„ცდილობს კინკლაობაში ჩაგვითრიოს“ - პრემიერი პრეზიდენტზე, რომელმაც უარი თქვა ოლიმპიელები სამთავრობო ღონისძიებაზე დაეჯილდოებინა

ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტს სურს, მთავრობა კინკლაობაში ჩაითრიოს. ასე შეაფასა კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, ოლიმპიადაში გამარჯვებულები არ დააჯილდოოს დღეს დაგეგმილ სამთავრობო ღონისძიებაზე.

„ცდილობს კინკლაობაში ჩაგვითრიოს, თუმცა ეს ვერ იქნება ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენ მას ვერ ჩავყვებით... მიღებული პრაქტიკაა, ტრადიციაა, რომ, როცა სრულდება ოლიმპიური თამაშები, ტარდება ოფიციალური მიღება და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მხრიდან ასეთი ღონისძიების დაგეგმვა.

დაჯილდოება მისი საქმეა. მისი საქმეა, როდის გააკეთებს, სად გააკეთებს - ამაში ჩვენ ვერ ჩავერევით“, - თქვა ირაკლი კობახიძემ პარტია „ქართულ ოცნებაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

დღეს, 20:00 საათზე, მთავრობა ოლიმპიელების დახვედრის ღონისძიებას მართავს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში (პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია ავლაბარში), სადაც შესვლა შეუძლიათ მიწვეულ სტუმრებსა და ჟურნალისტებს, თუმცა არა სპორტსმენების ნახვის მსურველ რიგით ადამიანებს. პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ ღონისძიების შესახებ მას შეატყობინეს ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე, 13:00 საათზე.

დღეს, 15 აგვისტოს, პრეზიდენტმა ამ საკითხზე ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ უარს ამბობს პარიზის ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენები მთავრობის ორგანიზებულ ღონისძიებაზე დააჯილდოოს.

„მე ვთვლი, რომ ეს არის ის საკითხი, რომელიც აერთიანებს ქვეყანას, საზოგადოებას და ეს უნდა ვიზეიმოთ ერთად, არა სადღაც ჩაკეტილ სივრცეში, სადაც ხალხის გვეშინია, არამედ სახალხო ზეიმი უნდა იყოს და მე ამას ვაპირებ“, - თქვა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ პარალიმპიელები, რომლებიც საქართველოს წარმოადგენენ, ქვეყანაში ჯერ არ დაბრუნებულან.

ასევე ნახეთ პრეზიდენტმა უარი თქვა, ოლიმპიელები მთავრობის ორგანიზებულ ღონისძიებაზე დაეჯილდოებინა

12 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარიზის ოლიმპიადის პრიზიორები უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგინეს. სახელმწიფო ჯილდოს გადაცემა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ ცნობაში სალომე ზურაბიშვილი ნახსენები არ ყოფილა.

ასევე ნახეთ კობახიძემ და პაპუაშვილმა ოლიმპიადის პრიზიორები უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგინეს

წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენილი არიან:

  • ლაშა ტალახაძე - სამგზის ოლიმპიური, შვიდგზის მსოფლიოს და შვიდგზის ევროპის ჩემპიონი;
  • ლაშა ბექაური - ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული;
  • გენო პეტრიაშვილი - ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ოლიმპიური მედლების მფლობელი, მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონი.

ღირსების ორდენზე წარდგენილი არიან:

  • ტატო გრიგალაშვილი - პარიზის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი, სამგზის მსოფლიოს და სამგზის ევროპის ჩემპიონი;
  • ილია სულამანიძე - პარიზის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი;
  • გივი მაჭარაშვილი - პარიზის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი, მსოფლიოს ჩემპიონატების პრიზიორი, ორგზის ევროპის ჩემპიონი;
  • ლაშა გურული - პარიზის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი.

პარიზის 2024 წლის ზაფხულის 33-ე ოლიმპიური თამაშები 26 ივლისს გაიხსნა და 11 აგვისტოს დაიხურა, პარალიმპიური თამაშები კი 28 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე გასტანს. საქართველოს პარალიმპიადაში 14 სპორტსმენი წარადგენს.