რუსეთის დასავლეთის მეორე საოლქო სამხედრო სასამართლომ სახელმწიფო დუმის ყოფილ დეპუტატს ილია პონომარიოვს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სამხედრო "ფეიკებისა“ (სისხლის სამართლის კოდექსის 207.3 მუხლის მე-2 ნაწილის "დ" პუნქტი) და ტერორიზმის გამართლების (სისხლის სამართლის კოდექსის 205.2 მუხლის მე-2 ნაწილი) საქმეზე. სახელმწიფო პროკურატურა მისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.
სამხედრო „ფეიკებად“, რომელსაც ვითომცდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ავრცელებდა, გამოძიებამ ჩათვალა ფონდ „თავისუფალი რუსეთის“ ფორუმების ტრანსლაცია და მისი 2022 წლის 17 მარტის ინტერვიუ „ნასტოიაშჩეე ვრემიასთან“. მეორე ბრალდება კი ეხება პონომარიოვის კომენტარებს იმავე წლის მაისში, რომელშიც პოლიტიკოსი მართებულად მიიჩნევს „სხვადასხვა პირების მიერ სამხედრო კომისარიატებისა და Z სიმბოლოიანი ავტომობილებისათვის ცეცხლის წაკიდებას“.
პონომარიოვი 2014 წელს ყირიმის ანექსიის წინააღმდეგ გამოვიდა, რის შემდეგაც მან რუსეთი დატოვა. მან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და ამჟამად კიევში ცხოვრობს.
2022 წლის აგვისტოში მას დაუსწრებლად გამოუტანეს პატიმრობის განაჩენი, ოქტომბერში კი მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს. რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ პონომარიოვი „უცხოეთის აგენტების“ სიაში შეიყვანა, „როსფინმონიტორინგმა“ კი - ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში.
ასევე ნახეთ ფსბ-მ ყოფილი დეპუტატის, ილია პონომარიოვის წინააღმდეგ სახელმწიფო ღალატისა და ტერორიზმის ბრალდებით აღძრა საქმე ასევე ნახეთ კაცი, რომელიც პუტინის ძილის დაფრთხობას და რუსების გამოღვიძებას აპირებს - ინტერვიუ "რუსეთის მოღალატე" პონომარიოვთან