Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორელ ბიზნესმენს და სამოქალაქო აქტივისტს, სოსო ბაბაევს, ბრალი წაუყენეს


ბიზნესმენი და აქტივისტი სოსო ბაბაევი (ცენტრში)
ბიზნესმენი და აქტივისტი სოსო ბაბაევი (ცენტრში)

გორელ ბიზნესმენსა და სამოქალაქო აქტივისტს, სოსო ბაბაევს, დღეს, 3 ივლისს, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში ბრალი წაუყენეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით წარედგინა, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და დამტკიცების შემთხვევაში, ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალის საფუძველი კი გახდა ჩვენება რამდენიმე სამართალდამცველისა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თითქოს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ბაბაევი იარაღით გადაადგილდებოდა, რის გამოც გააჩერეს, გაჩხრიკეს და ეს იარაღი ამოიღეს.

სოსო ბაბაევი თავს ხელისუფლების მხრიდან დევნის ობიექტად მიიჩნევს.

„ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რუსული ტერორი, არ უყვართ კრიტიკულად და პროევროპულად მოაზროვნე ადამიანები და უნდათ გააჩუმონ ნებისმიერი გზით. პისტოლეტი ჩაგიდეთ უკანონოდ და ავტომატი ჩაგიდეთ კანონიერადო, გასაგებად რომ გითხრათ, ეგრეა. ავტომატს მედავებიან, რომელიც თვითონვე ჩადეს მანქანაში", - ამბობს ბრალის წარდგენის შემდეგ ბაბაევი.

14 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა ბიზნესმენის და აქტივისტის, სოსო ბაბაევის საქმეზე. სასამართლომ ბაბაევის ავტომანქანის ჩხრეკა კანონიერად ცნო, პირადი ჩხრეკა კი - უკანონოდ.

სააპელაციო სასამართლოს ბაბაევის საქმეზე პროკურატურამ მას შემდეგ მიმართა, რაც 6 ივნისს გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძემ უკანონოდ ცნო ბაბაევის წინააღმდეგ მტკიცებულებების მოსაპოვებლად ჩატარებული ჩხრეკის ოპერაცია.

პოლიციის მიერ 4 ივნისის ღამით დაკავებული ბაბაევი 6 ივნისს სწორედ დარბაიძის განჩინების საფუძველზე გაათავისუფლეს. სოსო ბაბაევი სააპელაციო სასამართლოს არ ეთანხმება. ის ამბობს, რომ დაკავებისას და განყოფილებაში გადაყვანისას პოლიციელები მას რამდენიმე საათის განმავლობაში სცემდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, ახსენებდნენ ანტირუსულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას, სოციალურ ქსელებში ხელისუფლებისა და სპეცრაზმის წინააღმდეგ გაკეთებულ კომენტარებს.

მოსამართლე დარბაიძის განჩინებით, უკანონოდ იქნა ცნობილი სოსო ბაბაევის წინააღმდეგ მოპოვებული მტკიცებულებები - ის იარაღები, რომლებიც, შსს-ს ვერსიით, ბაბაევის და მისი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღეს და რომლებსაც ჩადებულს უწოდებს თავად აქტივისტი. იოსებ ბაბაევი სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. მან პოლიციელების წინააღმდეგ უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.

უწყების პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ბიზნესმენის საქმეზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ძალადობით ან იარაღის გამოყენებით.

ახლა პროკურატურამ აღკვეთის პროცედურაზე უნდა მიმართოს გორის სასამართლოს, სადაც გაირკვევა, შეუფარდებენ თუ არა მას წინასწარ პატიმრობას. ბაბაევის ადვოკატი ლექსო მერებაშვილი ამბობს, რომ გამოძიებას არ ენდობა და ამის შესახებ მან პოლიციაშიც განაცხადა.

„ბრალის წარდგენა მოხდა მხოლოდ ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღზე, რადგან პისტოლეტთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომაც კი მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა უკანონოდ ამ იარაღის ჩადებას. გარდა ამისა, შემოთავაზება იყო, რომ მონაწილეობა მიგვეღო საგამოძიებო მოქმედებაში, როგორიც არის ნერწყვის ნიმუშის აღება. რაზეც განვაცხადეთ უარი და დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ არ ვენდობით გამოძიებას“, - განაცხადა ლექსო მერებაშვილმა. გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძემ 6 ივნისს გამართულ პროცესზე დაუშვებლად ცნო შსს-ს მიერ მოპოვებული მტკიცებულებები და პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სასამართლო სხდომაზე ბაბაევს სახეზე ცემის კვალი ეტყობოდა.

პროცესზე ბიზნესმენმა ილაპარაკა მის მიმართ პოლიციელების მხრიდან არაადამიანური მოპყრობის შესახებ. ბაბაევი ამბობს, რომ „მაკაროვის“ ტიპის პისტოლეტი და „კალაშნიკოვის“ ავტომატი ჩაუდეს და პოლიცია ამას მისი სამოქალაქო აქტივობის გამო აკეთებს - ბიზნესმენი და სამოქალაქო აქტივისტი აქტიურად მონაწილეობდა „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ თბილისში გამართულ აქციებში.

6 ივნისის სხდომაზე მოსამართლე ლევან დარბაიძემ ჩამოთვალა დარღვევები, რომლებიც ბაბაევის დაკავებისას გამოვლინდა. მან დაუშვა, რომ ბიზნესმენს არაადამიანურად მოეპყრნენ. ლევან დარბაიძის შეფასებით, ეს ვარაუდი ვერ გაქარწყლდა ვერც წარმოდგენილი მასალებით და ვერც საგამოძიებო ოქმში ასახული გარემოებებით. ახლა სოსო ბაბაევი და მისი ადვოკატები, 48 საათში სასამართლო პროცესის გამართვას ელოდებიან, სადაც მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე უნდა იმსჯელოს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG