რატომ აქვთ ქალებს მეტი მიზეზი, წავიდნენ არჩევნებზე და როგორ შეუძლიათ შეცვალონ მისი შედეგები

საქართველოში არჩევნებზე სტატისტიკურად უფრო მეტი კაცი მიდის ვიდრე ქალი.

საქართველოში კაც ამომრჩეველს ქალი ამომრჩეველი სჭარობს, თუმცა არჩევნების დღეს საარჩევნო ყუთთან უფრო მეტი კაცი მიდის, ვიდრე ქალი.

“ქალები ჩვენი ქვეყნის 50%-ზე მეტს შეადგენენ, შესაბამისად, მათ ხელშია ამ ქვეყნის ბედიც, თუ საკმარისად ჩაერთვებიან პოლიტიკურ პროცესებში და საარჩევნოდ იაქტიურებენ. წლევანდელი არჩევნების ბედს, ჩემი აზრით, ზუსტად ქალები, ახალგაზრდები და ემიგრანტები წყვეტენ” - გვეუბნება ათინა ბრეგვაძე, GrlzWave-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ფემინისტი აქტივისტი. ის იმ ქალებს შორისაა, რომლებიც იკვლევენ მიზეზებს, რატომ აქვთ ქალებს არჩევნებზე წასვლის მეტი მიზეზი და ცდილობს ახსნას, რამდენად მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია ამ შესაძლებლობის გააზრებას.

საქართველოში ქალების სიმცირე პოლიტიკაშიც თვალშისაცემია:

  • 12 მინისტრიდან მხოლოდ ორია ქალი;
  • მინისტრის მოადგილეების 75% კაცია;
  • მეათე მოწვევის პარლამენტმა, სადაც ქალები მხოლოდ 25%-ს წარმოადგენენ (150-დან მხოლოდ 38 დეპუტატია ქალი), გააუქმა გენდერული კვოტირების ვალდებულება, რაც იმას ნიშნავს დიდი ალბათობით, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში კიდევ უფრო ნაკლები ქალი იქნება;
  • ცხრა გუბერნატორიდან ცხრავე კაცია;
  • კაცების მკვეთრი უმრავლესობა თვალსაჩინოა ქართველ დიპლომატებს შორისაც - საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების პოზიციაზე ქალთა წილი მხოლოდ 19%-ია;
  • იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომელიც სულ 15 წევრისგან შედგება, მხოლოდ სამი ქალია;
  • ათი აქტიური ოპოზიციური პარტიიდან მხოლოდ სამის თავმჯდომარეა ქალი;

„ის ქალები, ვინც დღეს არიან გადაწყვეტილების მიმღებ პირებად, არანაირ ქალებისთვის რთული ცხოვრების შესამსუბუქებელ პოლიტიკას არ ქმნიან. სამწუხაროდ, ზრუნვის საკითხები ისევ მხოლოდ ქალებს ეხებათ - იქნება ეს ოჯახის წევრი ბავშვის, მოხუცის, ავადმყოფის თუ შშმ პირის მოვლა. ისედაც შეზღუდული რესურსები გვაქვს განათლების, განვითარების, სოციალიზაციის თუ სამართლის ძიების მხრივ და კიდევ მეტად არადემოკრატიული პროცესები გაართულებს ჩვენს ცხოვრებას” - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლილი ფულარიანი, ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტი და საინიციატივო ჯგუფ “დიმელი ქალების” ერთ-ერთი წევრი.

ეს ჯგუფი სოფლად მცხოვრები ქალების განათლებაზე, მათთვის მნიშვნელოვანი სერვისების შექმნაზე ზრუნავს. ლილი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში, იქ სადაც გაიზარდა, რამდენიმე წლის წინ დაბრუნდა. ხშირად ხვდება თანასოფლელ ქალებსაც და სხვებსაც მეზობელი რეგიონებიდან. მათთან ერთად აწყობს კინოჩვენებებს, სხვადასხვა შეხვედრას: ქალების ჯანმრთელობაზე, უფლებებზე, ინტერნეტში თავის დაცვაზე, საკვების უსაფრთხოებაზე, საზღვარგარეთ განათლების შესაძლებლობებზე. სწავლობენ ისეთ პრაქტიკულ უნარებს, როგორიცაა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა, მიწის რეგისტრაცია, სოფლებში ტურიზმის განვითარებისთვის მარკეტინგული სტრატეგიები.

ლილი მე-19 საუკუნის იმერული ოდის აივანზე, რომლის აღდგენაც სოფელში დაბრუნების შემდეგ დაიწყო

თუ სოფლებში რაიმე კეთდებოდა, იქნებოდა ეს გზა, ინფრასტრუქტურული პროექტები, მცირე საოჯახო ბიზნესები, ყველაფერი გრანტების და ფონდების საშუალებით, რისი გაუქმებაც ეკონომიკურად კიდევ უფრო მოწყვლად ვითარებაში გვაგდებს” - ამბობს “აგენტების კანონის” მიღებით გაბრაზებული ლილი და ჩამოთვლის მიზეზებს, რატომ უნდა მივიდნენ ქალები 2024 წლის არჩევნებზე. ესაა ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება, რაც ევროპაში სწავლისა და მუშაობის პერსპექტივებს შეამცირებს, საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც გამოხატვის თავისუფლებას ანადგურებს, “ბელარუსიზაციის” საფრთხე და მოქმედი ხელისუფლების პროპაგანდისტული ნარატივი ომისა და პირობითი მშვიდობის შესახებ, რომელიც მოსახლეობას მუდმივ დაძაბულობასა და ილუზიაში აცხოვრებს.

„ყველაფერი, რაც "ქართულ, ჯიგრულ პონტში" კეთდება, ანუ კორუფციულად, იწვევს ჩვენი და ჩვენი შვილების სიკვდილს” - ამბობს ლილი და იქვე იმასაც აყოლებს, რატომ არ დადიან ქალები არჩევნებზე: მათ არ სჯერათ, რომ რამის შეცვლა შეუძლიათ, სულ შრომობენ და დროს ვერ პოულობენ და მთავარი - არ იციან ვინ იქნება ის, ვინც მათ ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.

“ეს მთავრობა იქნება თუ ის, მე მაინც ემიგრაციაში მიწევს წასვლაო, უთქვამთ” - გვიზიარებს ქალების სადარდებელს ლილი.

2023 წლის "ქალთა მარშის" მონაწილე ტრანსფარენტით ხელში - გასულ წელს 8 მარტის მსვლელობა დაემთხვა გამოსვლებს "აგენტების კანონის" წინააღმდეგ.

“ძალიან კარგად იკითხა ამერიკის არჩევნების წინ კამალამ [ჰარისმა], თუ არსებობს კანონი, რომელიც მამაკაცის სხეულს არეგულირებს და განსაზღვრავსო. არ არსებობს ასეთი კანონი, მაგრამ არსებობს კანონი, რომელიც აბორტის უფლებას ართმევს ქალებს. იგივე ამერიკის მაგალითზე ჩვენ ვნახეთ, როცა ულტრამემარჯვენე ძალები მოვიდნენ ხელისუფლებაში ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მეთაურობით, ამან როგორ იმოქმედა კონკრეტული შტატების შემთხვევაში ქალების მდგომარეობაზე და როგორ შეიზღუდა რეპროდუქციული უფლებები. საქართველოში, სადაც ქალობა ისედაც ყველანაირი პრივილეგიის უქონლობას ნიშნავს, სექსისტი და მიზოგინი პოლიტიკოსები წყვეტენ, რომ ქალებს განსაკუთრებული ყურადღება არ სჭირდებათ და მხოლოდ სიძულვილის ენით ელაპარაკებიან” - გვეუბნება ექიმი რეპროდუქტოლოგი და სქესობრივი განათლების ტრენერი ეკა კვირკველია. მან კარგად იცის, როგორ ცუდად აისახება ქალების პასიურობა და ფრუსტრაცია ისევ ქალების უფლებრივ მდგომარეობაზე, იქნება ეს ეკონომიკური სიდუხჭირე თუ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა. თავად ეკა არა მხოლოდ ყველა არჩევნებში იყენებს საკუთარი ხმის უფლებას, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლადაც დარეგისტრირდა. დატვირთული გრაფიკის და ბევრი საქმის მიუხედავად მაინც მოახერხა ამისთვის დროის პოვნა.

არჩევნებამდე ეკა ქალებთან სალაპარაკოდ იყენებს სოციალურ ქსელებს, სადაც ათობით ათასი გამომწერი ჰყავს.

საქართველოში ქალები, გარდა იმისა, რომ მოსახლეობის 52%-ს და ამომრჩევლების 53%-ს შეადგენენ, არიან:

  • ექიმების 75%
  • მასწავლებლების 87%
  • მოსამართლეების 55%
  • საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრების 70%
  • პენსიონერების 71%
  • მოხუცების თავშესაფარში მცხოვრებთა 54%
  • ოჯახში ძალადობის მსხვერპლების 84%
  • ავტოსაგზაო შემთხვევებისას დაღუპულთა 22% და დაშავებულთა 40%

ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ ხმებს შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს განათლების, ჯანდაცვის, სასამართლოს, სოციალური სერვისებისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე.

ასევე ნახეთ მკითხა, მანქანა რა სიჩქარით დამეჯახაო - ავარიებში დაღუპული და დასახიჩრებული ბავშვები 

ქალები ზრდიან ბავშვებს, უვლიან მოხუცებს, მიდიან ემიგრაციაში ოჯახების სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, უძღვებიან საოჯახო საქმეს, მუშაობენ მომსახურების სფეროში და ჯერაც უწევთ ბრძოლა საკუთარი უფლებებისთვის, იქნება ეს მემკვიდრეობის მიღება თუ თანასწორი ხელფასი.

  • საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებ ანუ უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ მოქალაქეებს შორის ქალები 24%-ით მეტია ვიდრე კაცები;
  • ქალების მხოლოდ 35% არის დასაქმებული. ახალგაზრდა ქალებს უფრო მეტად უჭირთ სამუშაოს შოვნა, ვიდრე კაცებს. საქსტატის მონაცემებით, ახალკურსამთავრებულებიდან სამსახურს პოულობს ქალების 44% და კაცების 52%;
  • ქალების ხელფასი 23%-ით უფრო ნაკლებია ვიდრე კაცების - საშუალო ხელფასის შემთხვევაში ეს დაახლოებით 600-ლარიან სხვაობას ნიშნავს;
  • შინამეურნეობების მხოლოდ 39%-ს ფლობს ქალი - აქედან 19% ერთწევრიან შინამეურნეობებზე მოდის, ანუ იქ, სადაც ქალის გარდა არავინაა, ვისაც შეიძლება ქონებასა და მის მართვაზე პრეტენზია ჰქონდეს.

“ყველა ბოლო კვლევის მიხედვით, ამ ქვეყანაში ქალები უფრო ღარიბები და მოწყვლადები არიან. უფრო მეტად აწუხებთ სიღარიბე, ინფლაცია, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, ექიმის კონსულტაციის და მედიკამენტების ფასი, ხარჯების ზრდა. არც წინასაარჩევნოდ და არც ბოლო 12 წლიანი მმართველობის პირობებში “ქართულ ოცნებას” არ უზრუნია, არ უფიქრია და გადაუჭირა ის პრობლემები, რასაც ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი მთავარ, ყოველდღიურ და უმნიშვნელოვანეს გამოწვევად ასახელებს“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას ათინა ბრეგვაძე, GrlzWave-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ფემინისტი აქტივისტი.

ეს პლატფორმა, რომელიც ძირითადად ახალგაზრდა ქალებისა და ქვიარების ინფორმირებისა და უფლებების დასაცავად შეიქმნა წლების წინ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ინტენსიურ კამპანიას აწარმოებს ინტერნეტმომხმარებლების იმაში დასარწმუნებლად, რომ არჩევნებში საკუთარი ხმის გამოყენება არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

არჩევნებში აქტიურობის კამპანიის გარდა GrlzWave-ი ყურადღების მიღმა არ ტოვებს “აგენტების კანონზე” დაკავებული აქციის მონაწილეების სასამართლო პროცესებს, დეზინფორმაციის საფრთხეებს, მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებს და კორუფციას.

ხელისუფლების მეტ-ნაკლებად ნაცნობი სტრატეგიის ფონზე თვალშისაცემია ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიების სისუსტე. არჩევნებამდე ორი თვით ადრე წინასაარჩევნო პროგრამები, სადაც ქალებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები იქნება აღწერილი, არ არსებობს.

“რატომ არ ვსაუბრობთ ემიგრაციის კატასტროფულ ზრდაზე? ადამიანებზე, ვინც კონფლიქტურ ზონებში ცხოვრობენ? ქალებზე, რომლებიც წლებია სამშობლოში ვერ ბრუნდებიან? რატომ არ ვსაუბრობთ სიღარიბეზე და ბავშვებზე, რომლებსაც ერთი სათამაშოც კი არ აქვთ სახლში?“ - ამბობს ათინა, როცა ვეკითხები, რაზე აინტერესებდა არჩევნებში მონაწილე პოლიტიკოსების აზრი.

იმ საკითხების ნაცვლად, რაზე დისკუსიასაც ქალები ითხოვენ, პოლიტიკოსები ხშირად საუბრობენ დემოგრაფიის ფონდებზე, ოჯახის სიწმინდის დაცვის ვალდებულებასა და სხვა პოპულისტურ იდეებზე, რომლებსაც შედეგი არც ქალებისთვის მოაქვს და არც ოჯახებისთვის.

2023 წლის ქალთა მარშის მონაწილე პარლამენტის შენობისკენ მიემართება თბილისში.

“ძალიან სასაცილოა, როგორი დარწმუნებით საუბრობენ ჩვენი პოლიტიკოსი კაცები ოჯახის სიწმინდესა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ქართული გენის გამრავლების მნიშვნელობაზე და ამ დროს რეპროდუქციასთან დაკავშირებული პროცედურები, მედიკამენტები და წამლები უძვირესია და თითქმის საერთოდ არ აფინანსებენ სადაზღვევო კომპანიები. ორსულობაც ცუდად ფინანსდება. ასევე, ბევრ ქალს აწუხებს მენსტრუალური სიღარიბე და არ აქვთ გინეკოლოგთან კონსულტაციის ფული და კმაყოფილდებიან ეროვნული სკრინინგის პროგრამის რამდენიმე უფასო გამოკვლევით, სადაც ჩაწერაც გეგმურია“ - გვეუბნება კინოპროდიუსერი და სტენდაფერი თიკო ნადირაშვილი და ამატებს: „ჩვენ, ქალებმა უკეთ ვიცით ჩვენი პრობლემები და დიახაც, კვოტირებაც უნდა მოვითხოვოთ და 50%-იანი წარმომადგენლობაც და ისეთი ქალები ავირჩიოთ, რომლებიც ბიზნესელიტის და კაცი პოლიტიკოსების ინტერესებზე კი არა, ყველაზე მოწყვლადი ქალებისა და გოგონების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის იბრძოლებენ”.

თიკო ნადირაშვილი ერთ-ერთია ხელოვნების სფეროს იმ ათობით წარმომადგენელს შორის, ვინც 2023 წლის შემოდგომაზე სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე დაკითხეს "კანვასის" ტრენინგში მონაწილეობის გამო.

კაცებით დომინირებულ პოლიტიკურ პროცესში მსჯელობა ქალის უფლებებზე და სხეულზე მარტივად იქცევა ხოლმე დამაკნინებელი და შეურაცხმყოფელი დისკუსიიდან მჩაგვრელ კანონად.

გამოცდილება აჩვენებს, რომ ქალების უფლებებისა და პრობლემების უგულებელყოფა არ მთავრდება მხოლოდ ქალების მდგომარეობის გაუარესებით - ხელისუფლებები, რომლებისთვისაც ქალები მხოლოდ პოპულისტური განცხადებების ობიექტად არსებობს, კიდევ უფრო ადვილად ამბობენ უარს სხვა ჯგუფების დაცვაზე. თავად ქალების უუფლებო მდგომარეობა კი გადამდებია გარემოცვაზე - იქნებიან ესენი მშობლები, შვილები, ქმრები თუ ოჯახის სხვა წევრები.

ასევე ნახეთ აბორტის უფლება: „ვერ იაზრებენ, რა ძალა აქვთ ქალებს და გოგოებს“

2023 წელს პოლონეთში საპარლამენტო არჩევნებზე უჩვეულოდ ბევრი ქალი - 75% მივიდა. ამ არჩევნებში, რომელსაც “პოლონეთის ევროპაში დაბრუნებაც” კი უწოდეს, ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ ხელისუფლებაში მყოფი კონსერვატიული, ნაციონალისტური, ევროსკეპტიკოსი პარტია, “კანონი და სამართალი” და ლიბერალური გაერთიანება “სამოქალაქო პლატფორმა” ქვეყნის ყოფილი პრემიერის, დონალდ ტუსკის ლიდერობით.

პოლონეთის არჩევნების შედეგებზე დიდწილად გავლენა იქონია არა თავად ოპოზიციური პარტიების მიერ წარმოებულმა კამპანიებმა, არამედ სამოქალაქო ორგანიზაციების კარგად დაგეგმილმა ინტენსიურმა კამპანიამ, რომლის მიზანიც იყო რაც შეიძლება მეტი ამომრჩევლის, განსაკუთრებით ემიგრანტების, ქალებისა და ახალგაზრდების საარჩევნო ყუთთან მიყვანა. ამ კამპანიის შედეგად არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 74%-მა, რაც უფრო მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე 1989 წლის არჩევნებში, რომელმაც გზა გაუხსნა კომუნისტური სისტემის დასასრულს - იმ ისტორიულ არჩევნებში ამომრჩეველთა აქტიურობა 62,7% იყო.

პოლონეთში 2023 წლის არჩევნებს წინ უსწრებდა “კანონი და სამართალის” კონსერვატიული ნარატივები. 2020 წელს ქვეყანაში თითქმის სრულად აიკრძალა აბორტი, რასაც მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. დაიწყო საუბარი “ლგბტ პროპაგანდის” შეზღუდვაზე, გაიზარდა ანტიემიგრაციული ნარატივები, კანონები კი შეიცვალა იმგვარად, რომ ხელისუფლებას ჰქონდა მზარდი კონტროლი სასამართლოსა და მედიაზე. იმის მიუხედავად, რომ მმართველი პარტია ქალების გულის მოგებას ბავშვის ყოლის გამო დაწესებული შეღავათებითა და დიდი ოჯახებისთვის საგადასახადო შეღავათებით ცდილობდა, საბოლოოდ ქალებმა კონსერვატორი პოპულისტების წინააღმდეგ მისცეს ხმა.

ასევე ნახეთ პოლონეთი აპირებს შექმნას კომისია, რომელიც ქვეყანაში რუსეთისა და ბელარუსის გავლენას შეისწავლის

ბრიტანეთის ბოლო, 2024 წლის არჩევნებში კონსერვატიულ პარტიას ხმა მისცა 18-24 წლის ასაკის ქალებიდან მხოლოდ 6%-მა, მაშინ როცა იმავე პარტიის მხარდაჭერა 65+ ასაკის ქალებში 42% იყო. განსხვავებაა ლეიბორისტული პარტიის მხარდაჭერაშიც - მას 25 წელს ქვემოთ ამომრჩეველი ქალების 42%-მა მისცა ხმა, 65+ ამომრჩევლებში კი ამის თითქმის ნახევარი, 23%-იანი მხარდაჭერა აქვს.

დიდ ბრიტანეთში ივლისში ჩატარებულმა არჩევნებმა დაასრულა ლეიბორისტების ოპოზიციაში ყოფნის 14-წლიანი პერიოდი და თემთა პალატაში მათ აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვეს, კონსერვატიული პარტია კი, რომელიც ქვეყანას ბოლო 14 წლის განმავლობაში მართავდა, დამამცირებლად დამარცხდა და თითქმის 250 მანდატი დაკარგა. თუმცა, ბრიტანეთის არჩევნების ბედი მხოლოდ ქალებს არ გადაუწყვეტიათ. იქ განსხვავება არჩევანს შორის სქესზე მეტად ასაკით იყო განპირობებული, ლეიბორისტებს ახალგაზრდა ამომრჩეველი უჭერდა მხარს.

ასევე ნახეთ ბრიტანეთში 14 წლის შემდეგ ხელისუფლება იცვლება - რას უნდა ნიშნავდეს ჩვენთვის?

ქალების პოლიტიკური ხმები გაძლიერდა ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების წინაც, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრეზიდენტობის კანდიდატად ფერადკანიანი და აზიური წარმოშობის ყოფილი პროკურორი და მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი წარადგინა. ის ამომრჩევლებს თითქმის ყველა შეხვედრაზე ახსენებს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს შეიცვალა კანონი იმგვარად, რომ აბორტის უფლება აღარ იყო კონსტიტუციით დაცული და ამტკიცებს, რომ მეორედ გაპრეზიდენტების შემთხვევაში მისი მეტოქე აბორტის სრულად აკრძალვაზეც არ იტყვის უარს.

კამალა ჰარისი დაუღალავად იხსენებს, რომ მისი მოწინააღმდეგე ქალებს შეურაცხყოფს და აკნინებს. ამბობს: ამ ტიპის კაცებს კარგად ვიცნობ როგორც ყოფილი პროკურორიო. ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ქალი ამომრჩეველი საკმაოდ აქტიურია - 2020 წელს მათმა 68%-მა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და მიუხედავად იმისა, რომ ფერადკანიან და ლათინურ-ამერიკული წარმოშობის ამომრჩეველმა ქალებმა ნდობა ჯო ბაიდენს გამოუცხადეს, მისი მეტოქის, დონალდ ტრამპის მხარდაჭერა მაღალი, თითქმის 40% იყო თეთრკანიან ქალ ამომრჩევლებს შორის. კამალა ჰარისის კამპანიის ერთ-ერთი პირველი ხელშესახები შედეგი უკვე დადგა პენსილვანიის შტატში, სადაც მისმა რეიტინგმა ტრამპისას გაუსწრო ქალების გულის მოგების ხარჯზე.

ასევე ნახეთ ვინ არის კამალა ჰარისი

“ყველაფერი უნდა დავიწყოთ პოპულისტური, არაკომპეტენტური, მემარჯვენე და ანტიევროპული მმართველი ძალის სამსახურიდან დათხოვნით. ამას მივაღწევთ არჩევნებზე მაღალი აქტივობით და უნდა გვახსოვდეს, რომ მუდამ მოგვიწევს მმართველი ძალის კონტროლი, რა პარტიაც უნდა მოვიდეს ხელისუფლების სათავეში, რომ ძლივს მიღწეული თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ღირებულებები არ დადგეს ხოლმე საფრთხის ქვეშ, როგორც უკვე ბევრჯერ მოხდა და ისევ ხდება” - ამბობს თაკო, რომელიც სტენდაფ გამოსვლებზე, რომლების აუდიტორიაც მეტწილად ქალები არიან, მუდმივად ახსენებს, რომ ოქტომბერში არჩევნებზე მისვლა მნიშვნელოვანია.

Your browser doesn’t support HTML5

რა ხდება როცა სცენაზე მხოლოდ ქალები ადიან