ირაკლი კობახიძე: აშშ-ის ყოფილი ელჩი „რევოლუციური პროცესების თანამონაწილე“ იყო, ველით, რომ ამერიკა „თვისებრივად შეცვლის მიდგომებს“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მან აშშ-ის დელეგაციას გაუზიარა „იმედგაცრუება და შეშფოთება“ ბოლო 4 წლის განმავლობაში ამერიკასა და საქართველოს შორის გაფუჭებული ურთიერთობის შესახებ. პრემიერის თქმით, აშშ-ის ყოფილ ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს, „ჰქონდა რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მცდელობა საქართველოში 2021 წელს“ და „პირდაპირ იყო იმ ჩავარდნილი რევოლუციური პროცესების თანამონაწილე, რომელიც 2022 წლის ივნისში განხორციელდა.“ პრემიერმა ამის შესახებ ჟურნალისტებს შინდისში განუცხადა.

ირაკლი კობახიძის ვერსიით, „უსამართლო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის არმინიჭებასთან დაკავშირებით, მოჰყვა რევოლუციის მცდელობა და ამ რევოლუციის მცდელობის ფარგლებში უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები ავიდნენ პირდაპირ პოლიტიკურ სცენაზე და მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და მათი მონაწილეობით ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება.“

ასევე ნახეთ შაჰინმა და ტერნერმა ჩიქოვანთან შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს მთავრობის ცრუ ნარატივების გამო - აშშ-ის საელჩო

მისი ეს კომენტარი შეეხებოდა ამერიკელი სენატორის, დემოკრატი ჯინ შაჰინის და რესპუბლიკელი კონგრესმენის, მაიკ ტერნერის ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში. სენატორი და კონგრესმენი შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, ასევე ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წევრებს. ჯინ შაჰინის განცხადებით, მათ სურდათ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაც, თუმცა უარი მიიღეს.

ირაკლი კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მკაფიოდ განუმარტა ამერიკელ პარტნიორებს, თუ რატომ არ შეხვდა მათ. „თუ რამდენად შეიძლება გახდეს ეს განმარტება საჯარო, ეს არის დამოკიდებული ბიძინა ივანიშვილზე, ეს დამოკიდებულია ჩვენს ამერიკელ პარტნიორებზე. თუ დადგება დღის წესრიგში ამის გასაჯაროება, შესაბამისი მხარეები მიიღებენ ამის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა პრემიერმა.

ჯინ შაჰინმა პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ განცხადება, თითქოს აშშ საქართველოში გადატრიალებას გეგმავდა, „აბსოლუტური სიცრუეა“. მისივე შეფასებით, საქართველოს პრემიერი „არ ჩანს დაინტერესებული“ ამერიკასთან ურთიერთობების გაგრძელებით.

ასევე ნახეთ სენატორი ჯინ შაჰინი: საქართველოს პრემიერი არ ჩანს დაინტერესებული აშშ-სთან ურთიერთობების გაგრძელებით

ირაკლი კობახიძის თქმით, ამერიკულ-ქართული ურთიერთობების გადატვირთვა უახლოესი ერთი წლის განმავლობაშია შესაძლებელი, მაგრამ ამისათვის საჭიროა, რომ ვაშინგტონმა თვისებრივად შეცვალოს მიდგომა თბილისის მიმართ. “დეტალურად ვუთხარი ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, თუ რას ველით მათგან უახლოესი ერთი წლის განმავლობაში. ველით, რომ აღარ მოხდება ის, რაც ხდებოდა გასული ოთხი წლის განმავლობაში. თუ თვისებრივად შეიცვლება მიდგომები, ამ შემთხვევაში არაფერი უდგას წინ ურთიერთობების გადატვირთვას” - თქვა მან.

„საქართველო არის პატარა ქვეყანა. აშშ არის ძალიან დიდი ქვეყანა, მსოფლიო გავლენით. საქართველოს ბევრის შეცვლა არ შეუძლია ამ ურთიერთობებში. ყველაფერი არის ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ხელში“, - განაცხადა პრემიერმა.