თეთრმა სახლმა 16 აგვისტოს დაგმო ებრაელი ახალმოსახლეების, როგორც უწოდა, „მიუღებელი“ თავდასხმა პალესტინელებზე, რის შედეგადაც მოკლულია ერთი პალესტინელი, ხოლო მეორე დაჭრეს.
თავდასხმა მოხდა პალესტინელთა ტერიტორიაზევე, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. “მოძალადე ახალმოსახლეების თავდასხმა პალესტინელ მოქალაქეებზე დასავლეთ ნაპირზე მიუღებელია და უნდა შეწყდეს”, - ნათქვამია აშშ-ის უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის განცხადებაში.
„ისრაელის ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ზომები, რათა ყველა თემი იყოს დაცული ზიანისგან, რაც გულისხმობს ძალადობის შეჩერებისთვის მოქმედებას და ამ ძალადობის ყველა მონაწილის პასუხისგებაში მიცემას“, - წერია განცხადებაში.
პალესტინელთა ავტონომიის ჯანდაცვის უწყების თანახმად, ქალაქ ნაბლუსის მახლობლად, სოფელ ჯიტზე თავდასხმის დროს მოკლულია 23 წლის კაცი, მეორე პირს კი ტყვია აქვს მოხვედრილი მკერდის არეში.
ისრაელის არმიის ცნობით, „ათეულობით ისრაელელი მოქალაქე, ზოგიერთი ნიღბით“ შეიჭრა ჯიტში და „ცეცხლი წაუკიდა ავტომანქანებს და ნაგებობებს, ისროდა ქვებს და აალებად ხსნარიან ბოთლებს“.
ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა დაგმო ინციდენტი და განაცხადა, რომ ეს არის ექსტრემისტული უმცირესობა, რომელიც ისრაელს ვნებს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ „პასუხისმგებელი პირები სისხლის სამართალში უნდა იქნენ მიცემული“.
ისრაელის პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერმა ლაპიდმა განაცხადა, რომ ებრაელი ახალმოსახლეების ძალადობამ უმდაბლეს მორალურ დონეს მიაღწია.
AFP-ის ცნობით, პალესტინელთა სამინისტრომ ახალმოსახლეთა თავდასხმას “ორგანიზებული სახელმწიფო ტერორიზმი” უწოდა.
ებრაელთა დასახლებები პალესტინელთა ტერიტორიებზე, რომლებიც ისრაელის მთავრობის ნებართვით შენდება, უკანონოდაა გამოცხადებული მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს და გაეროს მიერ, ის წარმოადგენს ასევე ჟენევის კონვენციის დარღვევას.
ასევე ნახეთ ევროკავშირმა დაგმო ისრაელის გეგმები იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ასევე ნახეთ გაეროს უმაღლესმა სასამართლომ დაიწყო მოსმენები საქმეზე, რომელიც ისრაელის მიერ პალესტინელთა ტერიტორიების ოკუპაციას ეხება