პრეზიდენტი: "ქართულმა ოცნებამ" შეწყვიტა ოცნებად ყოფნა, ის კოშმარად იქცა

სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თბილისის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს, ელჩებს ორბელიანების სასახლეში შეხვდა.

სალომე ზურაბიშვილმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, მან ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა შეაფასა და თქვა, რომ წელს არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ გადამწყვეტი და საქართველოსთვის "ეგზისტენციალური მომენტია".

"დარწმუნებული არ ვარ, რომ ბოლო პერიოდში გვქონია ისეთი გადამწყვეტი მომენტები, როგორიც 26 ოქტომბერს გვექნება. საქართველო მართლაც გარდამტეხ მომენტშია. „ქართულმა ოცნებამ" შეწყვიტა ოცნებად ყოფნა, ის კოშმარად იქცა, რომელიც საქართველოს აშორებს იმას, რაც იყო მისი დიდი ხნის მიზანი და არა ოცნება. ეს არასდროს ყოფილა ოცნება. ეს იყო მიზანი, ეს იყო ამბიცია, ეს იყო მისწრაფება, არა მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, (30 წელზე მეტი ხნის წინ) არამედ საუკუნეების მანძილზე საქართველო ყოველთვის დასავლეთისკენ, ევროპისკენ ბრუნდებოდა და თავს ევროპულ ქვეყნად ხედავდა. ის ყოველთვის დასავლეთს უყურებდა, რადგან ყოველთვის სურდა დამოუკიდებელი ყოფილიყო იმპერიებისგან, განსაკუთრებით ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან. დღეს კი, რაც ხდება, საქართველოსთვის ტრაგედიაა", - თქვა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა "ტრაგედია" უწოდა იმას, რომ "ზოგი" საქართველოს პარტნიორებს "ომის პარტიას" უწოდებს და არაფერს ამბობს მეზობელ ქვეყანაზე, რომელსაც ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს.

"ქვეყანა, რომელიც დღესაა წარმოჩენილი, არ არის ქართული ქვეყანა, ეს რაღაც განსხვავებულია. ეს არის ქვეყანა, რომელიც მზად იქნება დაემორჩილოს ოკუპანტს, მზად იქნება დათმობაზე წავიდეს ოკუპანტთან, მზად იქნება ზურგი შეაქციოს მათ, ვინც მხარს უჭერდა საქართველოს და ქართულ სახელმწიფოს ამ წლების განმავლობაში და ნამდვილად, თქვენ ყველას თქვენი წვლილი გაქვთ შეტანილი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობაში. ჩვენ ვხედავთ ქვეყანას, სადაც თითქმის ყველა ინსტიტუტი დაცარიელდა შინაარსისა და დამოუკიდებლობისგან.

ერთი გადარჩა მეტ-ნაკლებად - პრეზიდენტის ინსტიტუტი, მაგრამ მასაც თავს დაესხნენ. ყველას გახსოვთ იმპიჩმენტის პროცედურა და ყველამ იცით, რომ რეალური ძალაუფლების კუთხით, გარდა სიტყვის ძალისა, პრეზიდენტის ინსტიტუტს თანდათან უარი უთხრეს თითქმის ყველა უფლებამოსილებაზე, რითაც შესაძლებელი იქნებოდა წინააღმდეგობის გაწევა იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მან, ასევე ისაუბრა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეზე, ბიძინა ივანიშვილზე და თქვა, რომ იგი პრაქტიკულად ომს უცხადებს ჯერ ჩვენს პარტნიორებს და მათ ომის პარტიებს უწოდებს, მაგრამ ასევე ომს უცხადებს საკუთარ მოსახლეობას, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ძალებს"

სალომე ზურაბიშვილის აზრით, ქართველი ხალხის, ქართველი ახალგაზრდობის შემდეგი ნაბიჯი ისაა, რომ მოსახლეობა უნდა გამოვიდეს და ყველაზე დემოკრატიული მეთოდით, არჩევნებით დააფიქსიროს აზრი, რაც იქნება "გზა საქართველოს სტაბილურობისაკენ".

ასევე ნახეთ “ყველაფერი ამოყირავდა“ - თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოზე მსჯელობენ

“2024: გარდამტეხი წელი“ - ამ სახელით გაიხსნა 2 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო რუმსში, თბილისის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდნენ ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, დიპლომატები, მკვლევრები და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კონფერენციას ესწრებოდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იქ აღარ არიან.

თბილისის საერთაშორისო კონფერენცია ორ დღეს გაგრძელდება და სამშაბათს, სამ სექტემბერს დაიხურება აშშ-ის არჩევნებისადმი მიძღვნილი სესიით.