ჩეჩნეთის მეთაურის ვაჟი, 17 წლის ელი კადიროვი (მას ასევე ჰქვია ალი და ზელიმხანი), დაჯილდოვდა მედლით "ჩეჩნეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის". „კავკაზ.რეალიის“ ცნობით, შესაბამის განკარგულებას ხელი რამზან კადიროვმა მოაწერა.
ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარის, მაგომედ დაუდოვის თქმით, ელი კადიროვს ჯილდო გადაეცა "ჩეჩნეთის რესპუბლიკის წინაშე პირადი დამსახურებისთვის, რომელიც დაკავშირებულია ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარებასთან." ოფიციალურმა პირმა ელი კადიროვს უწოდა „მრავალმხრივი, განსაკუთრებულად წესიერი და პასუხისმგებლობიანი ადამიანი."
2024 წლის მარტში, ელი კადიროვი გახდა რესპუბლიკის კრივის ფედერაციის პრეზიდენტი და სპორტულ კლუბ „ახმატის“ აღმასრულებელი დირექტორი. მაგრამ არ არის ცნობილი, რით არის დაკავებული კადიროვის ვაჟი ამ პოზიციებზე.
ასაკის მიუხედავად, ელი კადიროვი მანამდეც არაერთხელაა დაჯილდოებული. 2023 წლის მარტში მას გადაეცა ორდენი "ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თავის გამოჩენისთვის“, ხოლო ნოემბერში ელი კადიროვი და მისი ორი ძმა, ახმატი და ადამი, დაჯილდოვდნენ რეგიონის პარლამენტის უმაღლესი ორდენით "დაიმეჰკან სიი" ("სამშობლოს პატივი").
2022 წელს ჩეჩნეთში, ქალაქ ქურჩალოეში, გაიხსნა საბიუჯეტო სახსრებით აშენებული, ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომპლექსი, რომელსაც რამზან კადიროვის 15 წლის ვაჟის, ელი კადიროვის სახელი მიენიჭა.
ასევე ნახეთ რამზანოვიჩი პუტინთან კრემლში - საქორწილო საჩუქარი თუ მემკვიდრედ აღიარება? ასევე ნახეთ კადიროვის შვილები დუბაიში მიმდინარე კლიმატის სამიტში მონაწილეობენ - ისინი არიან რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში