გერმანიამ 30 აგვისტოს, ავღანეთის მოქალაქეების ჯგუფის სამშობლოში დეპორტაცია მოახდინა. გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შტეფენ ჰებეშტრაიტმა დაადასტურა, რომ კომპანია Qatar Airways-ის თვითმფრინავი, რომელშიც გერმანიაში მსჯავრდადებული 28 ავღანელი იმყოფებოდა, ლაიფციგი/ჰალეს აეროპორტიდან ქაბულის მიმართულებით გაფრინდა. ეს პირველად მოხდა, სამი წლის წინ რადიკალური ისლამისტური თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.
სამშობლოში დეპორტირებული ავღანელები სასჯელს გერმანიის საპატიმროებში იხდიდნენ. დეპორტაცია ორი თვის განმავლობაში მზადდებოდა კანცლერის ადმინისტრაციისა და სპეცსამსახურების მიერ.
ჰებერშტრაიტმა და საქსონიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადეს, რომ საუბარია მსჯავრდადებულ დამნაშავეებზე, რომლებსაც არ ჰქონდათ გერმანიაში დარჩენის უფლება. მათ შორის იყვნენ ასევე ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირებში ეჭვმიტანილები, აღნიშნეს სამართალდამცავ ორგანოებში.
სპეცსამსახურები ითვალისწინებენ იმას, რომ ამ 28 ავღანელს შორის არის რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც საფრთხის წყაროდ მიიჩნევენ.
გაფრენის წინ თითოეულმა დეპორტირებულმა ათასი ევრო მიიღო. თვითმფრინავში იმყოფებოდა ექიმი.
ზოლინგენში ამას წინათ განხორციელებული ტერაქტის შემდეგ, რომელსაც სამი ადამიანი ემსხვერპლა, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ განახლდა მსჯავრდადებულთა და ტერორიზმში ეჭვმიტანილთა დეპორტაცია ავღანეთში და სირიაში.
აქამდე ამის წინააღმდეგ გამოვიდა პარტია "90-იანების კავშირი/მწვანეები" და მისი წევრი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი. თუმცა, ამჟამინდელ დეპორტაციამდე ცოტა ხნით ადრე მან ტელერადიოკომპანია rbb-ს განუცხადა, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში, მსგავსი დეპორტაციები შესაძლებელია და (ისინი) განხორციელდება.
ასევე ნახეთ გერმანიის ქალაქ ზოლინგენში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა "ისლამურმა სახელმწიფომ"