ოჯახი, რომლის ორი წევრიც ხანძარს ემსხვერპლა, სოციალურად დაუცველია

ზუგდიდი, შემთხვევის ადგილი

ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ სოციალურ შემწეობას იღებდა ზუგდიდში, მრავალსართულიან კორპუსში მცხოვრები ის ოჯახი, რომლის ორი წევრიც ძლიერმა ხანძარმა იმსხვერპლა. ოჯახისთვის გაცემული შემწეობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას უწყების პრესსამსახური მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ხსნის.

დაღუპული ექვსი წლის ტყუპი ძმები და-ძმასთან და დედასთან ერთად დაქირავებულ ბინაში ცხოვრობდნენ. მეზობლების თანახმად, ოჯახს დავალიანების გამო გათიშული ჰქონდა ელექტროენერგია. ვარაუდობენ, რომ ხანძრის გაჩენის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო სანთელი, რომელიც შინ მარტო მყოფ ბავშვებს ჩაძინებისას შესაძლოა ანთებული დარჩათ. ელექტრომიმწოდებელ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამ ეტაპზე ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

ასევე ნახეთ ზუგდიდში ხანძარს ორი ბავშვი ემსხვერპლა

„ოჯახი ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს სოციალურ შემწეობას. ასევე, 2023 წლის აპრილიდან, არასრულწლოვანებს, დამატებით, დაენიშნათ რეინტეგრაციის ანაზღაურება. აღნიშნული გასაცემელი, ყოველთვიურად, შეადგენდა 1500 ლარს. 2023-2024 წლებში ისარგებლა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის გადაუდებელი დახმარების პროგრამით. არასრულწლოვანები ჩართულნი იყვნენ ადრეული განვითარების ქვეპროგრამაში“, - წერს ჯანდაცვის სამინისტრო ხუთწევრიანი ოჯახის შესახებ.

დამატებით, უწყებაში აღნიშნავენ, რომ 2018 წლიდან 2023 წლის 1 აპრილამდე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბავშვები ოჯახიდან განცალკევებული (სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ) იყვნენ:

„რეინტეგრაცია ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მათი აზრისა და ბიოლოგიურ ოჯახში აღზრდის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდა“.

ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე, მრავალსართულიან კორპუსში ხანძარი 12 აგვისტოს, ღამით, გაჩნდა. როგორც მეზობლები ჰყვებიან, დედას მძიმე ფიზიკური შრომა უწევდა და ბავშვები ხშირად რჩებოდნენ მარტო. ხანძრის დროს უფროსმა და-ძმამ ბინიდან დროულად გამოსვლა შეძლო. ექვსი წლის ტყუპები კი ადგილზე მისულ მაშველებს გარდაცვლილები დახვდათ.

ასევე ნახეთ სტაბილურია ზუგდიდში ხანძარს გადარჩენილი და-ძმის მდგომარეობა