რუსეთის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში დაადასტურეს კურსკის მახლობლად მათი ჯარისკაცების დატყვევება

რუსი ჯარისკაცები - საილუსტრაციო ფოტო

სულ მცირე რამდენიმე ათეული რუსი ჯარისკაცი ტყვედ აიყვანეს კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა. მათ შორის შეიძლება იყვნენ წვევამდელი ჯარისკაცები. ამის შესახებ გამოცემა „ვიორსტკას“ განუცხადა ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის ოფიცერმა, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძიებაშია ჩართული. მან პატიმრების ზუსტი რაოდენობა ვერ დაასახელა.

საუბარია ბრინსკის რაიონში, კლინცში განლაგებულ სამხედრო ნაწილზე No1272, რომლის წვევამდელი ჯარისკაცები კურსკის რეგიონის საზღვარზე იმყოფებოდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრის მომენტისთვის.

ოფიცერმა აღნიშნა, რომ ჯერ არ ფლობს საკმარის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი შეიძლება ოფიციალურად აღიარონ პატიმრად ან დაკარგულად, მაგრამ აღნიშნა, რომ ის ასამდე სამხედრო მოსამსახურის ბედის გარკვევას ცდილობს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კურსკში, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალები შევიდნენ, დასახმარებლად მურმანსკის რეგიონიდან წვევამდელები გადაისროლეს. სამხედროების გარდა, უცნობია კურსკის რეგიონის მოსაზღვრე რაიონების ორი ათასი მშვიდობიანი მოქალაქის ადგილსამყოფელი.

უკრაინის არმიამ რუსეთის კურსკის ოლქში 8 დღიანი ბრძოლების შედეგად არაერთი წვევამდელი და დაქირავებული რუსი ჯარისკაცი აიყვანა ტყვედ. მათ „გადასაცვლელი ფონდი“ უწოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, ვოლოდიმირ ზელენსკი სამხედრო სარდლობასთან გამართული ოპერატიული თათბირის შემდეგ.

„მიუხედავად რთული, ინტენსიური ბრძოლებისა, კურსკის ოლქში ჩვენი ძალების წინსვლა გრძელდება, ჩვენი სახელმწიფოსთვის ივსება გადასაცვლელი ფონდი,“ - დაწერა ზელენსკიმ და უკრაინის სამხედროებს მადლობა გადაუხადა გმირული სამსახურისთვის.

ასევე ნახეთ გენერალი სირსკი: უკრაინა კურსკის ოლქში 74 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს

მანამდე სპეციალური ძალების ქვედანაყოფ “ახმატის” მეთაურმა აპტი ალაუდინოვმა დაადასტურა, რომ “ახმატ-ჩეჩნეთის” პოლკის ხუთი ჯარისკაცი ტყვედ აიყვანეს კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაწყებული ოპერაციის პირველსავე დღეს.

მაგრამ, ამასთან, ალაუდინოვმა უარყო ცნობები მის დაქვემდებარებაში მყოფი სპეცრაზმის ჯარისკაცის დატყვევების შესახებ და განაცხადა, რომ "ჩეჩენი, რომელიც ტყვედ აიყვანეს, აღარ არის კადიროველი."

ასევე ნახეთ კურსკის რეგიონში ხუთი ჩეჩენი მებრძოლი ჩავარდა ტყვედ. ჩეჩნეთის ხელმძღვანელობა კვლავ უარყოფს მათ “კადიროველობას”