენ სუმის რეგიონის ტერიტორიიდან 80 კილომეტრის სიღრმეზე გარღვევას. ივნისში სამხედროებმა იცოდნენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები შეეცდებოდნენ ქალაქ სუჯის აღებას. უკრაინის არმიის შეტევა აგვისტოში დაიწყო, სუჯა ერთ კვირაში აიღეს.
ასევე ნახეთ ინტერაქტიური რუკა: უკრაინის ჯარების შესვლა კურსკის ოლქშისუჯა საზღვრიდან 9 კილომეტრზე მდებარეობს. ქალაქი, სადაც ომამდელი მოსახლეობა დაახლოებით 5 ათასი ადამიანი იყო, შეტევის დაწყების შემდეგ გახდა უკრაინული ჯარების მიერ ოკუპირებული უდიდესი დასახლება. რეიდის მონაწილეებმა The Guardian-ს განუცხადეს, რომ ბევრმა რუსმა სამხედრომ მიატოვა პოზიციები და გაიქცა ისე, რომ მოწესრიგებულ უკანდახევაშიც კი არ მიუღია მონაწილეობა.
ხელში ჩაგდებულ რუსულ დოკუმენტებში ლაპარაკია კურსკის რეგიონის ქვედანაყოფებში დაბალ მორალურ სულისკვეთებასა და პირადი შემადგენლობის ნაკლებობაზე. დოკუმენტებში ნათქვამია, რომ ქვედანაყოფები საშუალოდ 60-70 პროცენტით იყო დაკომპლექტებული და ცუდად მომზადებული რეზერვისტებით იყო შევსებული. დოკუმენტებში აღნიშნული იყო ქვედანაყოფებში თვითმკვლელობის მაღალი მაჩვენებელი და სამხედრო მოსამსახურეთა შორის დეპრესია, რაც მათ სამხედრო სამსახურთან არის დაკავშირებული.
კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის პირველი ეტაპის წარმატების შემდეგ მრავალი დასავლური და რუსული წყარო ვარაუდობდა, რომ უკრაინის ჯარებმა მოახერხეს რუსეთის არმიისთვის მოულოდნელი წინსვლა. იტყობინებოდნენ, რომ მოახლოებული შეტევა მაქსიმალურად გასაიდუმლოებული იყო.
სექტემბერში ამერიკული არხი CNN-ი ესაუბრა შეტევის მონაწილეებს და იუწყებოდა იმ პრობლემებზე, რომლებსაც წააწყდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში. მასალაში ლაპარაკია იმ თავდაცვითი სიმაგრეების მაღალ ხარისხზე, რომელთა გარღვევაც მოუწია უკრაინის არმიას და დანაყოფებში მნიშვნელოვან დანაკარგებზე.