საპატრიარქოში სასულიერო პირებმა განიხილეს მმართველი პარტიის იდეა, რომელიც უკავშირდება მართლმადიდებლობის როლს საქართველოში.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, რომელმაც შეხვედრა ადრე დატოვა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეხვედრაზე შეკრებილებს გააცნეს პატრიარქის სურვილი - მას საკითხის დაჩქარებულად განხილვა არ სურს.
„მე მადლობა გადავუხადე მოწვევისთვის, დაძახებისთვის კონსულტაციებზე, ჩემი აზრი ვთქვი, რა თქმა უნდა. მინდა ხაზგასმით გითხრათ, პატრიარქის სურვილი ითქვა, აღინიშნა მოსაყდრის მიერ, რომ მისი უწმინდესობის სურვილია, რომ ეს საკითხი ასე დაჩქარებულად არ იქნას განხილული. აქ საუბარია სახელმწიფოს მიერ გაცხადებულ და გამოხატულ ნებაზე, კეთილ ნებაზე. ამის უკან სპეკულაციები, კარგია? ცუდია? ამას სჭირდება სერიოზული განხილვა, ანალიზი, სპეციალისტების შეხვედრები... დღეს საუბარი არ არის გადაწყვეტილების მიღებაზე. უბრალოდ, რისი სურვილიც აქვს მთავრობას, ის ეკლესიას სთავაზობს ამას, რომ მანამდე კონსულტაცია გაიმართოს“, - თქვა მიტროპოლიტმა.
შეხვედრის შემდეგ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო რელიგიის გამოცხადების თემა არ განიხილება. „ახლა არაფერზე შევთანხმებულვართ, იქნება მსჯელობა შემდეგში - იმის შესახებ, რომ რელიგიის საკითხი უფრო აღმატებულ ხარისხში იყოს წარმოჩენილი“, - განაცხადა მან.
დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, რომელიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელია, თქვა, რომ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შეთავაზება იყო. მან დააზუსტა, რომ „ეს გულისხმობდა თავის შინაარსში ეკლესიის როლის გაზრდას და საკონსტიტუციო ჩანაწერით ამის გამყარებას. ამ შინაარსზე ჩვენ ვთანხმდებით, ოღონდ რა ფორმულირების იქნება ეს, ამაზე ისევ მიდის მსჯელობა, ერთმნიშვნელოვნად არ იქნება ეს სახელმწიფო რელიგიის გამოცხადების ფორმა“.
ასევე ნახეთ „ვინც არ უნდა შეფუთოს სხვანაირად, წინასაარჩევნო შემოთავაზებაა“ - მიტროპოლიტი „ოცნების“ წინადადებაზე ასევე ნახეთ „ეს ეკლესიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იქნება“ - წინასაარჩევნო საუბრები სახელმწიფო რელიგიაზე25 აგვისტოს ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურში ამომრჩევლებთან შეხვედრისას გაიმეორა სამი დაპირება, რომლებსაც „ქართული ოცნება“ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში შეასრულებს და თქვა, რომ არსებობს მეოთხეც, „ჩვენი ქვეყნისა და სარწმუნოებისათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის თაობაზეც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და უახლოეს პერიოდში საზოგადოებას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების თაობაზე ვაცნობებთ“.
სარწმუნოების ხსენებამ გააძლიერა ეჭვი (რომელიც მედიას და ექსპერტებს გაუჩნდათ), რომ საუბარია მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების იდეაზე.
27 აგვისტოს ეს ცნობა ირიბად დაადასტურა საპატრიარქოს პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.
„ეს არის ძალიან კორექტული, ძალიან მშვიდი და არგუმენტირებული საუბარი იმასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება სამართლებრივ მოდელებს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის“, - თქვა მან და დასძინა, რომ „არავითარი საფუძველი არ არის, რომ ის სამართლებრივი მოდელი, რაც დღეს არსებობს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, შეიცვალოს“.
28 აგვისტოს კი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ აღარ დამალა, რომ ხელისუფლებამ საპატრიარქოს მსგავსი რამ მართლაც შესთავაზა, რასაც მან „თავაზიანობის აქტი“ უწოდა და დაამატა, რომ ინიციატივის ზუსტ ფორმულირებასთან დაკავშირებით მსჯელობა გრძელდება.