ე.წ. აგენტების კანონის საქმის განმწესრიგებელი სხდომის მესამე დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელე და მოპასუხე მხარეები მოსამართლეების შეკითხვებს პასუხობენ.
მოსამართლე ევა გოცირიძე დაინტერესდა „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა“ რეესტრის სახელწოდებით, რომელში დარეგისტრირების ვალდებულებას ითვალისწინებს ე.წ. აგენტების კანონი. გოცირიძემ სასამართლო პროცესზე პარლამენტის წარმომადგენლებს ჰკითხა, ორგანიზაციისთვის დაფინანსების 20%-ის უცხოური დონორებისგან მიღება აუცილებლად ნიშნავს თუ არა უცხო ძალის ინტერესების გატარებას.
„ამ ორგანიზაციებს ყველაზე მეტად აწუხებთ დასახელება, რომელსაც ჰქვია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“, ეს შინაარსი ეფუძნება იმას, რომ ისინი იღებენ გარკვეული რაოდენობით, ფინანსურ დახმარებას. ჩემი შეკითხვა მდგომარეობს იმაში, რომ ვინმეს დაფინანსების, მათ შორის, უცხოური დაფინანსების მიღება, წარმოშობს თუ არა ისეთ ძლიერ პრეზუმფციას, რომ ჩვენ ვიგულოთ, რომ უკლებლივ ყველა შემთხვევაში ეს გულისხმობს დონორი ორგანიზაციის ინტერესების გატარებას. თუ ხშირ შემთხვევაში შეიძლება ასე იყოს, გამონაკლისები არ არის? მაშინ ეს გამონაკლისები რატომ არ არის გათვალისწინებული ასეთი შემთხვევებისთვის? მაგალითად, ზოგიერთ მსგავს კანონში აუცილებელი კომპონენტი იმისათვის, რომ ვინმე იყოს სხვისი ინტერესების გამტარებელი, იყო შემოტანილი დამატებითი კრიტერიუმები: მაგალითად, არსებობს სუბორდინაციული დამოკიდებულება დონორსა და ორგანიზაციას შორის, ვინც იღებს დაფინანსებას, ან პირდაპირ ასრულებს ბრძანებას, რეკომენდაციას. ან შეიძლება, უსიტყვო შეთანხმებაც იყოს და იყოს ასეთი უცნაური დამოკიდებულება; ან მოლოდინი, რომ ეს ორგანიზაცია მის ინტერესებს გაატარებს. ასეთი შინაარსი რატომ არ ჩადეთ? - აღნიშნა ევა გოცირიძემ და პარლამენტის წარმომადგენელს მიმართა, - თუ მიგაჩნიათ, რომ ვინც იხდის, ის უკვეთს მუსიკას და უნდა შესრულდეს აუცილებლად, ამას წყალი არ გაუვა... ძალიან ბევრჯერ ითქვა საჯარო სივრცეში, რომ ეს უცხოური ძალის ინტერესები შეიძლება ემთხვეოდეს ეროვნულ ინტერესებს და ორგანიზაცია თავის წარმოდგენაში გულწრფელად, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე საქმიანობდეს... რამდენად სამართლიანია, რომ ორგანიზაციას, რომელიც, ვთქვათ, 80%-ით ეროვნული ინტერესებით საქმიანობს და 20%-ით კი მისი დონორის ინტერესები ემთხვევა ეროვნულს, მაინც ერქვას „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“.
ასევე ნახეთ ენათმეცნიერ მარინა ბერიძის განმარტებით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელს“ მხოლოდ უარყოფითი დამოკიდებულება აქვსპარლამენტის წარმომადგენლებმა მოსამართლეს უპასუხეს, რომ თანხის გადარიცხვას აუცილებლად მოჰყვება გარკვეული ინტერესები.
„ჩვენ ვაცხადებთ, რომ ეს ტერმინი [„უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“] არის ნეიტრალური და ფაქტის დადასტურებას ნიშნავს. როდესაც ხდება თანხის გადარიცხვა, მას ყოველთვის მიჰყვება გარკვეული ინტერესი, დადებითი ან უარყოფითი... თავად ეს ინტერესი იმ ურთიერთობისა და შინაარსიდან უნდა გამოვლინდეს, რასაც მოჰყვა დაფინანსება... რეესტრის ბუნება უზრუნველყოფს, რომ საზოგადოებამ გაარკვიოს, ეს ინტერესი კეთილშობილური იყო თუ არაკეთილშობილური... ეს იყო სახელმწიფოსთან თანხვედრაში მყოფი ინტერესი თუ მის წინააღმდეგ იყო მიმართული“, - განმარტა პარლამენტის წარმომადგენელმა.
მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშმა დააზუსტა: „თუ ორგანიზაცია საქმიანობს და კანონს არ არღვევს, იქ როგორ უნდა დადგინდეს, ატარებს თუ არა სახელმწიფოს ინტერესებს... კითხვა იყო ის, რომ თუ ორგანიზაცია 20%-ით ფინანსდება უცხოეთიდან და 80%-ით საქართველოდან, რატომ გადაწონის, მაგალითად, 20%“.
ტუღუშის საპასუხოდ კი პარლამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ამ სტატუსს არ ჰქვია უცხოური ძალის უპირატესი ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია, არამედ - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. პარლამენტის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ლევან ღავთაძემ დაამატა, რომ კანონი არ ამბობს, კონკრეტული ორგანიზაციის საქმიანობა კარგია, ცუდი, კეთილშობილურია თუ არა.
საუბარში ჩაერთო მოსამართლე მანანა კობახიძე და აღნიშნა, რომ კვლევის გამოსაცემად მასაც აუღია გერმანული ფონდის, GIZ-ის დაფინანსება.
„კვლევა როდესაც დაუფინანსებია GIZ-ს, პირადად ჩემთვისაც დაუფინანსებია, როდესაც ვმუშაობდი არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლში“, მაგრამ მასში ვუთითებდით, რომ კვლევა არ გამოხატავდა GIZ-ის ინტერესებს და ვმუშაობდით სრულიად დამოუკიდებლად“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ ოთხ სარჩელს განიხილავენ:
- პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კანონის სხვადასხვა მუხლი არღვევს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას; პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას; ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების უფლებას; მთლიანი კანონი კი ეწინააღმდეგება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე ჩანაწერს.
- 122 მოსარჩელე, რომელთა შორისაც არიან არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, აცხადებს, რომ კანონის სხვადასხვა მუხლი არღვევს ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების უფლებას და ეწინააღმდეგება გაერთიანებების შექმნის შესახებ კონსტიტუციურ ჩანაწერს.
- 38 ოპოზიციონერი დეპუტატი ასაჩივრებს კანონის რამდენიმე მუხლს, რადგან მიაჩნია, რომ ირღვევა გაერთიანების შექმნის უფლება. მათ ასევე მიაჩნიათ, რომ მთლიანად კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე საკონსტიტუციო ჩანაწერს.
- ორი მედიაორგანიზაცია - „სტუდია მონიტორი“ და „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ („მთის ამბები“, „რეგ ინფო“, „საქართველოს ამბები“) - მიიჩნევს, რომ კანონის სხვადასხვა მუხლი არღვევს თანასწორობის უფლებას; ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების უფლებასა და გაერთიანების შექმნის უფლებას.
კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების განხილვა 29 აგვისტოს დაიწყო.
მოსამართლეებმა, პირველ რიგში, უნდა გადაწყვიტონ, შეაჩერებენ თუ არა კანონის მოქმედებას საკითხის განხილვის დასრულებამდე.
კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტეს ევროკავშირმა და აშშ-მ. აშშ-მ განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლებაც. საქართველოს პარტნიორები აცხადებენ, რომ „აგენტების კანონი“ ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას.
ე.წ. აგენტების კანონის თანახმად, ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, 2 სექტემბრამდე უნდა დარეგისტრირდნენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“.
საქართველოში მოქმედმა აქტიურმა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა ჯერ კიდევ კანონპროექტის განხილვის დროს განაცხადეს, რომ არ დარეგისტრირდებიან „ღირსების შემლახავ რეესტრში“. საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველი ოთხი სარჩელიდან ერთის ავტორი, სწორედ, 122 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციაა.
თუ მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ორგანიზაცია აკმაყოფილებს კანონით „კრიტერიუმებს“, მაგრამ მან „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო მას რეესტრში თავად არეგისტრირებს.
აღმოჩენილ და დაურეგისტრირებელ „უცხოური ინტერესის გამტარებელს“ 25 000 ლარითაც დააჯარიმებენ.