მოსალოდნელია თუ არა „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელება საქართველოში

საილუსტრაციო ფოტო

„მაიმუნის ყვავილი“ (mpox) ინფექციური დაავადებაა, რომელიც ძირითადად მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა ახასიათებს გართულებებიც, რომლებიც იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა სიკვდილითაც დასრულდეს. აფრიკის ქვეყნებში ეს დაავადება ენდემურ სახეობად ითვლება. წელს აფრიკაში ვირუსის მორიგი აფეთქებაა, რის გამოც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 15 აგვისტოს გამოაცხადა საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია.

ჯანმოს მონაცემებით, 2024 წლის დასაწყისიდან აფრიკის 13 ქვეყანაში დაფიქსირებულია "მაიმუნის ყვავილის" 17 000 შემთხვევა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 160%-ით მეტია. ამ კვირაში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაადასტურეს ევროპაში.

სპეციალისტების თქმით, ინკუბაციის პერიოდი 5-დან 21-დღემდეა, სიმპტომები კი ხუთი დღის ფარგლებში იწყებს გამოვლენას გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნებით: შემცივნებით, ცხელებით, თავისა და კუნთების, ზურგის ტკივილით, სისუსტითა და ლიმფური კვანძების შეშუპებით.

ასევე ნახეთ „მაიმუნის ყვავილის“ ეპიდემიის გამო ისევ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

სიმპტომების დაწყებიდან ერთ-სამი დღის პერიოდში იწყება გამონაყარი - საწყის ეტაპზე სახეზე, რომელიც შემდეგ ვრცელდება მთელ სხეულზე, უმეტესად - კიდურებზე. დამახასიათებელია გამონაყარი ხელისა და ფეხის გულებზე. დამახასიათებელი სიმპტომია გამონაყარის მტკივნეულობა, თუმცა ჩუტყვავილას გამონაყარისგან განსხვავებით, არ ახასიათებს ქავილი.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების ხელმძღვანელი მაია ზალდასტანიშვილი არ გამორიცხავს, რომ "მაიმუნის ყვავილი" საქართველოშიც გავრცელდეს.

„ამ დროისთვის ვაკვირდებით ინფექციის მიმდინარეობას... ვერ ვიტყვით, რომ არ მოვა საქართველოში. ვირუსი საკმაოდ მჭიდრო კონტაქტით ვრცელდება. ვმოგზაურობთ, არის მიგრაცია, საქართველოში შემოდიან უცხო ქვეყნებიდან... არ არის გამორიცხული, რომ საქართველოშიც მოხვდეს "მაიმუნის ყვავილი“.

mpox-ით ადამიანის დაავადების პირველი შემთხვევები გასული საუკუნის 70-იან წლებში ჯერ აფრიკაში დაფიქსირდა, შემდეგ კი - სხვა კონტინენტებზეც. 2022 წელს, ეპიდემიისას, პირველი შემთხვევა გამოავლინეს საქართველოშიც. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მაშინ განაცხადეს, რომ პაციენტს ვირუსის მსუბუქი ფორმა ჰქონდა და შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებიდან მალევე გაწერეს.

წლევანდელი აფეთქება ახალი, უფრო რთული შტამის გავრცელებამ გამოიწვია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ვირუსს ახლა უფრო მძიმე სიმპტომები აქვს და ლეტალობის უფრო მაღალი ალბათობით ხასიათდება.

მაია ზალდასტანიშვილი განმარტავს, რომ "მაიმუნის ყვავილის" ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია სხეულის მაღალი ტემპერატურა, სახსრების ტკივილი და სხეულზე გამონაყარი. ადამიანებს შორის ინფექცია ვრცელდება სქესობრივი კონტაქტისას, რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ან დაინფიცირებულ ნივთებთან შეხებით.

„არ არის მოსალოდნელი, ეს იყოს დიდი ეპიდემია, როგორც კორონავირუსის, იმიტომ რომ ის იყო ჰაერწვეთოვანი გადამდები, ეს გადადის მხოლოდ ბიოლოგიური სითხეებით. შესაძლოა იყოს ოჯახური შემთხვევები, პარტნიორებს შორის გადადება და ასე შემდეგ“.

უშუალოდ "მაიმუნის ყვავილის" საწინააღმდეგო ვაქცინა მსოფლიოში არ არსებობს. ზოგადად, დაავადება "ყვავილი" დამარცხებულად მიიჩნეოდა და 1980-იანი წლების შემდეგ საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია აღარ ტარდება. ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა ეფექტიანია "მაიმუნის ყვავილის" წინააღმდეგაც.

საქართველოს იმუნიზაციის საბჭოს ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელის და იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის თქმით, არსებობს მოსაზრება, რომ იმ პერიოდში გაკეთებული ვაქცინა შესაძლოა გარკვეულ იმუნიტეტს ქმნიდეს "მაიმუნის ყვავილზეც".

„ყველა იმ ადამიანს, ვისაც იმ პერიოდში გაკეთებული აქვს ვაქცინა, ითვლება, რომ გარკვეული იმუნიტეტი უნდა ჰქონდეს "მაიმუნის ყვავილზეც". ასევე ითვლება, რომ თუ ახლაც დასჭირდა ვინმეს ვაქცინა, შეიძლება შედეგიანი იყოს "ყვავილის ვაქცინა". მართალია, ჩვენს ქვეყანაში ეს ვაქცინა ახლა არ არის და არც არავის სჭირდება, მაგრამ მთლიანობაში ეფექტური უნდა იყოს "მაიმუნიც ყვავილის" წინააღმდეგაც“.

ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ "მაიმუნის ყვავილის" გამო საქართველოში მოსახლეობას ამ ეტაპზე სანერვიულო არაფერი აქვს.

„აფრიკის ქვეყნებში შემთხვევების მატება არის ლოკალური, ამიტომ ეგ განცხადება [ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის] გაკეთდა აფრიკისთვის, იმიტომ რომ მათთვის ეს სერიოზული საფრთხეა. ერთეული შემთხვევები შესაძლოა მსოფლიოს ყველა კუთხეში დაფიქსირდეს, მაგრამ ინფექციის ტიპის გადაცემიდან გამომდინარე, იმის ალბათობა, რომ შესაძლოა აქ განვითარდეს ეპიდაფეთქება, პრაქტიკულად, არ არის, მაგრამ ცალკეული შემთხვევები საქართველოშიც შესაძლებელია“.

რადიო თავისუფლება ცდილობდა ჯანდაცვის სამინისტროდან და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მიეღო ინფორმაცია, მიმართავენ თუ არა პრევენციულ ზომებს და "მაიმუნის ყვავილით" ინფიცირების შემთხვევაში, სად და როგორ უნდა მოხდეს პაციენტების მკურნალობა. არც ჯანდაცვის სამინისტრომ და არც დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა შეკითხვებზე არ გვიპასუხეს.