რუსეთის არმიას 6 კილომეტრი აშორებს დონეცკის ქალაქ მირნოგრადს, რომელშიც 20 ათასი ადამიანი ცხოვრობს

ქალაქ მირნოგრადის დაბომბვის შედეგები, 2024 წლის ივლისი. რეგიონული ხელისუფლება რეგულარულად მოუწოდებს დონბასის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ.

დაახლოებით 20 000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ათასი ბავშვი, რჩება დონეცკის რეგიონის ქალაქ მირნოგრადში, რომელსაც რუსეთის არმია უახლოვდება. ამის შესახებ 16 აგვისტოს რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის დილის ეთერში განაცხადა მირნოგრადის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა იური ტრეტიაკმა. მისივე თქმით, ბევრი ადგილობრივი ევაკუირებულია, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც წასვლაზე უარს ამბობენ.

"სიტუაცია სტაბილურად დაძაბულია. მაგრამ მტერი თანდათან მიიწევს წინ. ახლა ბრძოლის ხაზი ქალაქ მირნოგრადიდან დაახლოებით 6 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. ხალხი ტოვებს ქალაქს, მაგრამ არა ისე სწრაფად, როგორც ჩვენ გვსურს და სიტუაცია მოითხოვს. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვცდილობთ უზრუნველვყოთ ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაცია, რომლებსაც გადაადგილების პრობლემები აქვთ. თუმცა ბევრიც თავისით მიდის - იმიტომ, რომ მუდმივად ისმის აფეთქებების ხმა, მუდმივად ხდება საარტილერიო დაბომბვა, რომლის ხმა ქალაქის დასახლებაშიც აღწევს“, - განაცხადა ტრეტიაკმა.

დონეცკის ოლქის ქალაქი მირნოგრადი პოკროვსკის რაიონში მდებარეობს. უკრაინული მედიის ცნობით, მოწინააღმდეგის ძალები ასვე ცდილობენ ხელთ იგდონ თავად ქალაქი პოკროვსკი, რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი, რომელსაც რუსეთის სამხედრო ძალა უკვე 10 კილომეტრში მიუახლოვდა.

ტრეტიაკის თქმით, ადგილობრივი ადმინისტრაცია ცდილობს დაარწმუნოს პოკროვსკის მოსახლეობა, რომ დატოვონ ქალაქი. ამ მიზნით სამხედრო ადმინისტრაციის თანამშრომლები ხალხს ურეკავენ და ევაკუაციისკენ მოუწოდებენ, ხოლო პოლიცია საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად აწარმოებს მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შემოვლას.

ქალაქ პოკროვსკს დაახლოებით 80 კილომეტრი აშორებს ბახმუტიდან, რომელსაც რუსეთის საოკუპაციო ჯარი გასული წლის მაისიდან აკონტროლებს. თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალები ქალაქის გარშემო კვლავ ცდილობენ მოწინააღმდეგის შეჩერებას. ერთ-ერთ ამ მიმართულებაზე მოქმედებს საერთაშორისო ქვედანაყოფი "შავი არწივი", რომელმაც 14 აგვისტოს ბრძოლებში ერთი მეომარი დაკარგა.

ასევე ნახეთ ვაკო სულაძე: "მტერმა გუშინ თანამებრძოლი მოგვიკლა. ბრძოლები ბახმუტის მიმართულებით არ წყდება"
ასევე ნახეთ უკრაინის გენერალური შტაბი აღარ ამბობს, რომ ქალაქ ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება