Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინური ბანკის შვილობილი კომპანია Bank of China სანქციების გამო წყვეტს მუშაობას რუსეთის ბანკებთან


ჩინურმა ბანკებმა მუშაობა შეამცირეს სანქცირებულ რუს კლიენტებთან.
ჩინურმა ბანკებმა მუშაობა შეამცირეს სანქცირებულ რუს კლიენტებთან.

ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური ბანკის შვილობილი რუსული ფილიალი Bank Of China 24 ივნისიდან შეაჩერებს ოპერაციებს იმ რუსულ ბანკებთან, რომლებიც აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცნენ. ამის შესახებ გაზეთი "კომერსანტი" წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ბანკი გააგრძელებს მუშაობას სხვა პარტნიორებთან, რომლებიც არ შედიან აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ მიღებულ სანქცირებულთა სიაში. ამ სიაში შეყვანა ბანკისთვის ნიშნავს აქტივების გაყინვას შეერთებულ შტატებში და დოლარში ანგარიშსწორების აკრძალვას ნებისმიერ ამერიკელ კონტრაქტორთან.

აქტივების მიხედვით, Bank of China მეორე ადგილზეა რუსეთში მოქმედ ჩინეთის ბანკების შვილობილ კომპანიებს შორის. ორ ქვეყანას შორის ფინანსური ანგარიშსწორების დროს იგი ფოკუსირებულია იუანის გადახდაზე. ექსპერტების აზრით, Bank of China-ზე ჩინური ბიზნესის, სამთავრობო უწყებებისა და მსხვილი რუსული კომპანიების საგადახდო ტრაფიკის მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის.

რუსული ბაზრისთვის ეს ნიშნავს დამატებით დანაკარგებს როგორც გადახდის დამუშავების ვადების, ისე ღირებულების თვალსაზრისით. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ის არის, რომ გადასახადები გავა საბანკო სექტორს მიღმა, რის შედეგადაც, როგორც „კომერსანტის“ თანამოსაუბრეები აღნიშნავენ, სახელმწიფოს სულ უფრო ნაკლები კონტროლი ექნება მათზე და გაიზრდება თაღლითობის რისკები.

ოფიციალურად, პეკინი არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ. თუმცა შეზღუდვების დაწესების შემდეგ ჩინურმა ბანკებმა მუშაობა შეამცირეს სანქცირებულ რუს კლიენტებთან. მაგალითად, საზღვარგარეთ მუშაობა შეწყვიტა რუსული ბანკების მიერ გაცემული ჩინური UnionPay გადახდის სისტემის ბარათებმა, რომლებიც შედიოდა სანქციების სიებში. 2023 წლის ზაფხულში რუსეთის ფინანსური ინსტიტუტები Bank of China-ს მეშვეობით ევროპისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გადარიცხვების აკრძალვის წინაშე აღმოჩნდნენ.

მანამდე ვაშინგტონმა გააფრთხილა ჩინეთი, რომ აშშ მზადაა დააწესოს სანქციები, თუკი პეკინი გააგრძელებს რუსეთის მომარაგებას ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებით.

კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჩინეთში ყოფნის დროს ყურადღება გაამახვილა ჩარხებსა და მიკროელექტრონიკაზე, რომელთა გამოყენება რუსეთის ხელისუფლებას სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად შეუძლია.

"ჩინეთის მხარდაჭერის გარეშე რუსეთს გაუჭირდებოდა უკრაინის წინააღმდეგ შეტევის გაგრძელება ", - განაცხადა ენტონი ბლინკენმა სი ძინ პინთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG