„ქართული ოცნების“ ინიციატივის შესახებ ილაპარაკა ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ. მან მმართველი პარტიის წინადადება წინასაარჩევნო შემოთავაზებად შეაფასა და ოპოზიციურ პარტიებსაც ანალოგიური ნაბიჯის გადადგმისკენ მიუთითა.
„ვინც არ უნდა დამალოს, ვინც არ უნდა შეფუთოს სხვანაირად, წინასაარჩევნო შემოთავაზებაა, ორი აზრი არ არის, რა თქმა უნდა. მოსყიდვის [მცდელობა] არა, სხვანაირად, რომ ვთქვათ, უფრო კეთილად, რომ ვილაპარაკოთ, ეს არის, რაღაც წინასაარჩევნო პროგრამა. ეს არის გადმოდგმული ნაბიჯი მართლმადიდებელი ეკლესიისა და მრევლისაკენ, თავიდან ცოტა ეს ნაბიჯი არ იყო კარგად მოფიქრებული, ახლა ცოტა გამოსწორდა სიტუაცია.
რა თქმა უნდა, ეს შემოთავაზება მოიგებს ადამიანების გულს. მაგალითად, მე რა შევთავაზე ჩვენი სინოდის გუნდს, არ ვიცი უნდა განვაცხადო თუ ჩავწერო: ეს არ ზღუდავს სხვა პარტიებს, ოპოზიციურ პარტიებს მათაც გადადგან რაღაც ნაბიჯები, ეცადონ ე.ი. ადამიანების გულის მოგებას“, - უთხრა მიტროპოლიტმა ჟურნალისტებს.
დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, რომელიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელია, თქვა, რომ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შეთავაზება იყო. მან დააზუსტა, რომ „ეს გულისხმობდა თავის შინაარსში ეკლესიის როლის გაზრდას და საკონსტიტუციო ჩანაწერით ამის გამყარებას. ამ შინაარსზე ჩვენ ვთანხმდებით, ოღონდ რა ფორმულირების იქნება ეს, ამაზე ისევ მიდის მსჯელობა, ერთმნიშვნელოვნად არ იქნება ეს სახელმწიფო რელიგიის გამოცხადების ფორმა“.
25 აგვისტოს ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურში ამომრჩევლებთან შეხვედრისას გაიმეორა სამი დაპირება, რომლებსაც „ქართული ოცნება“ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში შეასრულებს და თქვა, რომ არსებობს მეოთხეც, „ჩვენი ქვეყნისა და სარწმუნოებისათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის თაობაზეც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და უახლოეს პერიოდში საზოგადოებას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების თაობაზე ვაცნობებთ“.
სარწმუნოების ხსენებამ გააძლიერა ეჭვი (რომელიც მედიას და ექსპერტებს გაუჩნდათ), რომ საუბარია მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების იდეაზე.
27 აგვისტოს ეს ცნობა ირიბად დაადასტურა საპატრიარქოს პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.
„ეს არის ძალიან კორექტული, ძალიან მშვიდი და არგუმენტირებული საუბარი იმასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება სამართლებრივ მოდელებს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის“, - თქვა მან და დასძინა, რომ „არავითარი საფუძველი არ არის, რომ ის სამართლებრივი მოდელი, რაც დღეს არსებობს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, შეიცვალოს“.
28 აგვისტოს კი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ აღარ დამალა, რომ ხელისუფლებამ საპატრიარქოს მსგავსი რამ მართლაც შესთავაზა, რასაც მან „თავაზიანობის აქტი“ უწოდა და დაამატა, რომ ინიციატივის ზუსტ ფორმულირებასთან დაკავშირებით მსჯელობა გრძელდება.
ფორუმი