ბაბაევი გორში ფლობს ბარს. ამ ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე მესამე დღეა მიმდინარეობს სამზადისი „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის დასახვედრად. მოეწყო სცენა, მიმდებარე ქუჩები გადაკეტილია. გადაადგილებისას შექმნილ დისკომფორტს ბაბაევი ღიად აპროტესტებდა და სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციის ჩატარების შესახებაც იუწყებოდა. დღეს დილით კი სამსახურში მიმავალი დააკავეს. ბიზნესმენის მეგობარმა შოთა ხარიბეგაშვილმა ჟურნალისტებს დაკავების დეტალები უამბო.
„სოსო ბაბაევი საკუთარ რესტორანში მიდიოდა იმ ერთადერთი გზით, რომელიც დატოვეს. დანარჩენი ყველა გზა უკვე გადაკეტილია. იმ გზითაც არ გამოატარეს პოლიციელებმა. მერე დაუმორჩილებლობის მიზეზი მოუდეს და დღეს ალბათ კაპეზეში გაათენებინებენ იმ ადამიანს ვინც ამ ხელისუფლების მომხრე არ არის.უბრალოდ მიზეზი სჭირდებოდათ, რომ სოსო დაეკავებინათ“ - ამბობს შოთა ხარიბეგაშვილი.
სასამართლო პროცესი დღესვე უნდა გამართულიყო, თუმცა ის გადაიდო და ბაბაევი წინასწარი დაკავების იზოლატორში ორშაბათამდე დარჩება.
ასევე ნახეთ გორელ ბიზნესმენს და სამოქალაქო აქტივისტს, სოსო ბაბაევს, ბრალი წაუყენესგორის რაიონული სასამართლო სოსო ბაბაევის წინააღმდეგ, კიდევ ერთ, სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს. პოლიციამ ის მიმდინარე წლის 4 ივნისსაც დააკავა და ბრალდებად იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება წაუყენა. სოსო ბაბაევი თავს ხელისუფლების მხრიდან დევნის ობიექტად მიიჩნევს და აცხადებს, რომ პოლიციელებმა მას იარაღი ჩაუდეს. პოლიციის მიერ 4 ივნისის ღამით დაკავებული ბაბაევი 6 ივნისს სწორედ მოსამართლე დარბაიძის განჩინების საფუძველზე გაათავისუფლეს. მოსამართლემ მტკიცებულებები არასაკმარისად მიიჩნია. მოსამართლე დარბაიძის განჩინებით, უკანონოდ იქნა ცნობილი სოსო ბაბაევის წინააღმდეგ მოპოვებული მტკიცებულებები - ის იარაღები, რომლებიც, შსს-ს ვერსიით, ბაბაევის და მისი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღეს და რომლებსაც ჩადებულს უწოდებს თავად აქტივისტი. ბაბაევმა მაშინ განაცხადა, რომ დაკავებისას და განყოფილებაში გადაყვანისას პოლიციელები მას რამდენიმე საათის განმავლობაში სცემდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, ახსენებდნენ ანტირუსულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას, სოციალურ ქსელებში ხელისუფლებისა და სპეცრაზმის წინააღმდეგ გაკეთებულ კომენტარებს.
პროკურატურამ დარბაიძის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 14 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა სოსო ბაბაევის საქმეზე. სასამართლომ ბაბაევის ავტომანქანის ჩხრეკა კანონიერად ცნო, პირადი ჩხრეკა კი - უკანონოდ.
იოსებ ბაბაევი სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. მან პოლიციელების წინააღმდეგ უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. უწყების პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ბიზნესმენის საქმეზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ძალადობით ან იარაღის გამოყენებით.
სოსო ბაბაევი გორში ფლობს ბარ „ბლექ სთარს“, რომელშიც აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლეების გადახაზული ფოტოები განათავსა და მათ იქ შესვლა აუკრძალა. რესტორნის ღობეზე გამოფენილია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ბაბაევი უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული ტვირთის შეკრებით და ადგილზე ჩატანითაც იყო დაკავებული.
ბაბაევი აქტიურად მონაწილეობდა „აგენტების კანონის" წინააღმდეგ გამართულ აქციებში როგორც თბილისში, ისე - გორში.