„სუჯაში დასრულებულია მოწინააღმდეგის ძებნა და განადგურება”, - მოახსენა 14 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ოლექსანდრ სირსკიმ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.
კიევის მტკიცებით, მოვლენათა ასეთი განვითარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შესაძლებლობას აძლევს, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე თავადვე შექმნას „უსაფრთხოების ზონა“ რუსეთის მოსაზღვრე უკრაინის დასახლებების დასაცავად.
არადა სულ რაღაც 4 თვის წინ უკრაინის არმიის იერიშების აღკვეთის მიზნით, რუსეთის ლიდერი, ვლადიმირ პუტინი თავად გეგმავდა ხარკოვის ოლქში ე.წ. "სანიტარული ზონის" შექმნას, რისთვისაც რუსეთის არმიას, როგორ ჩანს, არც ადამიანური რესურსი აღმოაჩნდა და არც სამხედრო-ტექნიკური.
ასევე ნახეთ უკრაინაში პუტინის "სანიტარულ ზონას" საფრთხედ არ აღიქვამენ
პუტინის იდეის კრახი
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებისთანავე გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა კვლავ ახსენა უკრაინის ტერიტორიაზე „უსაფრთხოების ზონის“ შექმნის იდეა.
პუტინის პოლიტიკურ ლექსიკონში ტერმინები "სანიტარული ზონა" და "უსაფრთოხების ზონა" გასული წლის ივნისში, უკრაინის მხრიდან რუსეთის სასაზღვრო ტერიტორიების ინტენსიური დაბომბვის შემდეგ გაჩნდა.
„შესაძლოა, გაჩნდეს აუცილებლობა უსაფრთხოების ზონის შექმნისა, რომლის გადალახვაც საკმაოდ რთული იქნებოდა იმ გამანადგურებელი, - პირველ ყოვლისა, უცხოური წარმოშობის - საშუალებებისთვის, რომელთაც მოწინააღმდეგე იყენებს“, - ასე უპასუხა ვლადიმირ პუტინმა 17 მარტს დასმულ შეკითხვას, მიიჩნევს თუ არა აუცილებლად რუსეთთან ხარკოვის ოლქის მიერთებას იმ ფონზე, როდესაც ბოლო დღეებში კვლავ გაძლიერდა უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდის დაბომბვა.
მოგვიანებით, 2024 წლის მაისის შუა რიცხვებში ვლადიმირ პუტინმა კვლავ უარჰყო ხარკოვის ოლქის რუსეთთან მიერთება, თუმცა იქვე გადაწყვეტილად გამოაცხადა ხარკოვის ოლქში „სანიტარიული ზონის“ შექმნა.
ამ მიზნით რუსეთის ჯარებმა უკრაინის ხარკოვის ოლქის ჩრდილოეთზე სახმელეთო შეტევა რუსეთის ტერიტორიიდან 10 მაისს დაიწყეს და სხვადასხვა, მათ შორის უკრაინული წყაროების ცნობით, ათზე მეტი დასახლებული პუნქტი დაიკავეს.
„მე საჯაროდ ვამბობდი, რომ თუ ეს (რუსეთის ტერიტორიების დაბომბვა. - რედ.) გაგრძელდებოდა, იძულებული ვიქნებოდით, შეგვექმნა უსაფრთხოების ზონა, სანიტარიული ზონა. აი, ამას ვაკეთებთ“, - განაცხადა მაშინ ვლადიმირ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის ამ იდეის განხორციელებისათვის საჭირო იყო რუსეთის ქალაქ ბელგოროდის მოსაზღვრე უკრაინულ ქალაქ ვოლჩანსკზე კონტროლის დაწესება. რუსეთმა ინტენსიური საარტილერიო და სარაკეტო იერიშებით თითქმის მიწასთან გაასწორა ქალაქი ვოლჩანსკი, ცენტრალურ ნაწილსაც მიაღწია, მაგრამ, უკრაინული მხარის მტკიცებით, ქალაქზე კონტროლის დაწესება ვერ შეძლო.
უკრაინელი სამხედროები უკრაინული და დასავლური წარმოების დრონებით დიდ ზიანს აყენებდნენ რუსეთის მოწინავე ნაწილებს და ლოგისტიკას.
„კამიკაძე-დრონების გარდა გვაქვს ასევე ე.წ. ვამპირი და ბაბაიაგა, დიდი ზომის დრონები, რომელთა გამოყენებით ჩვენ უკვე გზებსაც კი ვნაღმავთ. მაგალითად, ვოლჩანსკის მიმართულებაზე რუსების შეტევა ჩაიშალა იმიტომ, რომ ზემოდან დავუნაღმეთ ლოგისტიკის გზები", - უთხრა ორი თვის წინ რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს ვიცე-პოლკოვნიკმა ვანო ნადირაძემ, ქართული ჯგუფის ხელმძღვანელმა უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში.
საბოლოო ჯამში რუსეთის პრეზიდენტის იდეა უკრაინის ტერიტორიაზე "უსაფრთხოების" თუ "სანიტარული ზონის" შექმნის შესახებ მკვდრადშობილი აღმოჩნდა, რაც 6 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კურსკის ტერიტორიაზე წამოწყებულმა მოულოდნელმა და წარმატებულმა რეიდმაც დაადასტურა.
უკრაინის არმიის მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ 13 აგვისტოს განაცხადა, რომ კურსკის ოლქში აკონტროლებენ 74 დასახლებულ პუნქტს.
დასავლური ოფიციალური პირების თანახმად, კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრის გამო რუსეთი იძულებულია, უკრაინიდან გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალების ნაწილი.
ასევე ნახეთ WSJ: კურსკის გამო რუსეთს უკრაინიდან გაჰყავს ჯარის ნაწილიწყაროები არ ასახელებენ, კურსკის გამო რამდენი რუსი სამხედრო ტოვებს უკრაინას, თუმცა თავად ფაქტი ადასტურებს უკრაინის წარმომადგენელთა განცხადებებს, რომ კურსკის ოლქში მოულოდნელი შეჭრა რუსეთს აიძულებდა ყურადღების გადატანას უკრაინიდან, სადაც ცოცხალი ძალით და ტექნიკით უპირატესობის შედეგად რამდენიმე რაიონში წინსვლა აქვს.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული რეიდი კურსკის ტერიტორიაზე სწორედ იმის დასტურია, რომ კრახი განიცადა პუტინის იდეამ, შეექმნა სანიტარული ზონა თუ ბუფერული ზონა ვოლჩანსკის გარშემო ხარკოვის ოლქში“, - ამბობს ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე.
„თავდაცვის ძალები "უსაფრთხოების ზონას" ქმნიან რუსეთის ტერიტორიაზე“
მეტიც, კურსკის ოლქში მოპოვებული ინიციატივის შემდეგ უკვე უკრაინის ხელისუფლებამ დაიწყო რუსეთის ტერიტორიაზე "უსაფრთხოების ზონის" შექმნაზე ფიქრი.
„უკრაინის სასაზღვრო რეგიონების, პირველ რიგში რუსეთის მოსაზღვრე სუმის რეგიონის, დაცვის მიზნით, უკრაინის თავდაცვის ძალები ქმნიან "უსაფრთხოების ზონას" უკრაინის ტერიტორიის მიმდებარე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე“, - დაწერა 14 აგვისტოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა ტელეგრამის არხში. გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, რომ ირინა ვერეშჩუკი ესწრებოდა უკრაინის პრეზიდენტთან გამართულ იმ თათბრის, რომელზეც კურსკის ოლქში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის ჰუმანიტარული დახმარების შესახებ, იმსჯელეს.
იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის არმიის კონტროლის ქვეშ არსებული კურსკის ოლქის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობა რჩება, ვერეშჩუკის თქმით, უკრაინელი სამხედროები უახლოეს დღეებში გეგმავენ:
- მშვიდობიანი მოსახლეობის მხარდასაჭერად ჰუმანიტარული ოპერაციების ჩატარებას მითითებული ზონის ფარგლებში;
- მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის ჰუმანიტარული დერეფნების გახსნას როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის მიმართულებით;
- მითითებულ ზონაში ჰუმანიტარული რეაგირების და ასევე ჰუმანიტარული სიტუაციის მონიტორინგის მიზნით საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების დაშვებას.
უკრაინის მოსაზღვრე რაიონებში შექმნილი სიტუაციის გამო 12 აგვისტოს მოსკოვში გამართულ თათბირზე რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინა ისევ პროვოკაციაში დაადანაშაულა და „ღირსეული პასუხით“ დაემუქრა. პუტინის განცხადებით, კიევის პროვოკაცია მიმართულია მომავალი მოლაპარაკებებისთვის პოზიციების გაძლიერებისკენ, თუმცა აზრს მოკლებულია კონტაქტი მთავრობასთან, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას უტევს.
რუსეთი, როგორც წესი, არაფერს ამბობს იმაზე, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან მუდმივად უტევს ადგილობრივ სამოქალაქო მოსახლეობას და სამოქალაქო ობიექტებს.