რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან გამართული შეხვედრის შემდეგ 19 აგვისტოს განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა ჩაერთოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესში, იმ სამმხრივი შეთანხმებების საფუძველზე, რომლებიც მიღწეულ იქნა სამხრეთ კავკასიის ამ ორ ქვეყანას შორის 2020 წელს მომხდარი 44-დღიანი ომის შემდეგ.
"ასევე მზად ვართ ხელი შევუწყოთ [აზერბაიჯან-სომხეთის] საზღვრის დელიმიტაციასა და დემარკაციას, რადგან საბჭოთა დროიდან ვფლობთ შესაბამის დოკუმენტებს; საზღვრისშორისი გზების განბლოკვას; ჰუმანიტარული კონტაქტების დამყარებას" - განაცხადა პუტინმა და დასძინა: "სამხრეთ კავკასიაში სტაბილური მშვიდობა უპასუხებს რეგიონის ყველა ქვეყნის სიღრმისეულ ინტერესებს".
ალიევმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ "ძალიან კმაყოფილია" ამჟამინდელი ვითარებით რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში.
ბაქოში მცხოვრებმა პოლიტიკის ანალიტიკოსმა აზერ ქასიმლიმ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პუტინმა და ალიევმა განიხილეს შარშან სექტემბერში ბაქოს მხრიდან კონტროლის აღდგენა მთიანი ყარაბაღის რეგიონზე, რასაც მოჰყვა რეგიონის სეპარატისტული, ეთნიკური სომხებისგან შემდგარი მთავრობის დაშლა.
ქასიმლის თქმით, პუტინი ცდილობს, იპოვოს გზები რუსეთის გაზის ევროპაში გასაყიდად აზერბაიჯანის მეშვეობით, იმ სანქციების პირობებში, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებმა დაუწესეს რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო.
"რუსეთი შეეცადა, დაემხო [სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ] ფაშინიანი და ხელისუფლებაში პრორუსი პოლიტიკოსები მოეყვანა. ამან არ იმუშავა, ფაშინიანის ხელისუფლება გაძლიერდა და დასავლეთთან დაახლოების კურსი აირჩია" - ამბობს ქასიმლი და დასძენს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაძაბულობა მაღალი რჩება, რასაც შესაძლოა, მოჰყვეს "შეტაკებების ახალი ტალღა".
პუტინი ბაქოში 18 აგვისტოს ჩავიდა ორდღიანი ვიზიტით. მისი ვიზიტის ფონია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკება სამშვიდობო ხელშეკრულებაზე.
მთიან ყარაბაღს, - რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა აზერბაიჯანის ნაწილად აღიარებს, მაგრამ ის უმეტესად ეთნიკური სომხებით იყო დასახლებული, - სამი ათწლეულის განმავლობაში აკონტროლებდნენ ეთნიკური სომხები.
მას შემდეგ, რაც ბაქომ რეგიონზე კონტროლი დაიბრუნა, რუსეთსა და სომხეთს შორის კავშირები დაძაბულია. ერევანი მოსკოვს ადანაშაულებს ვალდებულებების უგულებელყოფაში მას მერე, რაც მთიან ყარაბაღში 2020 წლის ნოემბერში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე განლაგებული რუსი სამხედროები არ ჩაერივნენ ბაქოს სწრაფ, გამარჯვების მომტან სამხედრო შეტევაში.
ერევანი ოფიციალურად არ გამოხმაურებია პუტინის მიერ ბაქოში გაკეთებულ განცხადებებს, თუმცა მმართველი პარტიის, "სამოქალაქო შეთანხმების" დეპუტატმა გაგიკ მელქონიანმა პუტინის სიტყვებს დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა. დეპუტატის აზრით, რუსეთის ლიდერი ბაქოში ჩავიდა ალიევთან ერთად სომხეთის საწინააღმდეგო ნაბიჯების განსახილველად.
"მათ ყარაბაღი ბაქოს გადასცეს და ახლა შეახსენებენ, რომ ბაქო ამის გამო მათთან ვალშია" - უთხრა მელქონიანმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს და დასძინა - "ამდენად, პირადად მე კარგს არაფერს ველოდები [ბაქოში გამართული] შეხვედრისგან".
ასევე ნახეთ რუსეთის პრეზიდენტი ბაქოში ჩავიდა