კვირას დილით იემენიდან ცენტრალური ისრაელის მიმართულებით გაისროლეს „მიწა-მიწა“ კლასის რაკეტა. თელ-ავივში და მის გარშემო ისმოდა საჰაერო იერიშის სირენები, ბენ გურიონის აეროპორტმა მცირე ხნით შეაჩერა მუშაობა. რაკეტა დაუსახლებელ ადგილას ჩამოვარდა, არავინ დაშავებულა.
იემენელი ჰუთების პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნასრუდინ ამერმა თქვა, რომ დარტყმა განხორციელდა ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტით და რომ ისრაელის საჰაერო თავდაცვამ „20 ჭურვი გაისროლა, მაგრამ ვერ შეძლო მისი დაჭერა“. ისრაელის თავდაცვის ძალები ამბობენ, რომ რაკეტა ჰაერში დაიშალა ნაწილებად.
ჰუთებმა დარტყმას უწოდეს „მხოლოდ დასაწყისი“. მათმა მეთაურმა იაჰია სარემ თქვა, რომ თავდასხმის სამიზნე იყო სამხედრო ობიექტი ქალაქ იაფაში, რომელიც თელ-ავივის ნაწილია.
The Times of Israel-ის ცნობით, ჰუთებმა პირობა დადეს, რომ მალე გამოაცხადებენ ისრაელის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაციის დაწყებას, რომელიც „სიონისტურ წარმონაქმნს პირდაპირ გულში მოხვდება“.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კვირას განაცხადა, რომ იემენელმა ჰუთებმა უნდა იცოდნენ, რომ ისრაელი მაღალ საფასურს გადაახდევინებს იმას, ვინც ისრაელის ტერიტორიაზე თავდასხმას განახორციელებს.
ასევე ნახეთ გაეროს თანამშრომლები ემსხვერპლნენ ყოფილი სკოლის შენობაზე ისრაელის ავიაციის თავდასხმას2023 წლის ოქტომბერში იემენელმა ჰუთებმა განაცხადეს, რომ ისინი უერთდებიან ისრაელის წინააღმდეგ პალესტინის რადიკალური დაჯგუფება ჰამასის ომს (ჰამასი აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული). მას შემდეგ ისინი რეგულარულად ბომბავდნენ ისრაელის ტერიტორიას და დრონებით უტევდნენ მას. ივლისში იემენიდან გაუშვეს ირანული წარმოების დრონი, რომელიც თელ-ავივში ჩამოვარდა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა.