სააპელაციომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საჩივარი განუხილველი დატოვა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ განუხილველი დატოვა ა​ზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საჩივარი, რომელიც მისი საექსტრადიციო პატიმრობის გაუქმების მოთხოვნას შეეხებოდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“, რომელიც მის უფლებებს იცავდა, აცხადებს, რომ სასამართლომ უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო.

„სააპელაციო საჩივარს თან ერთოდა აფგან სადიგოვის განცხადება, საქართველოს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის მიმართ, საქართველოში საერთაშორისო თავშესაფრის მოთხოვნით... საგანგაშოა, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ახალი გარემოება“, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. საქართველოში იგი 2023 წლის დეკემბერში ჩამოვიდა და ორი კვირის წინ მისი დატოვება უნდოდა, მაგრამ აეროპორტში ქვეყნიდან არ გაუშვეს.

4 აგვისტოს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. მისმა ცოლმა სევინჩ სადიგოვამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბაქო აფგან სადიგოვს კრიტიკული პოზიციისთვის დევნის და რომ სამშობლოში ექსტრადიციის შემთხვევაში, მას სიკვდილი ემუქრება.

მოსამართლის განმარტებით, სასამართლოში წარდგენილი ინფორმაციით, ბრალდებულს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ბრალად ედება ადამიანებისგან დიდი ოდენობით ქონების ხელში ჩაგდების მიზნით, შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელების მუქარა.

ასევე ნახეთ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს თბილისში საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდება არასამთავრობო ორგანიზაციის („უფლებები საქართველო“) დახმარებით 8 აგვისტოს გაასაჩივრა და აღკვეთის ღონისძიების შეცვლა მოითხოვა 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ.