ვიდეოში, რომელიც მოძრაობის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა, "სირცხვილიას" წევრები გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობენ და განმარტავენ, რომ ისინი ამ ფორმით გააგრძელებენ სამომავლო საქმიანობას.
„სირცხვილიას“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მჟავანაძე ამბობს, რომ ვინაიდან კანონის ახალი რედაქციით "აგენტის" სტატუსი კანონში გათვალისწინებული არ არის, ამიტომ მისივე აზრით, რეგისტრაცია ან არრეგისტრაცია არ განაპირობებს აგენტის სტატუსს მიიღებს თუ არა ორგანიზაცია:
"ეს უკვე დამოკიდებულია ხელისუფლების პროპაგანდაზე, ყველა, მიუხედავად იმისა, გაივლის თუ არა რეგისტრაციას და ვინ უარს იტყვის მასზე, ისედაც ხელისუფლებისთვის ყველა აგენტი იყო და ასე იქნება შემდეგშიც".
როგორც ის განმარტავს, რეგისტრაცია გადაწყვიტეს, რადგან ორგანიზაცია შენარჩუნებულიყო და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მზად დახვედროდნენ, ასევე არ გადაეხადათ ჯარიმები ხელისუფლების სასარგებლოდ:
"მიუხედავად იმისა, ორგანიზაციები დარეგისტრირდებიან თუ არა, ხელისუფლება იტოვებს უფლებას, იძულებით დაარეგისტრიროს რეესტრში".
"სირცხვილიას" წევრის, დაჩი იმედაძის თქმით, ხელისუფლება ორგანიზაციის დისკრედიტაციას წარსულშიც ეწეოდა, შესაბამისად, მათი აზრით, რეპუტაციული ზიანი უკვე მიღებულია.
"არაერთხელ დაუძახიათ ჩვენთვის აგენტი, ანტიტრადიციონალისტები და სახელმწიფოს მოწინააღმდეგეები. რეალურად, ჩემთვის, როგორც აქტივისტისთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ თუკი რამე ზიანი შეიძლება მოეტანა ამ იარლიყების მიწებებას, ეს ზიანი მოტანილია", - ამბობს დაჩი იმედაძე.
"სირცხვილიას" წევრის, მარიამ დოლიძის თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე მათ განიხილეს სხვადასხვა ვერსია და "ცუდი ვარიანტებიდან ვეცადეთ, აგვერჩია ნაკლებად ცუდი".
"ეს გადაწყვეტილება არ იყო ჩვენთვის მარტივი. არ მიგვიღია ცხელ გულზე, ცივი გონებით გადავწყვიტეთ. ყველა დეტალი იურისტთან გავიარეთ, ვნახეთ, რა გზები არსებობდა და არცერთი არ იყო ჩვენთვის მისაღები".
საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას.
კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტეს ევროკავშირმა და აშშ-მ. აშშ-მ განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლებაც.
ასევე ნახეთ აშშ საქართველოს მთავრობას უჩერებს 95 მილიონ დოლარზე მეტის დახმარებას ასევე ნახეთ „იქნება სხვა ნაბიჯებიც“ - ევროკავშირმა საქართველოს 30 მილიონი ევროს დახმარება შეუჩერა„აგენტების კანონის“ გასაუქმებლად საკონსტიტუციო სასამართლოში 4 სარჩელია შესული: ერთი პრეზიდენტის, მეორე იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების, რომლებსაც ეს კანონი ეხებათ, მესამე ოპოზიციური პარტიების, მეოთხე კი მედიის.
1 აგვისტოს კი გამოქვეყნდა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ“ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესები.
ასევე ნახეთ ბრძანება #1019 - ცნობილია, როგორ დაარეგისტრირებენ ორგანიზაციებს „აგენტების რეესტრში"