„ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის და სიის პირველი ნომრის განცხადების გასაპროტესტებლად, გორში მოქალაქეები შეიკრიბნენ.
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის გმირების მემორიალთან აქცია ივანიშვილის იმ განცხადების საპასუხოდ გაიმართა, რომელიც „ქართული ოცნების“ ლიდერმა 14 სექტემბერს გორში, წინასაარჩევნო შეხვედრისას გააკეთა.
„რუსული პროპაგანდა აღარ მუშაობს, ჩვენ გვახსოვს ჩვენი ქვეყნის ისტორია“, - ეს იყო აქციის მონაწილეების მთავარი გზავნილი.
დემონსტრანტებმა სიმბოლურად, გმირების ხსოვნის პატივსაცემად, ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს ინსტალაციას, რომელზეც მათი სახელები არის ამოტვიფრული.
14 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილმა გორში შეკრებილი მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები".
ასევე ნახეთ რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ სამხედროთა ოჯახები ივანიშვილის ბოდიშის მზადყოფნას ეხმაურებიანასევე ნახეთ ივანიშვილის მობოდიშების მზაობას მოსკოვი აქებს
2008 წლის 7 აგვისტოს, გამთენიისას, რუსეთის რეგულარულ სამხედრო ძალებს, რომლებსაც არ ჰქონდათ მშვიდობისმყოფელთა სტატუსი, საქართველოს ტერიტორიაზე უკვე დაწყებული ჰქონდათ სამხედრო იერიში.
2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.
2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 დღემდე ისევ საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა.
რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის, ამჟამად ოკუპირებული აფხაზეთისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცნო.