ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის შვილები რუსეთის სამთავრობო დელეგაციის სიით მოხვდნენ გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე სამიტზე, რომელიც დუბაიში 30 ნოემბრიდან 12 დეკემბრამდე მიმდინარეობს. ამის შესახებ „კავკაზ.რეალიი“ იუწყება.
კერძოდ, დელეგატთა შორის აღმოჩნდნენ 17 წლის ახმატი და 23 წლის ხატიჟატი. ხატიჟატ კადიროვას სამიტში მონაწილეობაზე განაცხადეს ჩეჩნურმა გამოცემებმა და გროზნოს სკოლამდელი განათლების დეპარტამენტმაც, რომელსაც ის ხელმძღვანელობს. სამიტის ფარგლებში ხადიჟატი გეგმავს ორმხრივ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს.
ჩეჩნეთის ხელმძღვანელის ქალიშვილი უკვე შეხვდა პალესტინის გარემოსდაცვითი უწყების ხელმძღვანელს, ნიზრინ ტამიმს და სირიის გარემოს დაცვის მინისტრს, ჰუსეინ მახლუფს, აღნიშნავს გაზეთი, რომლის თანახმად, ხატიჟატ კადიროვა მათ "ჰუმანიტარული მოქმედების მნიშვნელობაზე" ესაუბრა. ხატიჟატის მეუღლე ადამ ალხანოვი, რამზან კადიროვის ბრძანებით, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან ჯანდაცვის რესპუბლიკურ სამინისტროს ხელმძღვანელობს.
რამზან კადიროვის უმცროსი ვაჟი, 17 წლის ახმატ კადიროვი, სამიტის რეგისტრირებულ მონაწილეთა სიაში შეყვანილია, როგორც „სრულიად რუსული საზოგადოებრივი და სახელმწიფო მოძრაობის რეგიონული ფილიალის საბჭოს თავმჯდომარე". გასული წლის შემოდგომაზე, მაშინ 16 წლის ახმატი, დაინიშნა სრულიად ჩეჩნეთის ბავშვთა და ახალგაზრდულ ორგანიზაციათა და კრემლის მომხრე ახალგაზრდული ასოციაცია "მოძრაობა პირველის" ადგილობრივი ფილიალის თავმჯდომარედ.
ამ თანამდებობის შესაბამისად, იგი ღაზის სექტორის მაცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნაში მონაწილეობდა.
2023 წლის დასაწყისიდან, რამზან კადიროვის მძიმე ავადმყოფობის შესახებ გავრცელებული ცნობების პარალელურად, დაიწყო მისი ქალიშვილებისა და ვაჟების უფრო აქტიური მონაწილეობა ჩეჩნეთის ცხოვრებაში.