გიორგი ფარცვანია: თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ ოპერაციის დასრულებამდე ინტერვიუზე უარს ვამბობ

გიორგი ფარცვანია

ქართველი ჯარისკაცი გიორგი ფარცვანია, რომელიც სადესანტო ჯგუფთან ერთად ერთ-ერთი პირველი შევიდა ჯერ რუსეთის კურსკის ტერიტორიაზე, შემდეგ კი ბელგოროდის ოლქში, მიღებული კონტუზიის შემდეგ თავს კარგად გრძნობს. ამის შესახებ თავად გიორგი ფარცვანიამ შეატყობინა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს. ინტერვიუს მიცემაზე კი ის კურსკის ტერიტორიაზე მიმდინარე ოპერაციის დასრულებამდე უარს ამბობს.

უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობამ, ფარცვანიას თქმით, კურსკისა და ბელგოროდის ოპერაციაში მონაწილე ყველა სამხედროს კატეგორიულად აუკრძალა ოპერაციის ზონიდან ისეთი ვიდეო და ფოტომასალის გავრცელება, რომელმაც შესაძლოა რუსეთის სარდლობას მათი ადგილმდებარეობის დადგენის შესაძლებლობა მისცეს. შეზღუდულია ასევე მედიასთან ურთიერთობა, რის გამოც საზოგადოებამ საბრძოლო მოქმედებების ერთი კვირის თავზეც კი ცოტა რამ თუ იცის კურსკისა და ბელგოროდის ტერიტორიებზე მიმდინარე ოპერაციის შესახებ.

„ეს ძალიან სწორია, რომ ამჟამად ჩვენ ცოტა რამ ვიცით [კურსკის ოპერაციის შესახებ]. ვინაიდან იყო მაგალითები, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობდით ბევრს, მაგრამ ვაღწევდით მცირე წარმატებებს", - უთხრა გამოცემა "უკრაინსკა პრავდას" რომან კოსტენკომ, უკრაინის "ვერხოვნა რადის" საპარლამენტო ფრაქცია „ჰოლოსის“ დეპუტატმა. კოსტენკო უკრაინის უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკია სამსახურის 20-წლიანი სტაჟით. "მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე შეასრულეს რეიდი, ხელთ იგდეს 20 დასახლებული პუნქტი, ახლაც ინარჩუნებენ მათ და აგრძელებენ წინსვლას. მანამდე ჩვენ რუსეთის ტერიტორიაზე ვატარებდით მცირე ოპერაციებს, რომლებშიც რუსი მოხალისეები იღებდნენ მონაწილეობას. ახლა კი რეიდში საბრძოლო ბრიგადები მონაწილეობენ.
მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე ასეთი რეიდი - ეს ძალიან რთული ამოცანაა. და მიუხედავად იმისა, რომ, როგორც გახსოვთ, ჩვენი პარტნიორები გვიკრძალავდნენ რუსეთის მიმართულებით სროლას, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალთან ერთად მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო.“

კიევმა კურსკის ოპერაციის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ გაამჟღავნა სამხედრო მოქმედების მიზანი.

უკრაინას რუსეთის კურსკის ოლქის ხელში ჩაგდება კი არ აინტერესებს, არამედ სურს, საკუთარი ხალხის სიცოცხლე დაიცვას იმით, რომ რუსეთს არ მისცეს დონეცკის ოლქში დამატებითი ქვედანაყოფების გადასროლის საშუალება და რუსეთის ჯარებს გაურთულოს ლოგისტიკა, განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჰეორჰი ტიხიმ.
„სამწუხაროდ, უკრაინას არ მოეპოვება საკმარისი შესაძლებლობები შორ მანძილზე დარტყმების მისაყენებლად იმ შეიარაღებით, რომელიც მოგვეპოვება ამ ტერორისგან თავის დასაცავად. ამიტომ აუცილებელია უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარებით საზღვრისპირა რაიონების გათავისუფლება რუსეთის სამხედრო კონტინგენტებისგან, რომლებიც უკრაინას უშენენ ცეცხლს,“ - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

კურსკის ოლქიდან მარტო ზაფხულის დამდეგიდან, მეზობლად მდებარე უკრაინის სუმის ოლქს ორი ათასზე მეტი დარტყმა მიაყენეს, გამოყენებულია 255 მართული ავიაბომბი და 100-ზე მეტი რაკეტა.

ასევე ნახეთ კიევი: ჩვენ არ გვჭირდება რუსეთის ტერიტორია, ოპერაციის მიზანია უკრაინელთა დაცვა

ერთი დღით ადრე რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ზუსტად იგივე თქვა უკრაინაში მებრძოლმა ვიცე-პოლკოვნიკმა ვანო ნადირაძემ.

"შესაბამისად უკრაინის საზღვრის გადალახვას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და სწორი ნაბიჯი იყო. ამ წუთას ოპერაციის უფრო ბელგოროდის მიმართულებით გაფართოებაზე ვფიქრობთ, რადგან უკრაინის ტერიტორიაზე მოწინააღმდეგეს სწორედ ბელგოროდის მიმართულებიდან შეჰყავს ის ძალები, რომლებიც ხარკოვზე იერიშებს ახორციელებენ. რუსეთის არმიისთვის ლოგისტიკური გზების გადაკეტვა გვინდა და ამიტომ ამჟამად უფრო ბელგოროდია ჩვენი ინტერესების ქვეშ", - უთხრა რადიო თავისუფლებას ვანო ნადირაძემ, უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელმა, რომელიც ამტკიცებს, რომ უშალოდ მონაწილეობდა ბელგოროდში მიმდინარე ოპერაციის დაგეგმვაში.

ასევე ნახეთ „კურჩატოვიდან უკვე 10 კილომეტრში ვართ“ - ვანო ნადირაძე

„ასიმეტრიული მოქმედებების უპირატესობა“

უკრაინელი სამხედრო ექსპერტი მიხაილო სამუსი ფიქრობს, რომ რუსეთის კურსკის ოლქში მიმდინარე ოპერაცია ნაწილია უკრაინის სამხედრო სარდლობის გეგმისა, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის შეტევითი შესაძლებლობების თანდათანობით შერყევას სწორედ ასიმეტრიული საბრძოლო ოპერაციების საშუალებით.

"მე ვწინასწარმეტყველებდი, რომ უკრაინის სარდლობა ჩაატარებდა არასტანდარტულ ოპერაციას, რათა შეერყია შესაძლებლობები, რომლებსაც რუსეთი დონბასში შეტევითი ოპერაციების ჩატარებისთვის იყენებს", - უთხრა მიხაილო სამუსმა რადიო თავისუფლებას.

ასევე ნახეთ მიხაილო სამუსი: "მსგავსმა ასიმეტრიულმა ოპერაციებმა უნდა აიძულოს რუსეთი, შეაჩეროს შეტევა დონბასში"

თუმცა არიან ისეთი ექსპერტებიც, რომლებიც კითხვას სვამენ, ხომ არ აჯობებდა კურსკის ნაცვლად ამ ძალების გადასროლა უკრაინის იმ ტერიტორიაზე, სადაც ახლა ძალიან რთული სიტუაციაა.

„თუ ამ ჯარს უბრალოდ იქ გავგზავნიდით, სადაც ახლა მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, მაშინ, ფაქტობრივად, ეს იქნებოდა იგივე სიმეტრიული მოქმედება. ახლა კი ჩვენს განკარგულებაშია 350 კვადრატული კილომეტრი, რომელიც ჩვენ ერთ დღეში დავიკავეთ. რუსეთი თვეების განმავლობაში ცდილობდა და ვერ მოახერხა ამხელა ტერიტორიის ხელში ჩაგდება. შეტევითი იერიშის დაწყების დროს მათ გარკვეული წარმატებები ჰქონდათ, მაგრამ მათ ბრძოლის ველზე დატოვეს ათიათასობით თავიანთი ჯარისკაცი და განადგურებული ტექნიკა, - ამბობს დეპუტატი რომან კოსტენკო და დასძენს, - პერსპექტივაში დავაკვირდებით, თუ როგორ იმუშავებს ეს და მოვახერხებთ თუ არა რუსეთის ჯარების მოწყვეტას მნიშვნელოვანი მიმართულებებიდან. მაგრამ ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ მოწინააღმდეგეს აქვს პრობლემები შეიარაღებულ ძალებთან და რეზერვთან დაკავშირებით".

„უკრაინული სული ძლიერდება“

რომან კოსტენკო, საპარლამენტო ფრაქცია „ჰოლოსის“ დეპუტატი „ვერხოვნა რადაში“, „უკრაინსკა პრავდასთან“ ინტერვიუში კურსკის ოპერაციის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას.

ის აღნიშნავს, რომ კურსკის ოპერაციის წარმატებამ დადებითად იმოქმედა უკრაინის შეიარაღებული ძალების მორალურ სულისკვეთებაზე და არმიის დისკრედიტებულ იმიჯზე:
„რატომ? იმიტომ, რომ ბევრი ადამიანი, რომლებიც უშუალოდ არ არიან დაკავშირებული საბრძოლო მოქმედებებთან, ჩვენი ჯარების მცოცავ უკანდახევას აღიქვამდა, როგორც მარცხს. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ბოლო დიდი გამარჯვებები გვქონდა ხარკოვისა და ხერსონის ოლქებში.
და ნახეთ რა ხდება ახლა - მაშინაც კი, როცა არ არის საკმარისი ინფორმაცია, ჩანს, თუ როგორ ძლიერდება უკრაინის სული. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ძალგვიძს შემდგომშიც ჩავატაროთ მსგავსი ოპერაციები. ეს უკვე არის წარმატება, რომ ასე მოვემზადეთ და ვმოქმედებთ და შესაძლოა, რომ [ოპერაცია] უახლოეს ხანში სხვა მიმართულებითაც განვითარდეს
“.

უკრაინის შეიარაღებული ძალების რეგულარული დანაყოფები 6 აგვისტოს დილით შევიდნენ რუსეთის კურსკის ოლქში და იმავე დღეს ქალაქ სუჯაზე და რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე დაამყარეს კონტროლი. მომდევნო დღეებში წინსვლა გაგრძელდება და 12 აგვისტოს მონაცემებით, კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ 1000-მდე კვადრატულ კილომეტრს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა საზღვრის მიღმა ოპერაციის შესახებ თავის პირველ საჯარო გამოსვლაში, ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ.


"რუსეთმა ომი სხვებს მოუტანა და ახლა ომი სახლში ინაცვლებს. უკრაინას ყოველთვის მხოლოდ მშვიდობა სურდა და ჩვენ მშვიდობას ნამდვილად უზრუნველვყოფთ. რუსეთი იძულებული უნდა გახდეს, დათანხმდეს მშვიდობას, თუკი [რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ] პუტინს ასე ძალიან უნდა ომი", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 12 აგვისტოს საღამოს ვიდეომიმართვაში.

ასევე ნახეთ

ზელენსკი აღიარებს კურსკში შეჭრას, ამბობს, რომ რუსეთი იძულებული უნდა გახდეს დათანხმდეს მშვიდობას
  • რუსეთის ხელისუფლება უკვე აღარ მალავს, რომ უკრაინის ჯარები რუსეთის კურსკის ტერიტორიაზე დაახლოებით 12 კილომეტრის სიღრმეში არიან შესული, ბრძოლა მიმდინარეობს და უკრაინა აკონტროლებს 489 კვადრატულ კილომეტრს.
  • რუსეთი დაიმუქრა, რომ "მკვეთრ პასუხს" გასცემს უკრაინის ჯარების იერიშებს.
  • „ეჭვი არ გვეპარება, რომ ამ ბოროტმოქმედებების ორგანიზატორები და შემსრულებლები, მათ შორის მათი უცხოელი კურატორები, ამისთვის პასუხს აგებენ. რუსეთის შეიარაღებული ძალების მკვეთრი პასუხი არ დააყოვნებს“, - განაცხადა 11 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
  • მაგრამ ზახაროვას ამ მუქარის შემდეგ უკრაინულმა ქვედანაყოფებმა განაგრძეს წინსვლა კურსკის ოლქის ტერიტორიაზე და, როგორც ვიცე-პოლკოვნიკმა ვანო ნადირაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, 10 კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდნენ ქალაქ კურჩატოვს.

ასევე ნახეთ

„კურჩატოვიდან უკვე 10 კილომეტრში ვართ“ - ვანო ნადირაძე