რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კომენტარი გააკეთა ცნობაზე იმის თაობაზე, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს უკრაინისთვის ჰაერი-მიწა ტიპის რაკეტა JASSM-ების გამოყენების უფლების მიცემას. რაკეტების მოქმედების რადიუსი 900 კილომეტრამდეა, მათ F-16 გამანადგურებლებიდან უშვებენ.
„მათ უნდა ესმოდეთ ჩვენი ‘წითელი ხაზების’ შესახებ. არ არის საჭირო ჩვენს ‘წითელ ხაზებზე’ ხუმრობა. და მათ მშვენივრად იციან, სად გადის ისინი,“ უთხრა ლავროვმა ვლადივოსტოკში მიცემულ ინტერვიუში სახელმწიფო ტელევიზიის ჟურნალისტ პაველ ზარუბინს.
ასევე ნახეთ “ეს კარგს არაფერს უქადის პუტინს“ - პოლკოვნიკი პიტერ ინგრამი უკრაინის ოპერაციაზე კურსკსა და ბელგოროდშიროგორც BBC შენიშნავს, სინამდვილეში რუსეთს საჯაროდ არ მოუნიშნავს „წითელი ხაზები“, რომელთა გადაკვეთა დასავლეთის ქვეყნებთან პირდაპირ სამხედრო კონფლიქტს გამოიწვევდა. ბევრი რამ, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ „რუსეთის წითელ ხაზებად“ მოიაზრებოდა, უკვე გადალახულია. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ის, რომ უკრაინა შეიჭრა რუსეთის კურსკის ოლქში, რაც დასავლეთში არ გაუპროტესტებიათ.
ინტერვიუში ლავროვი ასევე ლაპარაკობს იმაზე, რომ დასავლელი ლიდერები თვითონ იზღუდავენ თავს უკრაინის მხარდაჭერაში.
„ამერიკელები გასცდნენ ზღურბლს, რომელიც თვითონვე მოინიშნეს,“ თქვა მან. „მათზე ზეწოლას ახორციელებენ და [უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ] ზელენსკი, რა თქმა უნდა, ამას ხედავს და ამას იყენებს.“ დასძინა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ინტერვიუ სრული სახით კვირას გავა ეთერში.