საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარტია "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის, დმიტრი პოლიანსკის განცხადებას აგვისტოს ომთან დაკავშირებით. პოლიანსკიმ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება გაიმეორა 2008 წლის აგვისტოსთან დაკავშირებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობაზე.
ასევე ნახეთ რუსმა დიპლომატმა გაეროში "ქართული ოცნების" ციტატა გაიმეორა 2008 წლის აგვისტოს ომზეკობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის "ნაკლებად საინტერესოა, სხვა რას ამბობს ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს სიმართლე იმ ღალატზე, რომელიც ჩადენილ იქნა 2008 წელს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს ხალხი დღესაც ცდილობს ჩაითრიოს ქვეყანა ომში".
ირაკლი კობახიძის თქმით, 2008 წელს "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება მოქმედებდა "სინქრონულად ამ პროცესში რუსეთის ხელისუფლებასთან. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ნათელია, ეს არის ძალიან მძიმე ღალატი, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა".
შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ომის დაწყებაში პრეზიდენტის დადანაშაულება ქვეყნის დადანაშაულებასაც, კობახიძემ უპასუხა, რომ "არავითარ შემთხვევაში".
"როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა ღალატი, ეს ადამიანები მოქმედებდნენ, როგორც უცხოური აგენტურა და შესაბამისად, ისინი გამოხატავდნენ არა საქართველოს ინტერესებს, არამედ სხვა ძალების ინტერესებს. მათ ჩაიდინეს ღალატი საკუთარი ქვეყნის წინაშე. აქედან გამომდინარე, მათი დანაშაული ვერ იქნება დაკვალიფიცირებული, როგორც საქართველოს სახელმწიფოს დანაშაული. პირიქით, მათ ჩაიდინეს დანაშაული სწორედ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ“.
შეკითხვაზე, "ქართული ოცნების" პოზიცია ომის დაწყებასთან დაკავშირებით, ხომ არ უქმნის რუსეთს პირობებს თავისი ბრალეულობის გასაქარწყლებლად, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ "სააკაშვილი რეჟიმის ბრალეულობა არავითარ შემთხვევაში არ გამორიცხავს რუსეთის ფედერაციის ბრალეულობას".
"ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მხრიდან და ეს არის ჩვეულებრივი ბრალეულობა, რომელზეც შეგვიძლია ვისაუბროთ იმ პირობებში, როდესაც შეგვიძლია ვისაუბროთ სააკაშვილის რეჟიმის ბრალეულობაზე. რეალურად მოხდა მარტივი რამ: სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა ღალატი და ეს არის მისი ბრალეულობა და ამით ისარგებლა რუსეთის ფედერაციამ და განახორციელა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და ეს არის რუსეთის ფედერაციის ბრალეულობა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ერთის ბრალეულობა მეორის ბრალეულობას არ გამორიცხავს. ბრალეულობა არ იქნებოდა, თუ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები არ იქნებოდა ოკუპირებული. აქედან გამომდინარე, ყველაფერი დღესავით არის ნათელი, "ნაცმოძრაობის" დასჯა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, იმას, რომ ვინმე გათავისუფლდება საკუთარი ბრალეულობისგან", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
მან ასევე ისაუბრა ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ ქართული მხარის გამარჯვებით დასრულებულ სასამართლო პროცესებზე 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით.
"ჰააგის და სტრასბურგის სასამართლოში პროცესები ჩვენ მოვიგეთ. ერთ შემთხვევაში დადგინდა, რომ ქართულ ჯარს არ ჩაუდენია ომის დანაშაული, მეორე შემთხვევაში დადგინდა, რომ ქართულ ჯარს არ დაურღვევია ადამიანის უფლებები. ეს არის ის გამარჯვება, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ. რა თქმა უნდა, ომის დაწყებაზე არ უმსჯელია არც ჰააგას, არც სტრასბურგს, ეს არ იყო მათი პრეროგატივა. ჩვენ მივაღწიეთ პრინციპულ გამარჯვებას ამ პროცესებში. ჩვენ დავიცავით ქართული სახელმწიფოს ინტერესები, ქართული ჯარის ინტერესები", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
15 აგვისტოს, საქართველოს მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკის გვერდზე გამოეხმაურა გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის დმიტრი პოლიანსკის განცხადებას და ქართული ოცნების გეგმას მისი და "ნაციონალური მოძრაობის" გასამართლების შესახებ.
სააკაშვილის თანახმად, "ოკუპირებული საფრანგეთის, ჰიტლერის მარიონეტულ ვიშის მთავრობასაც კი არ მოსვლია აზრად იმ თანამემამულეების გასამართლება, რომლებიც გერმანიის წინააღმდეგ იბრძოდნენ, პირველ მსოფლიო ომში და მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში. ასეთი გააფთრებული, თავზეხელაღებული ღალატი ივანიშვილის ნოუ-ჰაუა და ნათელი სიგნალია ყველასთვის, ვისაც საქართველო უყვარს, ამ რეჟიმის გასაძევებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული სახელმწიფო სამუდამოდ გაქრება, მსოფლიო რუკიდან".
ასევე ნახეთ სააკაშვილი აგვისტოს ომის გამო მისი გასამართლების შესახებ "ოცნების" და რუსი დიპლომატის განცხადებას ეხმაურებარუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-16 წლისთავზე „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა განცხადება, რომლითაც "ნაციონალური მოძრაობის გასამართლება" დააანონსა, მას შემდეგ, რაც ჰააგასა და სტრასბურგში სასამართლო განხილვა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.
წელს 16 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან.
2008 წლის 7 აგვისტოს, გამთენიისას, რუსეთის რეგულარული სამხედრო ძალები, რომლებსაც არ ჰქონდათ მშვიდობისმყოფელთა სტატუსი, უკვე საქართველოს ტერიტორიაზე აწარმოებდნენ სამხედრო იერიშს, რასაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 7 აგვისტოს, 23:35 საათზე, ცხინვალის რეგიონისკენ გადაადგილებითა და ცეცხლის გახსნით უპასუხეს. რუსეთის მიერ დაწერილი ისტორიის მიხედვით, 7 აგვისტოს ღამით, თბილისი ესხმის თავს "მძინარე ცხინვალს" და კრემლი მშვიდობისმყოფელთა დასაცავად უპასუხებს სრულმასშტაბიანი ომით.
2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.
2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 ისევ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შუამავალი იყო იმ დროისთვის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. 2008 წლის 12 აგვისტოს სარკოზიმ და რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა მოსკოვში მოაწერეს ხელი საქართველოში საბრძოლო მოქმედებების დასრულების ექვსპუნქტიან შეთანხმებას. ამ დოკუმენტის პირობებს რუსეთი დღემდე არღვევს და უარს ამბობს, ომამდელ პოზიციებზე დააბრუნოს საკუთარი სამხედროები.
საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა რუსეთმა და იმავე წლის სექტემბერში - ნიკარაგუამ. 2009 წელს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარეს ვენესუელამ და ნაურუმ და 2018 წელს - სირიამ. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა ჯერ აღიარეს, შემდეგ კი გააუქმეს ვანუატუმ და ტუვალუმ.