Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთი აპირებს შექმნას კომისია, რომელიც ქვეყანაში რუსეთისა და ბელარუსის გავლენას შეისწავლის


დონალდ ტუსკი
დონალდ ტუსკი

პოლონეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ წუხელ სამართალდამცველებმა დააკავეს კიდევ სამი ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით დივერსიული აქტების მოწყობასა და საბოტაჟში. იმავე ბრალდებით ადრე ცხრა პირი დააკავეს.

„ევრონიუსის“ ცნობით, ამ ფონზე პოლონეთის მთავრობის მეთაურმა რუსეთი პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე ხელოვნური მიგრაციით გამოწვეული დაძაბულობის შექმნაშიც დაადანაშაულა.

"დღეს მივიღეთ დადასტურება, რომ პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვარზე დაძაბულობა არ არის გამოწეული სხვადასხვა ქვეყნიდან გაქცეული ადამიანების სპონტანური გადაადგილებით. ეს მონაცემები ახლა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. 90%-ზე მეტი, ვინც უკანონოდ კვეთს პოლონეთის საზღვარს, რუსული ვიზების მფლობელია“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა ასევე, რომ შეიქმნება კომისია, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში პოლონეთში რუსულ და ბელარუსულ გავლენას შეისწავლის. ამ კომისიის მიერ ჩატარებული სამუშაოს წინასწარი შედეგები ზაფხულში გახდება ცნობილი.

მანამდე პოლონეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აპირებს 10 მილიარდი ზლოტი (დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარი) ჩადოს რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრების გასაძლიერებლად.

პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის თქმით, სამუშაოები პროექტ "ფარი-აღმოსავლეთის" ჩარჩოებში უკვე დაწყებულია. ტუსკმა აღნიშნა, რომ პოლონეთი, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარეობს, პასუხისმგებელია არა მხოლოდ საკუთარ, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოებაზე - განსაკუთრებით ახლა, როცა ევროპის კონტინენტის აღმოსავლეთში სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს, ხოლო რუსეთი და ბელარუსი ევროპული სამყაროსთვის საფრთხედ აღიქმება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG