აშშ-ის "ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია" - იგივე ჰელსინკის კომისია - პლატფორმა X-ზე აქვეყნებს განცხადებას თაღლითური ქოლცენტრებიდან "ქართული ოცნების" მიერ შავი ფულის გამოყენების შესახებ.
"'ქართული ოცნება' ეყრდნობა შავ ფულს თაღლითური ქოლცენტრების ქსელიდან მსოფლიოს გარშემო, იმისთვის, რომ დააფინანსოს თავისი ოპერაციები და შეავიწროოს თავისი ოპოზიცია", - წერს ჰელსინკის კომისია.
კომისია სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, დაუპირისპირდეს ამგვარ ქოლცენტრებს, "რომლებიც აფინანსებენ 'ქართული ოცნების' ანტიდემოკრატიულ კამპანიას ქართველი ხალხის წინააღმდეგ".
„ქართული ოცნების“ მიერ თაღლითური ქოლცენტრების გამოყენება ნახსენები იყო ჰელსინკის კომისიის წევრი ამერიკელი კონგრესმენების წერილშიც, რომლითაც მათ 31 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს მიმართეს და ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლო გარემოცვისთვის სანქციების დაწესება მოითხოვეს.
აშშ-ის ჰელსინკის კომისია არის აშშ-ის ხელისუფლების კომისია, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვას, სამხედრო უსაფრთხოებას და ეკონომიკურ თანამშრომლობას ევროპის, ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის 57 ქვეყანაში. კომისიის ცხრა წარმომადგენელი სენატის წევრია, ცხრა - წარმომადგენელთა პალატის, სამი - აღმასრულებელი ხელისუფლების ოფიციალური პირია.
ასევე ნახეთ კონგრესმენები ბლინკენს ივანიშვილისა და მისი გარემოცვის სანქცირებისკენ მოუწოდებენ