რუსეთის ქალაქ ტოროპეცზე დრონებით შეტევის გამო მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს

საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით ხშირად უტევენ სამხედრო და სამრეწველო ობიექტებს.

გამთენიისას ძლიერი აფეთქებები იყო რუსეთის ტვერის ოლქის ქალაქ ტოროპეცში. რეგიონის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების შეტევას იგერიებს.

ადგილობრივი დროით 05:00 საათისთვის ოლქის გუბერნატორ იგორ რუდენიას პრესსამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ მოგერიებული დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენამ ხანძარი გამოიწვია. სად, დაკონკრეტებული არ ყოფილა.

რუსული და უკრაინული ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, ტოროპეცში დრონებით თავდასხმა იყო საბრძოლო მასალების საწყობზე.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ტვერის ოლქის გუბერნატორის გადაწყვეტილებით, რაიონიდან, სადაც ხანძარს აქრობენ, მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს მეზობელ ქალაქ დასავლეთ დვინაში. თავად დვინაში დროებით დახურეს სკოლები და საბავშვო ბაღები.

ტვერის ოლქი რუსეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და უკრაინას არ ესაზღვრება. ქალაქ ტოროპეცში 13 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.

უკრაინას, რომლის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით ხშირად უტევენ სამხედრო და სამრეწველო ობიექტებს, ტვერის ოლქზე დღევანდელი იერიშის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

ასევე ნახეთ Kyiv Post: უკრაინის სამხედრო დაზვერვამ იერიში მიიტანა რუსულ ბაზაზე სირიაში