რუსეთი და ჩინეთი შესაძლოა შემოდგომიდან ვაჭრობაში ბარტერზე გადავიდნენ - Reuters

თუ ჩინეთსა და რუსეთს შორის ბარტერი ამოქმედდება, ეს იქნება პირველი შემთხვევა 30 წლის განმავლობაში.

დასავლეთის სანქციების მოქმედებით გამოწვეული საბანკო გადახდების პრობლემების გამო, შემოდგომიდან რუსეთი და ჩინეთი ორმხრივ ვაჭრობაში შესაძლოა ბარტერზე გადავიდნენ. ამის შესახებ “როიტერსი” სავაჭრო და ფინანსური მომსახურების სფეროს სამ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

სააგენტოს თანამოსაუბრეების განცხადებით, შესაძლოა პირველი იყოს შეთანხმება სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე. მსხვილი რუსული ბანკის ანონიმი უფროსი მენეჯერი დეტალების დაზუსტების გარეშე ამბობს, რომ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობაში ბარტერული სქემები უკვე მზადაა.

როგორც “როიტერსი” აღნიშნავს, თუ ჩინეთსა და რუსეთს შორის ბარტერი ამოქმედდება, ეს იქნება პირველი შემთხვევა 30 წლის განმავლობაში. ასეთ სქემებზე უარი საბანკო სექტორის განვითარების გამო თქვეს.

გადახდის პრობლემები იყო მთავარი საკითხი მაისში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ვიზიტის დროს ჩინეთში. მას შემდეგ რუსულმა კომპანიებმა თავიანთი ოპერაციებისთვის დაიწყეს იმ მცირე რეგიონული ჩინური ბანკების გამოყენება, რომელთა საქმიანობის თვალყურის დევნება ჩინეთის ფარგლებს გარეთ რთულია, მაგრამ ამან პრობლემა ვერ გადაჭრა.

მას შემდეგ, რაც ივნისში შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა მეორადი სანქციების შემოღების პარამეტრები, თითქმის შეუძლებელი გახდა ჩინეთსა და რუსეთს შორის გადახდები თუნდაც იუანში. ასეთი ტრანზაქციები ან გაყინულია, ან დაგვიანებულია, - წერს Bloomberg-ი.

"კომერსანტის" ცნობით, ივლისის ბოლოს რუსეთიდან ჩინეთში იუანში გადახდების დაახლოებით 80% უკან დაბრუნდა იმის შიშით, რომ ჩინური ბანკები მეორად სანქციებს დაექვემდებარებიან.

ასევე ნახეთ

ჩინური ბანკის შვილობილი კომპანია Bank of China სანქციების გამო წყვეტს მუშაობას რუსეთის ბანკებთან

ოფიციალურად, პეკინი არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ. თუმცა შეზღუდვების დაწესების შემდეგ ჩინურმა ბანკებმა მუშაობა შეამცირეს სანქცირებულ რუს კლიენტებთან. მაგალითად, საზღვარგარეთ მუშაობა შეწყვიტა რუსული ბანკების მიერ გაცემული ჩინური UnionPay გადახდის სისტემის ბარათებმა, რომლებიც შედიოდა სანქციების სიებში. 2023 წლის ზაფხულში რუსეთის ფინანსური ინსტიტუტები Bank of China-ს მეშვეობით ევროპისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გადარიცხვების აკრძალვის წინაშე აღმოჩნდნენ.

მანამდე ვაშინგტონმა გააფრთხილა ჩინეთი, რომ აშშ მზადაა დააწესოს სანქციები, თუკი პეკინი გააგრძელებს რუსეთის მომარაგებას ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებით.

ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის რომელიმე მხარეს იარაღს არ აწვდის. პეკინი რუსეთის სრულმასშტაბიან ომს უკრაინაში "უკრაინის კრიზისს" უწოდებს.