Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხაილო სამუსი: "მსგავსმა ასიმეტრიულმა ოპერაციებმა უნდა აიძულოს რუსეთი, შეაჩეროს შეტევა დონბასში"


"შექმნილ ვითარებაში უკრაინის სამხედრო სარდლობა ცდილობს რუსეთის ძალების თანდათანობით შერყევას", - ამბობს მიხაილო სამუსი.
"შექმნილ ვითარებაში უკრაინის სამხედრო სარდლობა ცდილობს რუსეთის ძალების თანდათანობით შერყევას", - ამბობს მიხაილო სამუსი.

უკრაინელი სამხედრო ექსპერტი მიხაილო სამუსი ფიქრობს, რომ რუსეთის კურსკის ოლქში მიმდინარე ოპერაცია ნაწილია უკრაინის სამხედრო სარდლობის გეგმისა, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის შეტევითი შესაძლებლობების თანდათანობით შერყევას.

"მე ვწინასწარმეტყველებდი, რომ უკრაინის სარდლობა ჩაატარებდა არასტანდარტულ ოპერაციას, რათა შეერყია შესაძლებლობები, რომლებსაც რუსეთი დონბასში შეტევითი ოპერაციების ჩატარებისთვის იყენებს. რუსეთის არმიამ, კრემლის ბრძანებით, ამა წლის ნოემბრამდე, ანუ აშშ-ში პრეზიდენტის არჩევნებამდე უნდა დაასრულოს დონბასის სრული ოკუპაცია. რუსეთი რთავს მთელ ძალებს, მთელ რეზერვებს, რათა დიდი დანაკარგების მიუხედავად, განაგრძოს წინსვლა დონბასში. მაგრამ დანაკარგები მათ არ აჩერებთ, ვინაიდან არსებობს კრემლის ბრძანება", - უთხრა მიხაილო სამუსმა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების რეგულარული დანაყოფები 6 აგვისტოს შეიჭრნენ კურსკის ოლქის სუჯის რაიონში.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის სამხედრო უწყება და გენერალური შტაბი არ აკეთებენ კომენტარებს კურსკში განვითარებულ მოვლენებზე, მიხაილო სამუსი დარწმუნებულია, რომ კურსკში მიმდინარე სადესანტო ოპერაციას მჭიდრო კავშირი აქვს 6 აგვისტოს ხერსონის ოლქში, ტენდრის ყურეში (Те́ндровская коса́), განხორციელებულ რეიდთან.

"ასეთ ვითარებაში ნებისმიერმა ასიმეტრიულმა ოპერაციამ - იქნება ეს ჩრდილო-აღმოსავლეთსა თუ სამხრეთში, ყირიმის გარშემო თუ ყირიმის მახლობლად, როგორიც იყო 6 აგვისტოს, ღამით, სპეციალური ოპერაციების ძალებისა და სამხედრო დაზვერვის სამმართველოს ერთობლივი რეიდი საზღვაო (ტენდრის) ყურეში - უნდა აიძულოს რუსეთის სარდლობა ან შეაჩეროს შეტევა დონბასში, რითაც განეიტრალდება არსებული საფრთხე ჩრდილო-აღმოსავლეთსა და სამხრეთში, ან რუსეთი ჩათვლის, რომ უკრაინას არ ძალუძს არანაირი სერიოზული წარმატების მიღწევა ფრონტის სხვა უბნებზე - თუ არ ჩავთვლით რუსეთისათვის ისეთი უმნიშვნელო საფრთხის შექმნას, როგორიც იყო უკრაინის მხარეზე მებრძოლი "რუსეთის მოხალისეთა კორპუსისა" და რუსეთის სხვა მოხალისეთა ჯგუფების შარშანდელი რეიდი ბელგოროდში. ასეთ შემთხვევაში, რუსეთი გააგრძელებს შეუფერხებელ წინსვლას დონბასში და აღარ მოუწევს რეზერვის გადასროლა უკრაინის სამხრეთში. ამიტომ, ჩემი აზრით, შექმნილ ვითარებაში უკრაინის სამხედრო სარდლობა ცდილობს რუსეთის ძალების თანდათანობით შერყევას. თუ რუსეთი არ გადაისვრის თავის რეზერვებს კურსკის ოლქის დასაცავად, ხოლო იმავე მომენტში უკრაინა განახორციელებს ოპერაციებს სხვა, მათ შორის სამხრეთ მიმართულებაზე, კერძოდ, ხერსონის მარცხენა ნაპირზე და ყირიმზე, ასეთ შემთხვევაში ფრონტზე ვითარება შესაძლოა მკვეთრად შეიცვალოს. უკრაინას სჭირდება ძლიერი პოზიციების შექმნა 2025 წლამდე, როდესაც დღის წესრიგში დადგება სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომლებსაც აშშ-ის ახალი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ვლადიმირ პუტინთან გამართავს", - უთხრა მიხაილო სამუსმა რადიო თავისუფლებას.

8 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსი სამხედროები აგრძელებენ ბრძოლას კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეჭრილი უკრაინის სამხედრო ძალის წინააღმდეგ. სამხედრო უწყების შეტყობინებაში ნათქვამია, რომ დღის განმავლობაში “არ დაუშვეს” უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა.

უკრაინულ მხარეს ოფიციალურად არ გაუკეთებია კომენტარი საზღვრის გავლით განხორციელებულ რეიდზე, რომელსაც ექსპერტები და ანალიტიკოსები რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის დაწყებიდან რუსეთის ტერიტორიაზე ჩატარებულ ყველაზე მასშტაბურ ოპერაციას უწოდებენ.

მიხაილო პოდოლიაკი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, პირველი უკრაინელი ოფიციალური პირია, რომელმაც ტელეგრამის არხის საშუალებით გააკეთა კომენტარი კურსკში განვითარებულ მოვლენებზე.

პოდოლიაკი არ ახსენებს უკრაინელი სამხედროების შეტევას, მაგრამ ამბობს, რომ რუსეთი იმას იმკის, რაც დათესა.

"ნებისმიერი ესკალაციის, დაბომბვის, ბრძოლის, იძულებითი ევაკუაციის, ცხოვრების ჩვეული ფორმატების განადგურების მიზეზი - მათ შორის თავად რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკისა და ბელგოროდის რეგიონების ჩათვლით - მხოლოდ ერთია: ესაა რუსეთის უპირობო აგრესიის ფაქტი, მისი მცდელობა, ხელთ იგდოს უცხო ტერიტორიები და უგულებელყოს საერთაშორისო სამართლის ნორმები", - წერს მიხაილო პოდოლიაკი.

  • გენშტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა ვლადიმირ პუტინს მოახსენა, რომ 6 აგვისტოს, გამთენიისას, უკრაინის შეიარაღებული ძალების 1000-მდე სამხედრო შეტევაზე გადავიდა კურსკის ოლქის სუჯის რაიონის ნაწილის დასაპყრობად.
  • გენერალ გერასიმოვის მტკიცებით, ტერიტორიის სიღრმისკენ მოწინააღმდეგის გადაადგილება შეჩერებულია, ლიკვიდირებულია, სულ მცირე, 100 უკრაინელი სამხედრო, 215 დაჭრილია და განადგურებულია 54 ერთეული ტექნიკა, მათ შორის 7 ტანკი. ეს მონაცემები დამოუკიდებელი წყაროებით დადასტურებული არ არის.
  • გერასიმოვი, რომელსაც რუსეთის დანაკარგებზე არაფერი უთქვამს, პუტინს დაჰპირდა, რომ ოპერაცია უკრაინის ძალების „სრული განადგურებით" დასრულდება.
  • რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევი მოითხოვს, რომ კურსკის ოლქზე უკრაინის „ტერორისტულ ოპერაციას“ მოჰყვეს „პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგი“.
  • მედვედევი აცხადებს, რომ [რუსებმა] „ჯერ კიდევ არსებული უკრაინის“ მიწებიც უნდა დაიპყრონ და წავიდნენ „ოდესამდე, ხარკოვამდე, დნეპროპეტროვსკამდე, ნიკოლაევამდე, კიევამდე და უფრო შორს“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG