ჭიათურის სოფელ შუქრუთის კოროხნალის მაღაროსთან ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარე აქციების მონაწილეები, შპს „მაღაროელში“ დასაქმებული მიწისქვეშა უბნის ცვლის უფროსი გიორგი ცარციძე, რკინიგზელი მალხაზ ლაბაძე და მებიგე (მუშა, რომელიც მაღაროს ჭერსა და კედლებს ბიგებით ამაგრებს.) რომან მეგრელიშვილი სამსახურიდან დაითხოვეს.
გათავისუფლებულებს 6 სექტემბერს ჩაბარდათ, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ქვეკონტრაქტორი შპს „მაღაროელის“ ბრძანება.
როგორც შპს „მაღაროელის“ დირექტორის ზურაბ ბაძგარაძის ბრძანებაში წერია, დასაქმებულმა "ჩაიდინეს ქმედება, რომელიც მიმართულია კომპანიის სამუშაო პროცესის შეფერხებისა და ზიანის მიყენებისთვის", რაც შრომითი ხელშეკრულებითა და შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევაა.
ასევე ნახეთ ჭიათურაში სამმა შუქრუთელმა ამოიკერა პირი - სხვებმა შიმშილობა დაიწყესსამსახურიდან გათავისუფლების მოტივი კატეგორიულად მიუღებელია რომან მეგრელიშვილისთვის, რომელიც კოროხნალის მაღაროში ორი წელია მუშაობს, მანამდე ის 19 წელი წიაღისეულის გადამზიდ საბარგო საბაგიროზე მუშაობდა. რომან მეგრელიშვილის თქმით, მარტიდან სოფელ შუქრუთში, შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროების პიკეტირების შემდეგ, სამუშაოდ დარკვეთის მაღაროში გადაიყვანეს. მეგრელიშვილი ამბობს, რომ კომპანიის წარმოამდგენელება მას პროტესტისთვის თავის დანებება არაერთხელ ურჩიეს, „თორემ პრობლემები შეგექმნებაო"
"რამდენიმე თვის წინ ცოლმა ოპერაცია გაიკეთა და კუთვნილი შვებულება ვითხოვე და არ მომცეს, არც უფასო შვებულებაში გამიშვეს. სამსახური მაინც არ გამიცდენია. ორი დღე ვმუშაობდი, ორი დღე ვისვენებდი, თავისუფალ დროს მივდიოდი აქციაზე“, - ამბობს რომან მეგრელიშვილი.
მისთვის გაუგებარია კომპანიის გადაწყვეტილება რადგან 2 და 3 სექტემბერს მუშაობდა და 7 სექტემბრიდან კუთვნილ შვებულებაში უნდა გასულიყო, რისთვისაც 5 სექტემბერს განცხადებაც დაწერა, თუმცა იმავე საღამოს დაურეკეს და გათავისუფლების შესახებ აცნობეს, ამასთან ბრძანება, რომელიც დღეს ჩაბარდა 2 სექტემბრითაა დათარიღებული.
როგორც რომან მეგრელიშვილი ამბობს, აქციების შესახებ კომპანიამ, მერიამ და პოლიციამ 10 დღით ადრე იცოდნენ.
„ჩვენ მივმართეთ განცხადებით და ჩვენი პროტესტი სამართლიანია. ჩვენ მხოლოდ კომპანსაციას არ ვითხოვთ, ვითხოვთ ქონების სამართლიან შეფასებას, ყოველ 6 თვეში ერთხელ, როგორც ეს იყო 2021 წლის ხელშეკრულებით კომპანიის მხრიდან ნაკისრი“.
როგორც შუქრუთის პროტესტის მონაწილე, გიორგი ნეფარიძე ამბობს, ორი თვის წინ სამსახურიდან იგივე მიზეზით გაათავისუფლეს ჯუმბერ ცუცქირიძე და გიორგი ბიწაძე.
„საპროტესტო აქციებში მონაწილე პირები ხელმძღვანელობამ დაიბარა და უთხრეს, რომ თუკი პროტესტს არ შეწყვეტდნენ, სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ, ამ ადამიანებს პროტესტი არ შეუწყვეტიათ და გაათავისუფლეს სამსახურიდან, როგორ გაბედეს და ხმა ამოიღეს თავიანთი სახლისა და ოჯახის დასაცავად კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის” წინააღმდეგ, ამ ხუთი ადამიანიდან ოთხს ჰყავს მცირეწლოვანი შვილები და მათი ერთადერთი შემოსავლის წყარო იყო, სადაც იყვნენ დასაქმებულები”, – ამბობს გიორგი ნეფარიძე.
რადიო თავისუფლებამ არაერთხელ სცადა შპს „მაღაროელთან“ დაკავშირება, თუმცა უშედეგოდ. ბოლო სატელეფონო საუბრისას კომპანიის წარმომადგენელი დაგვპირდა, რომ მარკეტინგის სამსახურის თანამშრომელი თავად დაგვიკავშირდებოდა. კომპანიისგან კომენტარის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
პიკეტირების მონაწილეთა ნაწილმა პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართა. 1 სექტემბერს სამმა მათგანმა პირი ამოიკერა, 3 სექტემბერს მათ მეოთხე შუქრუთელი შეუერთდა, ისინი პრობლემის მოსაგვარებლად ცენტრალური ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ.
შუქრუთელები ხელისუფლებისთვის ხმის მიწვდენის მიზნით, 24 აგვისტოს სოფელ ჭორვილაში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სახლთან აპირებდნენ აქციის გამართვას, აქციის მონაწილეებს სოფლის შესასვლელთან პოლიციის კორდონი და კაცები დახვდნენ, რომლებმაც უთხრეს, რომ ადგილობრივები არიან და ჭორვილაში აქციის გამართვის საშუალებას ვერ მისცემდნენ.
შუქრუთელებმა პროტესტის გაგრძელება ჭორვილაში, ივანიშვილის სახლთან მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც სასამართლომ მათ კოროხნალის მაღაროსთან პროტესტი აუკრძალა, თუმცა დღეს მათ ჭორვილაში აქციის გამართვის შესაძლებლობა არ მიეცათ.
ასევე ნახეთ აქციის მონაწილეები ჭორვილაში არ შეუშვეს - შუქრუთელები „ჯორჯიან მანგანეზისგან“ ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობის ნაწილი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მაღაროსთან კარავში ათენებს და აღამებს. მათ პიკეტირებული აქვთ მაღაროს შესასვლელი და 14 მარტის შემდეგ, წიაღისეულის მოპოვების შესაძლებლობას არ აძლევენ კომპანიას.
შუქრუთის ოც მკვიდრს, რომლებსაც მარტიდან კოროხნალის და შუქრუთის მაღაროს შესასვლელები აქვთ პიკეტირებული, საჩხერის რაიონულმა სასამართლომ პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა აუკრძალა. მოსამართლე ივანე ყიფიანის განჩინება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს. კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ექსკლუზიურმა კონტრაქტორმა კომპანია „მაღაროელმა“ იმ დაზარალებულების წინააღმდეგ, რომლებსაც 2017 წლიდან მადნის მოპოვების შედეგად სახლები ენგრევათ და ეზოებსა და ბაღ-ვენახებში მიწა ჩაექცათ, სასამართლოში სარჩელი შეიტანა. „მაღაროელი“ აქციაში მონაწილე შუქრუთელებს, ფინანსური ზიანის მიყენებაში ადანაშაულებს და 5 მილიონ-ნახევრაზე მეტი ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.
კოროხნალის და შუქრუთის მაღაროებთან სოფელ შუქრუთში მცხოვრები 35-მდე ოჯახის წევრები ხუთი თვეა აქციებს უწყვეტად მართავენ და მოითხოვენ იმ პირობების შესრულებას, რომლებიც 2021 წელს, ხანგრძლივი პროტესტის შემდეგ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ მიიღეს. აქციის სამ მონაწილეს, გიორგი ნეფარიძეს, რომან მეგრელიშვილის და მალხაზ ლაბაძეს, საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ივანე ყიფიანის გადაწყვეტილებით 5 აგვისტოს 1000 –1000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ პროკურატურის მოთხოვნით. საგამოძიებო ორგანო აქციის მონაწილეებს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებით საწარმოს მუშაობის შეფერხებას ედავება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.