ცნობილია, ვინ იმუშავებს „აგენტების კანონის“ აღსრულებაზე

სანდრო კირვალიძე (მარცხნივ), თინათინ ღუღუნიშვილი და ირაკლი კერვალიშვილი

საჯარო რეესტრში შექმნილი ახალი, ფინანსური დეკლარაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირების ვინაობა ცნობილია. ესაა დეპარტამენტი, რომელსაც იუსტიციის მინისტრმა „აგენტების კანონის“ აღსრულება დაავალა.

სამივე მათგანს საჯარო რეესტრში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს:

  • დეპარტამენტის უფროსი - სანდრო კირვალიძე (2015 წლიდან მუშაობს საჯარო რეესტრში, მანამდე კი იყო იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის თანამშრომელი);
  • რეგისტრაციის სამსახურის უფროსი - თინათინ ღუღუნიშვილი (2018 წლიდან მუშაობს საჯარო რეესტრში, მანამდე იყო სტაჟიორი სააპელაციო სასამართლოში);
  • მონიტორინგის სამსახურის უფროსი - ირაკლი კერვალიშვილი (2014 წლიდან მუშაობს საჯარო რეესტრში, სხვა სამსახურში არ უმუშავია).

სანდრო კირვალიძე, რომელიც დეპარტამენტის ხელმძღვანელია, 2015 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 14 აგვისტომდე არასამთავრობო ორგანიზაციის, „ასოციაცია საქართველოს აზერბაიჯანთა კავშირი რეფორმების და განვითარების ხელშეწყობისათვის“ გამგეობის წევრი იყო. ექვსი დღის წინ მან საჯარო რეესტრს ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრობის შეჩერების თხოვნით მიმართა.

„[ორგანიზაცია] აღარ ფუნქციონირებს და მე აღარ ვიღებ მონაწილეობას ამ ორგანიზაციის მართვასა და საქმიანობაში. გთხოვთ, შემიწყვიტოთ აღნიშნული ორგანიზაციის გამგეობის წევრობა“, - წერდა ის რეესტრს 14 აგვისტოს.

სანდრო კირვალიძის წერილი

საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას.

ასევე ნახეთ იუსტიციის სამინისტრომ აამოქმედა „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრის“ ვებგვერდი

კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტეს ევროკავშირმა და აშშ-მ. აშშ-მ განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლებაც. საქართველოს პარტნიორები აცხადებენ, რომ „აგენტების კანონი“ ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას.

„აგენტების კანონის“ გასაუქმებლად საკონსტიტუციო სასამართლოში ოთხი სარჩელია შესული: პრეზიდენტის, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებისა და ოპოზიციონერი პარლამენტარების.

ასევე ნახეთ ბრძანება #1019 - ცნობილია, როგორ დაარეგისტრირებენ ორგანიზაციებს „აგენტების რეესტრში"