უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავისი ქვეყნის მოკავშირეებს კვლავ სთხოვს უფლებას, გრძელი რადიუსის იარაღი გამოყენებულ იქნეს რუსეთის სიღრმეში განთავსებულ სამიზნეებზე.
"უკრაინას ფრონტის ხაზზე რუსეთის არმიის წინსვლის შეჩერებისგან აშორებს მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენი პარტნიორებისგან ველით - გადაწყვეტილება გრძელი რადიუსის შესაძლებლობების შესახებ", - თქვა ზელენსკიმ უკრაინის ელჩებთან გამართულ შეხვედრაზე 19 აგვისტოს.
აშშ-ს და უკრაინის სხვა მოკავშირეებს შეზღუდვები აქვთ დაწესებული ამ ტიპის იარაღის გამოყენებაზე, ომის ესკალაციის თაობაზე არსებული შიშების გამო.
ზელენსკიმ დიპლომატებს ასევე უთხრა, რომ უკრაინის ძალებმა კონტროლი დაამყარეს რუსეთის კურსკის რეგიონის 92 დასახლებაზე და აკონტროლებენ მტრის ტერიტორიის 1250 კვადრატულ კილომეტრზე მეტს.
მანამდე, 19 აგვისტოს, მოსკოვმა აღიარა, რომ უკრაინის ძალებმა დააზიანეს მდინარე სეიმზე გადებული ხიდი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონში რუსეთის სამხედროების გადაადგილებისთვის.
კიევმა უპრეცედენტო, საზღვრის მიღმა ოპერაცია კურსკის ოლქში 6 აგვისტოს დაიწყო.
ასევე ნახეთ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა კურსკში "მიზნებს აღწევს", რუსეთი ადასტურებს მესამე ხიდის დაზიანებას