კატალონიელი სეპარატისტი პუჩდემონი, სავარაუდოდ, კვლავ ბელგიაში დაბრუნდა

კატალონიელი სეპარატისტების მეთაური კარლეს პუჩდემონი ბარსელონაში ხანმოკლე სტუმრობისას შვიდწლიანი ემიგრაციის შემდეგ. 8 აგვისტო, 2024 წელი

კატალონიელი სეპარატისტების მეთაური, ესპანეთში ძებნაში მყოფი კარლეს პუჩდემონი, თავისი პარტიის თანახმად, კვლავ ემიგრაციაში დაბრუნდა ბელგიაში.

ჯერჯერობით ამ ცნობის დასტური არ მოიპოვება.

კარლეს პუჩდემონი 8 აგვისტოს მცირე ხნით იმყოფებოდა ბარსელონაში და სიტყვით გამოვიდა ათასობით მსმენელის წინაშე. შემდეგ მან მიმალვა მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია ეძებდა.

ესპანეთის პროკურატურა მას ბრალად სდებს საჯარო ფინანსების გაფლანგვას, როცა კატალონიის რეგიონის მთავრობას მეთაურობდა.

ესპანეთის მთავრობის მიერ კატალონიელი სეპარატისტების მიმართ გამოცხადებული ამნისტია ამ დანაშაულზე არ ვრცელდება.

პუჩდემონის მცირე ხნით შინ დაბრუნების მიზეზი იყო სოციალისტური პარტიის წარმომადგენლის, სალვადორ ილია როკას არჩევა კატალონიის რეგიონული მთავრობის პრეზიდენტად. 8 აგვისტოს კენჭისყრაზე ილია როკას პარლამენტის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. ის პროესპანური კურსის მიმდევარი და კატალონიის დამოუკიდებლობის წინააღმდეგია.

2017 წელს კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ ჩატარებული რეფერენდუმი, რომლის შემდეგ რეგიონის დამოუკიდებლობა გამოცხადდა, ცენტრალურმა მთავრობამ უკანონოდ შეაფასა. იმავე წლის ოქტომბრის ბოლოს, ესპანეთის ცენტრალურმა მთავრობამ რეგიონის ავტონომია გააუქმა, ადგილობრივი მთავრობა გადააყენა და რიგგარეშე არჩევნები დანიშნა.

მადრიდმა ამბოხებაში დაადანაშაულა 13 კატალონიელი სეპარატისტი პოლიტიკოსი, მათ შორის პრეზიდენტი კარლეს პუჩდემონი, რომელიც ოთხ მინისტრთან ერთად ბელგიაში გაიქცა.

ასევე ნახეთ ესპანეთში სოციალისტები და კატალონიელი სეპარატისტები სამთავრო კოალიციაზე თანხმდებიან