იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ნიკოლოზ მარსაგიშვილს მხარი დაუჭირა. ბოლო ეტაპი საპარლამენტო სესიაზე კენჭისყრაა, რომელიც მომდევნო კვირაში გაიმართება.
პარლამენტში მხარდაჭერის მოპოვების მიუხედავად, მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილი უზენაეს სასამართლოში მუშაობის დაწყებას მომავალ წლამდე ვერ შეძლებს. ეს იმიტომ, რომ 28-ე ადგილი უზენაეს სასამართლოში ვაკანტური 2025 წლიდან გახდება. სწორედ ამ დროს ეწურება 10-წლიანი უფლებამოსილების ვადა მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილს.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გასიტაშვილის ადგილზე კონკურსი მოსამართლის ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე გამოაცხადა და ვაკანტურ ადგილს წინასწარ იკავებს.
ეს სისწრაფე "ქართულ ოცნებას" აძლევს ხელს - ის უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებას არჩევნებამდე დაასრულებს.
მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილი ნინო ბაქაქურთან ერთად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების იმ ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებიც სასამართლოში სისტემის პრობლემებზე საჯაროდ საუბრობენ. სწორედ გასიტაშვილი და ბაქაქური არ დაეთანხმნენ უზენაესი სასამართლოს პლენუმის განცხადებას ვეტინგის წინააღმდეგ. ამის გამო ისინი კოლეგა მოსამართლეების კრიტიკის სამიზნეებიც გახდნენ.
მოსამართლეები, ბაქაქური და გასიტაშვილი უვადოდ დანიშნულები არ არიან. ბაქაქურს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ზურაბ ძლიერიშვილთან ერთად 2024 წლის ოქტომბერში ამოეწურება. მათ ადგილზე უკვე შეარჩიეს ორი მოსამართლე: ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი.
საარჩევნო წელს, პარლამენტი ვალდებულია, საქმიანობა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე შეაჩეროს. პრეზიდენტმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს დანიშნა.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საშემოდგომო სესიის პირველსავე ბიუროს სხდომაზე თქვა, რომ ერთ-ერთი საკითხი, რომლის მიღებაც მე-10 მოწვევის პარლამენტის მუშაობის დასრულებამდე უნდა მოესწროს, ვაკანტურ თანამდებობაზე ნიკოლოზ მარსაგიშვილის გამწესებაა.
უზენაესი სასამართლო 28 მოსამართლისგან შედგება. ამ ინსტანციაში უკვე 27 უვადო მოსამართლეა და 27-ვე „ქართული ოცნების“ მიერ არის დანიშნული.
გასაუბრება ნიკოლოზ მარსაგიშვილთან?
კენჭისყრამდე იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრება გაიმართა. მასში არ მონაწილეობდა საპარლამენტო ოპოზიცია. პროფესიული წრეებიდან გასაუბრებას მხოლოდ ადვოკატთა ასოციაციის და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოსამართლეობის კანდიდატს პირველი კითხვა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა დაუსვა. მას აინტერესებდა, ყოფილა თუ არა შემთხვევა, როცა მარსაგიშვილის მიღებული გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ შეცვალა, ან თავად მიიღო მან უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილება.
ნიკოლოზ მარსაგიშვილმა ამის მაგალითად ოჯახში ძალადობის შესახებ საქმე მოიყვანა, რაზეც მის მიერ დაწერილი გამამართლებელი განაჩენი უზენაესმა სასამართლომ გამამტყუნებლით შეცვალა. მოსამართლეს საქმის შინაარსზე არ უსაუბრია.
„რა გამოწვევებია სასამართლოში?“ - იკითხა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა და დაამატა: „სასამართლოს ჯებირს მიღმა ნამყოფები არ არიან და თავისი მოსაზრება უთქვამთ სასამართლოზე, ახლა თქვენ გვითხარით რასთან გვაქვს საქმე“.
„მივხვდი, რაც იგულისხმეთ ამ კითხვაში“, - უპასუხა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა და გააგრძელა:
„მე მომსწრე ვარ, რომ სასამართლოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა წლებია ეტაპობრივად ხორციელდება, ამას თან სდევს არა მხოლოდ კრიტიკა, არამედ თავდასხმები მოსამართლეებზე. რა თქმა უნდა, მოსამართლე უნდა იყოს მედეგი და განყენებული უნდა იყოს საზოგადოების აზრისგან, მაგრამ არა იმ შემთხვევში, როცა პირად შეურაცხყოფას აყენებენ. საჯარო გამოსვლებისას თუ სოციალურ ქსელში. ესაა პრობლემები, რომელსაც ვუმკლავდებით და ვცდილობთ დავანახოთ საზოგადოებას, რომ სასამართლო ვითარდება და უკეთესი ხდება“.
მოსამართლეობის კანდიდატი ფიქრობს, რომ სასამართლოს ერთ-ერთი გამოწვევა ბევრი განუხილველი საქმეა, რასთან გამკლავებაც უჭირთ, მაგრამ, მისივე თქმით, მიმართვიანობის გაზრდილი სტატისტიკა „სასამართლოსადმი ნდობაზე მიანიშნებს“.
ნიკოლოზ მარსაგიშვილს კეთილსინდისიერების შემოწმებაზე ანუ „ვეტინგზეც“ ჰკითხეს აზრი. ამ საკითხზე მას უკვე აქვს საჯაროდ დაფიქსირებული პოზიცია, რომ არ ეთანხმება და არ აპირებს შემოწმების პროცესს დაექვემდებაროს. ის ფიქრობს, რომ „ვეტინგი“ კეთილსინდისიერებას ვერ შეამოწმებს და ის სხვა მიზნებს ემსახურება, ამასთან, მოსამართლეების ქონების შესახებ ინფორმაცია საჯარო და ხელმისაწვდომია.
„არავინაა წინააღმდეგი, მისი კეთილსინდისიერება ან ქონება შემოწმდეს, მაგრამ ვივარაუდე, რომ არ ხარ კეთილსინდისიერი და უნდა შეგამოწმო, ვინ უნდა შემამოწმოს? სახელმწიფომ, რომელიც პასუხისმგებელია სასამართლო სისტემის გამართულ მუშაობაზე, ეს მექანიზმი შექმნა, ჩვენ გვაქვს ანტიკორუფციული ბიურო. მე ნებაყოფლობით შემოწმებას არ დავთანხმდებოდი, თუმცა საზოგადოებისთვის ჩემი დეკლარაცია ყოველთვის ღიაა“, - თქვა მარსაგიშვილმა.
მნიშვნელოვანი ფაქტები ნიკოლოზ მარსაგიშვილის ბიოგრაფიიდან
ნიკოლოზ მარსაგიშვილი 2019 წლიდან უვადოდ დანიშნული მოსამართლეა და საერთო სასამართლოების სისტემაში ადმინისტრაციულ თანამდებობებს იკავებს. 2019-2020 წლებში საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო.
თავმჯდომარედ არჩევამდე ნიკოლოზ მარსაგიშვილი 2019 წელს გამოცხადებულ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კონკურსში მონაწილეობდა და მოხვდა იმ 50 კაცში, რომლებთანაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გასაუბრება გამართა, თუმცა პარლამენტისთვის წარსადგენ სიაში მოსახვედრად საჭირო მხარდაჭერა ვერ მიიღო.
რამდენიმე თვეში, 2020 წელს, მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად აირჩიეს და ამ თანამდებობას მეორე ვადით დღემდე იკავებს.
2008-2019 წლებში გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე იყო.
ნიკოლოზ მარსაგიშვილმა განიხილა პარლამენტის წევრის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას შვილის, ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმე, ერთი პოლიციელი უდანაშაულოდ ცნო, ორს კი პატიმრობა შეუფარდა.
21 წლის ბექა ხახუბია 2017 წლის მაისში დაიღუპა. მას საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე გვირაბთან, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაუმორჩილებლობის გამო სატვირთო ავტომანქანით გზა გადაუკეტეს, მაღალი სიჩქარით მიმავალი მისი მანქანა სატვირთოს შეეჯახა.
ნიკოლოზ მარსაგიშვილი იყო „ხორავას ქუჩის საქმეზე“, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფური მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას მოსამართლე. მან საბოლოო განაჩენი 2020 წლის 25 თებერვალს გამოუტანა, საპატიმრო სასჯელი - 11 წლითა და 3 თვით.
ადვოკატის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილი არ ასრულებდა მოსამართლის ვალდებულებას და თითქმის 8 საათის განმავლობაში არ უსმენდა მოწმეებს, ექსპერტებს, დაცვისა თუ ბრალდების მხარეებს;
„მოსამართლე როგორც დახურულ, ასევე ღია სასამართლო სხდომას, სავარაუდოდ, ასმენინებს სხდომის შედეგით დაინტერესებულ პირს - რაც სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს“, - უთხრა ზურაბ თოდუამ რადიო თავისუფლებას 2020 წლის 7 მაისს ინტერვიუში.
მარსაგიშვილს საქართველოს სხვადასხვა ოლქსა და რაიონში გამომძიებლად და შემდეგ, პროკურორად მუშაობის 9-წლიანი გამოცდილება აქვს.
უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი მარსაგიშვილი იმ მოსამართლეებს შორისაცაა, რომლებმაც აშშ-სგან სანქცირებულ კოლეგებს მხარდაჭერა გამოუცხადეს:
„მე ვფიქრობ, რომ უკეთესია, გარკვეული მტკიცებულებები გაჟღერდეს საჯაროდ და საზოგადოდ, რომ “აი, ამის გამო მივიღეთ ეს გადაწყვეტილება” და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილება ამ ინფორმაციას ემყარება კონკრეტულად“, - თქვა მარსაგიშვილმა 2023 წლის აპრილში.
2024 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მოსამართლე ფლობს 9 მიწის ნაკვეთს ყაზბეგსა და თბილისში, და ერთ საცხოვრებელ ბინას, გლდანში. გასულ წელს ბანკში ანაბარზე ინახავდა 10 368,31 აშშ დოლარს და 14 777,34 ლარს, ნაღდ ფულს კი - 6500 აშშ დოლარს. ერთ წელიწადში მისი ხელფასი 98 247 ლარი გამოვიდა.
მარსაგიშვილი პარლამენტს დასამტკიცებლად იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარუდგინა. მას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არა ნაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა სჭირდებოდა.
მარსაგიშვილთან ერთად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კონკურსში კიდევ ექვსი კანდიდატი მონაწილეობდა:
- ივერი აბაშიძე
- თამარ ალფაიძე
- ირაკლი ბონდარენკო
- არჩილ კოჭლამაზაშვილი
- შოთა ქადაგიძე
- მიხეილ ჯინჯოლია
მათგან ოთხი მოქმედი მოსამართლეა, სამი: ივერი აბაშიძე, ირაკლი ბონდარენკო, არჩილ კოჭლამაზაშვილი საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის წევრები არიან, რომელსაც მოსამართლე ლევან მურუსიძე თავმჯდომარეობს. ის ამ თანამდებობას მესამედ იკავებს.
2019, 2021 და 2024 წლები უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეების დანიშვნის სამ ციკლს ასახავს. 2019 წელს საქართველოს პარლამენტმა უვადოდ აირჩია უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე, 2021 წელს - 11, 2024 წელს კი - 3.