უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოხატა ღრმა შეშფოთება ცნობის გამო, რომელიც მედიამ გაავრცელა რუსეთისთვის ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების მიწოდების შესახებ და განაცხადა, რომ თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, მათ ექნებათ "დამანგრეველი შედეგები" უკრაინა-ირანის ურთიერთობებზე.
საგარეო საქმეთა სამინისტროს 7 სექტემბრის განცხადებაში უკრაინა მოუწოდებს ირანის ხელმძღვანელობას, თავი შეიკავოს რუსეთისთვის ნებისმიერი იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებისგან, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოებას „გაზარდოს ზეწოლა თეირანსა და მოსკოვზე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად“.
აშშ ასევე გამოეხმაურა ცნობებს ირანიდან რუსეთში ბალისტიკური რაკეტების შესაძლო მიწოდების შესახებ. ეროვნული უშიშროების საბჭომ განაცხადა, რომ რაკეტების შესაძლო გადაცემა რუსეთისთვის იქნება უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის „დრამატული ესკალაცია“.
მარტში "დიდი შვიდეულის" (G7-ის) სამიტზე მონაწილეებმა განაცხადეს, რომ თუ ირანი რუსეთს რაკეტებით მიაწოდებდა, დასავლეთი უპასუხებს ირანს "მნიშვნელოვანი ახალი ზომებით“.
საკუთარ წყაროებზე დაყრდნობითThe Wall Street Journal-ი და ტელეარხი CNN-ი იტყობინებიან, რომ ირანმა რუსეთს ახლო რადიუსის ბალისტიკური რაკეტები გადასცა.
ირანული რაკეტების რუსეთისთვის მიწოდების შესახებ წერდა ასევე სააგენტო Bloomberg-ი. უფრო ადრე, აშშ-სა და დასავლეთის სხვა ქვეყნების ოფიციალური წყაროები გაფრთხილებას გამოთქვამდნენ ირანის განზრახვის შესახებ რუსეთში რაკატების გაგზავნასთან დაკავშირებით. რაკეტების გადაცემის შესახებ მოსკოვთან შეთანხმების სისრულეში მოყვანისთვის მზადება დაახლოებით ერთი წელი გრძელდებოდა, ნათქვამია CNN-ის პუბლიკაციაში.
მიწოდების დაწყების ზუსტი თარიღის დასახელება ჯერჯერობით შეუძლებელია. მოსკოვის შეკვეთით რაკეტების გაგზავნის შესახებ ცნობები იმ დღეებში გაჩნდა, როცა რუსეთმა უკრაინული სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა გააძლიერა.
რუსეთმა ირანისგან მიიღო 200-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა, წერს The Times-ი. გამოცემა უკრაინის დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ეს არის "ფათჰ-ის" ტიპის რაკეტები.
ადრე ირანმა უკვე მიაწოდა რუსეთს ასობით დრონი, რომლებიც მოსკოვმა უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენა. ირანის ტექნიკური დახმარებით, რუსეთში მიმდინარეობს საწარმოო ობიექტების მშენებლობა ირანული დრონების წარმოებისთვის, აღნიშნავს CNN-ი. რუსეთის მოლაპარაკებები ირანთან მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების შესყიდვის შესახებ გასული წლის სექტემბერში დაიწყო. მალევე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი, სერგეი შოიგუ ირანში ჩავიდა და იქ გაეცნო ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სარაკეტო შეიარაღებას, კერძოდ კი - ბალისტიკურ რაკეტებს. მაშინ მოხდა რაკეტების პირველი ოფიციალური საჯარო დემონსტრაცია რუსეთის მაღალი თანამდებობის წარმომადგენლისთვის, რომელიც ოფიციალურად ეწვია ირანს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.
ირანი უარყოფს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას უკრაინაში ომის საწარმოებლად. ამის შესახებ ნათქვამია გაეროში ირანის მუდმივი წარმომადგენლობის განცხადებაში, რომელიც ჟურნალისტებს შორის გავრცელდა.
ასევე ნახეთ ირანმა თეირანში რუსეთის წარმომადგენელი დაიბარა სადავო კუნძულების შესახებ განცხადების გამო