რუსეთმა იერიში მიიტანა სუმიზე: დაღუპულია ორი და დაშავებულია ოთხი ადამიანი

სუმიზე რუსეთის არმიის თავდასხმის შემდეგ. 8 სექტემბერი, 2024 წელი

რუსეთის არმიამ 8 სექტემბერის ღამეს საჰაერო იერიში მიიტანა უკრაინის ქალაქ სუმიზე, რის შედეგადაც დაიღუპა ორი მშვიდობიანი მოქალაქე, დაშავებულია ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვია, - იტყობინება რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია.

მისი ცნობით, დაზიანებულია კერძო სახლები და მანქანები.

ამას გარდა, რუსეთის საჰაერო დარტყმები განხორციელდადონეცკის რაიონში. ქალაქ ნიკოლაევკაში საჰაერო ბომბებმა სასტუმროს შენობა გაანადგურეს. მიმდინარეობს ნანგრევების გაწმენდა. სავარაუდოდ, ნანგრევებში სულ ცოტა, ორი ადამიანია მოყოლილი.

ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეჰ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ რუსეთის დაბომბვის შედეგად, დღე-ღამის განმავლობაში ორი ადამიანი დაიღუპა. თავის ტელეგრამ-არხზე სინეგუბოვმა დაწერა, რომ კვირას, ღამით, რუსეთის არმიამ დაბომბა კოვშაროვკის დასახლება კუპიანსკის რაიონში. იქ დაზიანდა ლიცეუმის შენობა და სკოლა, ასევე სასწრაფო დახმარების მანქანა. დაიღუპა 73 წლის ქალი. სტაროვეროვკაში, შევჩენკოვოს რაიონში, დაბომბვის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა 7 კერძო სახლს. სახლის ნანგრევებიდან ამოიტანეს 81 წლის ქალის ცხედარი, დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის ბავშვი, იტყობინება სინეგუბოვი.

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ 8 სექტემბერს, ღამით, რუსეთმა უკრაინას ოთხი Х-59-ის ტიპის რაკეტა და 20-ზე მეტი "შაჰედის" ტიპის დრონი დაუშინა. საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა ოდესის, ხარკოვის და დნეპროპეტროვის რეგიონებში. უწყების ცნობით, ჩამოგდებულია Х-59ის ტიპის ერთი მართვადი რაკეტა და თავდასხმის 15 უპილოტო საფრენი აპარატი. ამას გარდა, უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, უკრაინაზე თავდასხმისას, რუსეთის უპილოტო საფრენმა მოწყობილობებმა დაარღვიეს რუმინეთის საჰაერო სივრცე. დრონები, როგორც იტყობინებიან, შემჩნეული იყო საბანგიის რაიონში.

ასევე ნახეთ სუმის ოლქში ბავშვთა სახლი და სარეაბილიტაციო ცენტრი სარაკეტო თავდასხმის ქვეშ მოყვა