რაც შეიძლება მკაცრი სასჯელი - როგორ ცვლიდა ხელისუფლება კანონს და ავიწროებდა სივრცეს პროტესტისთვის

"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან; 2 მაისი, 2024 წელი.

2024 წლის გაზაფხულზე “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციებზე სისხლის სამართლის წესით 9 ადამიანი დააკავეს. დაკავებულებიდან  შვიდს გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება, ორის შემთხვევას ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაცია აქვს, რაც დამამძიმებელი გარემოებაა.

ცხრავე დაკავებული ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში რჩება - მათი სასამართლო პროცესები მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზეა.

სხვისი ნივთის დაზიანება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია, რომლისთვისაც სასჯელი დაჩქარებული წესით, სულ რაღაც 4 დღეში გაამკაცრა ხელისუფლებამ. საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა 2024 ივნისში, საპროტესტო გამოსვლების პარალელურად მიიღო.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ხელისუფლებამ სასჯელის გამკაცრებით შეზღუდა აქციის მონაწილეთა ქცევა - ბოლო წლების განმავლობაში “ქართული ოცნება” ეტაპობრივად ამკაცრებდა კანონს.

ამ სტატიაში ვიხსენებთ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებს, რამაც გავლენა იქონია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტზე.

“სასტიკი და არაპროპორციული სასჯელი ნივთის დაზიანებისთვის”

საქართველოს პარლამენტის წინ რკინის ჯებირის ჯგუფურად დაზიანებას ედავება გამოძიება 14 მაისს დაკავებულ და წინასწარ პატიმრობაში მყოფ 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილსა და 23 წლის საბა მეფარიშვილს. იმ დღეს, როცა ახალგაზრდები დააკავეს, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო სადავო კანონპროექტი “აგენტების შესახებ.” ომარიც და საბაც ამ კანონის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები იყვნენ, გამოძიება ამბობს, რომ მათ დააზიანეს რკინის ჯებირი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოსთან მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის იყო აღმართული - ორივე ბრალდებულს სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი სასამართლო პროცესზე 24 ივლისს გამართულ სასამართლო პროცესზე თბილისის საქალაქო სასამართლოში

ჯებირის მეპატრონე შინაგან საქმეთა სამინისტროა. ექსპერტიზის შეფასებით, უწყება 400 ლარით დაზარალდა - აქედან 250 ლარი დაზიანებული ჯებირის ღირებულებაა, 150 ლარი კი - მისი აღდგენის ხარჯი. იმის მიუხედავად, რომ ზარალი არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა” უკვე აუნაზღაურა შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოსამართლე დაკავებულების წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას არ თანხმდება.

მეტი აჩვენე

სხვისი ნივთის დაზიანება იყო ერთ-ერთი, რასაც ასევე “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციების მონაწილეს, 2023 წლის მარტში დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს ედავებოდა გამოძიება. იმ დროს, როცა ლაზარე დააკავეს, სისხლის სამართლის კოდექსი ჯერ კიდევ არ ითვალისწინებდა ამ დანაშაულის “ჯგუფურად ჩადენის” შემთხვევებისთვის განსაკუთრებულ სასჯელს.

ზოგადად, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, მეორე ნაწილი კი დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს ცეცხლის წაკიდებას, აფეთქებას, დანაშაულის არაერთგზის ან ჯგუფურად ჩადენას.

187-ე მუხლს „ჯგუფური დანაშაულის” გარემოება 2023 წლის ივნისში დაემატა და მის განმარტებასთან ერთად პატიმრობის მაქსიმალურმა ვადამ 5-დან 6 წლამდე აიწია. ეს მუხლი ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისთვის “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულებიდან მხოლოდ ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის წინააღმდეგ არის გამოყენებული, რაც მათ ადვოკატებსა და ოჯახის წევრებს აძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ მათ “სამაგალითოდ სჯიან”.

Რა ვიცით აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციებზე სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული ადამიანების შესახებ:

20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილს 1 მაისს პარლამენტის ჭიშკრის დაზიანება ედება ბრალად. გამოძიების მტკიცებით, მან ასევე ესროლა ქვა პარლამენტის ეზოში შეკრებილ პოლიციელებს და დაზიანდა მეხანძრე-მაშველი; ბუბუტეიშვილს შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

1 მაისს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობაზე დამონტაჟებული გარე სამეთვალყურეო კამერის დაზიანების ბრალდებით არის დაკავებული გიორგი შანიძე ["შანო”], რომელიც უკრაინის ომში მოხალისედ იყო წასული და აქვს წარსულში ნასამართლეობის ისტორიაც. დაკავების შემდეგ მას ასევე ბრალდება წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილითაც, რაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვას, მოყვანას ან კულტივირებას შეეხება. თუკი შანიძე ორივე მუხლით დამნაშავედ ცნეს, მაშინ მას 4-დან 7 წლამდე მოუწევს სასჯელის მოხდა ციხეში.

პოლიციელზე თავდასხმას და მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვას ედავება გამოძიება 41 წლის გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც 15 მაისს, სამსახურისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს. მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პოლიციელისთვის ბლაგვი საგნის სროლას ედავება გამოძიება გიორგი კუჭუაშვილს - გამოძიება ამბობს, რომ ის სპეცრაზმელს, რომელსაც მისი თავდასხმის შედეგად თვალი დაუზიანდა, 16 აპრილის აქციაზე ესროდა ბლაგვ საგნებს. გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით ედავება - ეს მუხლი პოლიციელის, საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს. კუჭუაშვილის დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში მას ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კიდევ ერთი დაკავებული, დავით კოლდარი, შსს-ს მტკიცებით, 16 აპრილის აქციაზე ჩიტაძის ქუჩაზე საპატრულო პოლიციის ავტომობილზე ახტა და ფეხით შუშა ჩაამტვრია; გამოძიება ამბობს, რომ მას ამაში ფული გადაუხადეს - კოლდარი ერთადერთია აქციაზე დაკავებულებს შორის, რომელიც წაყენებულ ბრალს აღიარებს.

ორ დაკავებულს, ანდრეი რაუტბერგსა და ვაჟა დურგლიშვილს ბრალად ედებათ 1-2 მაისს აქციაზე 112-ის სამეთვალყურეო კამერების დაზიანება. რაუტბერგი რუსეთის მოქალაქეა და მის ბრალში, მთავრობის მიმართ ლოიალურად განწყობილი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ცნობებით, შესაძლოა ნარკოტიკების შენახვა-რეალიზაციაც გამოჩნდეს.

სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი ჯერ კიდევ მანამ გაასაჩივრეს საკონსტიტუციო სასამართლოში, სანამ კანონს გაამკაცრებდნენ. საქმეზე მომჩივანი "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტია", რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში ცდილობს, დაამტკიცოს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელი მკაცრი და არაკონსტიტუციურია.

“სადავო ნორმა ბლანკეტური ხასიათისაა და სასამართლოს ართმევს შესაძლებლობას სასჯელის განსაზღვრის პროცესში გაითვალისწინოს აღნიშნული ქმედების ჩადენის ყველა გარემოება, კონტექსტი და ქმედების ჩამდენის პიროვნება…

პასუხისმგებლობის ზომად მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება სამიდან ექვს წლამდე, მოსამართლეს ართმევს შესაძლებლობას ყველა შემთხვევაზე ინდივიდუალურად განსაზღვროს სამართლიანი და პროპორციული სასჯელი.

…ნივთის დაზიანება ან/და განადგურება შეიძლება წარმოადგენდეს საშუალებას და თანმდევ, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ხოლო ამ ქმედების განხორციელების რეალური, მთავარი მოტივაცია და მიზანი კი მდგომარეობდეს რაიმე სახის სოციალური ან პოლიტიკური პროტესტის გამოხატვაში.

როდესაც ნივთის დაზიანება/განადგურება ხდება საზოგადოებრივი პროტესტის დროს, პროტესტის გამოხატვის პროცესში, ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანების/განადგურებისთვის პასუხისმგებლობის ზომად მხოლოდ 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთის დადგენა წარმოადგენს სასტიკ და არაპროპორციულ სასჯელს, რადგან გამორიცხავს სასამართლოს მიერ ქმედების ჩადენის სოციალური გარემოებების, ნივთის დაზიანების/განადგურების შედეგად დამდგარი მატერიალური ზიანის მასშტაბის, ქმედების ჩამდენი პირებისგან მომდინარე სოციალური საშიშროების შესაბამისი და პროპორციული სასჯელის შეფარდების შესაძლებლობას.

მოსამართლეს მხოლოდ თეორიულად რჩება შესაძლებლობა გადაწყვეტილების მიღების დროს იმსჯელოს დანაშაულის ხასიათზე, ხარისხზე, მასშტაბზე და პიროვნების მახასიათებლებზე, თუმცა მისი დისკრეცია აზრს კარგავს, რადგან შებოჭილია უალტერნატივო და სასტიკი სასჯელით”, - წერია სარჩელში, რომელიც მას შემდეგ მომზადდა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით პოლიციამ იანვარში კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე მოძრაობა „ხმის“ აქტივისტები: აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია დააკავა. მათ გამოძიება აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებას და სახელმწიფო უწყებისთვის 3380 ლარის ოდენობის ზიანის მიყენებას ედავებოდა. ხასაიამ და ჩიქობავამ აღიარეს, რომ მანქანა დააზიანეს და სასამართლომ ისინი 3000-3000- ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

აღსრულების ეროვნული ბიუროს დაზიანებული ავტომობილი კეკელიძის ქუჩაზე. 24 იანვარი, 2024 წელი

“აგენტების კანონის” მიღების შემდეგ და საპარლამენტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე, 19 ივლისს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ამნისტიის შესახებ კანონი - დოკუმენტი, რომელიც ფართო სპექტრს მოიცავს იმ დანაშაულების, რომელში მსჯავრდებულებიც ან სასჯელისგან სრულად გათავისუფლდებიან, ან პატიმრობის ვადა შეუმცირდებათ, არ მოიცავს მაგალითად სისხლის სამართლის 187-ე მუხლს, რომელიც განხილვის საგანი გახდა მას შემდეგ, რაც გამოიკვეთა აქციების მონაწილეების მიმართ მისი გამოყენების ტენდენცია.

“კარვების აკრძალვა “კარვების ქალაქის” მოლოდინში

“აგენტების კანონის” მეორედ დაბრუნებას დღის წესრიგში და მასშტაბურ საპროტესტო აქციებს 2024 წლის გაზაფხულზე წინ უსწრებდა “ქართული ოცნების” კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა.

საპროტესტო აქციებზე “დროებითი კონსტრუქციების” გამოყენების შეზღუდვის გადაწყვეტილებას, რომელიც პარლამენტმა 2023 წლის ოქტომბერში დაჩქარებულად განიხილა და რომლითაც ცვლილებები შევიდა შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში, 17 ოქტომბერს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, მმართველმა პარტიამ კი ვეტოს დაძლევა “არ იჩქარა”.

"კარვების კანონის" საწინააღმდეგო მსვლელობა კარვებით ჩიტაძის ქუჩაზე, 2023 წლის 5 ოქტომბერი.

საკანონმდებლო ცვლილებებს წინ უძღოდა 18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი არეულობის შესახებ, რომლის მიზანიც ხელისუფლების გადაყენება იყო. სუსის განცხადებით, განიხილებოდა მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი, რომელიც მოიცავდა "კარვების ქალაქის" მოწყობას, სადაც დაგეგმილი იყო ასაფეთქებელი მოწყობილობების შეტანა და გააქტიურება, ასევე ცენტრალურ გამზირებთან, სტრატეგიულ ობიექტებსა და მთავრობის შენობებთან ბარიკადების აღმართვა.

ასევე ნახეთ ყურადღების გადატანა? - სუსი შემოდგომის „შეთქმულებასა“ და „მაიდნის სცენარზე“ იწყებს საუბარს

ამ განცხადებიდან 9 დღეში დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან წარადგინეს საკანონმდებლო ინიციატივა საპროტესტო აქციებზე “დროებითი კონსტრუქციების” გამოყენების შესამცირებლად. კანონში ცვლილებები მისმა ინიციატორებმა სწორედ სუსის მიერ გავრცელებული ინფორმაციით და სახელმწიფო უსაფრთხოების გამოწვევებით ახსნეს.

“მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება იცავს შეკრებებისა და შეკრებების ფართო სპექტრს, მათ შორის გრძელვადიან დემონსტრაციებს, მჯდომარე აქციებს და „ოკუპაციის“ სტილის მანიფესტაციებს და ასევე მოიცავს შეკრების მოდალობისა და წესის არჩევის თავისუფლებას.

მონაწილეებს უნდა შეეძლოთ თავისუფლად განსაზღვრონ, თუ როგორ უნდათ გამოხატონ თავიანთი პროტესტი, მათ შორის შეკრების დროს კონსტრუქციების დროებითი აღმართვის გზით, რათა მიაღწიონ შესაბამის აუდიტორიამდე ან სხვაგვარად მიაღწიონ თავიანთ მიზნებს. ზოგიერთ შემთხვევაში, პროტესტის კონკრეტულმა ფორმამ, მაგალითად, დროებითი ბანაკების აღმართვამ, შეიძლება სიმბოლური მნიშვნელობა შეიძინოს, რომელიც განუყოფელია პროტესტის მესიჯთან.

შემოთავაზებული ცვლილებები არაპირდაპირ დისკრიმინაციას უწევს პოლიტიკურ კრიტიკოსებს ან ოპოზიციას, რომლებიც შესაძლოა უფრო მიდრეკილნი იყვნენ გამოიყენონ „ოკუპაციის“ სტილის მანიფესტაციები, რომლებიც, ზოგადად, დროებითი კონსტრუქციების აღმართვას გულისხმობს თავიანთი მესიჯის გადმოსაცემად”, - წერია ეუთო/ოდირის მიერ 6 ნოემბერს გამოქვეყნებულ დაჩქარებულ დასკვნაში “კარვების კანონის” შესახებ, სადაც ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის რისკების შესამცირებლად კანონში შეკრებისა და მანისფესტაციის შემზღუდავი ცვლილებები უსაფრთხოების გარანტიად ვერ გამოდგება და თავისი არსით ის ევროპულ კანონმდებლობასთან შეუთავსებელია.

მზარდი ფულადი ჯარიმები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვის

ხელისუფლება იმ მრავალფეროვანი არსენალიდან, რომლითაც პროტესტის ჩახშობას ან შესუსტებას ცდილობს, ყველაზე ხშირად აქტივისტების წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორ მუხლს იყენებს იარაღად, 166-ე და 173-ეს. პირველი წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, მეორე სამართალდამცველის დაუმორჩილებლობას - სწორედ ამ ორი სამართალდარღვევისთვის აკავებენ ყოველწლიურად ასობით ადამიანს საპროტესტო აქციებზე.

მხოლოდ “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციებზე 2024 წლის ერთ თვეში, 15 აპრილიდან 15 მაისამდე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობისთვის პოლიციამ 185 ადამიანი დააკავა. საკანონმდებლო ცვლილებების ქრონოლოგია აჩვენებს, რომ სასჯელი ამ მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის ყოველთვის იკლებს, როცა საქართველოში ხელისუფლება ახალი შეცვლილია და ყოველთვის იმატებს, როცა ხელისუფლება ძალაუფლების ნებისმიერ ფასად გახანგრძლივებაზე იწყებს ზრუნვას.

მეტი აჩვენე

“ქართულმა ოცნებამ” ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ამ ორი სამართალდარღვევისთვის სასჯელი რამდენჯერმე შეცვალა. 2014 წელს, ხელისუფლებაში ახალმოსულმა მთავრობამ 90-დან 15 დღემდე შეამცირა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვის გათვალისწინებული პატიმრობის ვადა - ამ დროს ჯარიმა 166-ე მუხლის შემთხვევაში 100 ლარი იყო, 173-ე მუხლის შემთხვევაში - 250.

2018 წლის თებერვალში ჯარიმები ორივე სამართალდარღვევისთვის მკვეთრად გაიზარდა - 166-ე მუხლის შემთხვევაში 100-ლარიანი ჯარიმა 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმამ შეცვალა, პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვის კი 250-ლარიანი ჯარიმა 2000-დან 4000 ლარამდე ჯარიმა გახდა. Პარლამენტმა ეს ცვლილებები 2018 წლის 18 მაისს მიიღო და მომდევნო წლებში გაზრდილი ჯარიმების სიმძიმე არაერთ სამოქალაქო ორგანიზაციას და აქტივისტს მძიმე ტვირთად დააწვა კისერზე.

ასევე ნახეთ "ფინანსური სანქციები" აქტივისტებს - ათასობით ლარის ჯარიმა და დაყადაღებული ანგარიშები

დაყადაღებული ანგარიშები, ათასობით ლარის გადაუხდელი ფინანსური ვალდებულებები და ფინანსური იზოლაცია იმ ადამიანების თავისტკივილი გახდა, ვინც აქციებზე გამოხატავდა უკმაყოფილებას.

მიუხედავად ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის შეფასებისა, რომ არაპროპორციული სანქცია, მათ შორის მკაცრი ჯარიმა, შესაძლოა არღვევდეს შეკრების თავისუფლების უფლებას და ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი, რომელიც მომავალში შეკრებასა და მანიფესტაციებში მონაწილეობის მსურველ პირს უბიძგებს თავი შეიკავოს პროტესტის გამოხატვისაგან, საქართველოს ხელისუფლებამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 2021 წლის აპრილშიც შეიტანა ცვლილება დაჩქარებული წესით, ისევ 166-ე და 173-ე მუხლებისთვის ჯარიმების და პატიმრობის ვადით გასაზრდელად.

166-ე მუხლს მე-2 ნაწილი დაემატა, რომლითაც განისაზღვრა, რომ წვრილმანი ხულიგნობის განმეორებისთვის ჯარიმა 1500 ლარიდან 2000 ლარამდე იზრდება, ადმინისტრაციული პატიმრობა - 5 დღიდან 15 დღემდე ვადით. ცვლილებებამდე მოქმედი ნორმა ითვალისწინებდა 166-ე მუხლის შემთხვევაში ჯარიმას 500-დან 1000 ლარამდე თანხით ან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელი იყო 5 დღეზე ნაკლები დღით პატიმრობაც, რაც ცვლილებების შემდეგ შეუძლებელი გახდა. ცვლილებებამდე გათვალისწინებული არ იყო უფრო მკაცრი სასჯელი განმეორებით ჩადენის შემთხვევაში.

173-ე მუხლის ცვლილებით განისაზღვრა, რომ პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა პირველ ჯერზე 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ჯარიმას გამოიწვევდა ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა კი უფრო დიდ ჯარიმას: 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით. ცვლილებებამდე მოქმედი ნორმით ჯარიმა იყო 1000-დან 4000 ლარამდე თანხა ან ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების ფონია უფლებადამცველი ორგანიზაციების მოთხოვნა, შეიცვალოს საბჭოთა კავშირის დროს მიღებული, მოძველებული დოკუმენტი, რომლის არაერთი ნორმა შეუსაბამოა თანამედროვე სტანდარტებსა და კანონმდებლობასთან.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომლის ჩადენისთვის ადამიანს შეიძლება შეეფარდოს პატიმრობა, უნდა განიხილებოდეს, როგორც „სისხლის სამართლის ბრალდება“ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) გაგებით, იმის მიუხედავად, რამდენად ხანმოკლე იქნება შესაძლო პატიმრობის ვადა. შესაბამისად, სავალდებულოა ამ სამართალდარღვევების შემთხვევაში ადამიანი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სამართლებრივი გარანტიებით, უდანაშაულობის პრეზუმფციითა და სამართლიანი სასამართლოს უფლებით იყოს უზრუნველყოფილი.

ასევე ნახეთ “აგენტების კანონზე” უარესი - შეიძლება ამჯერად პროტესტი აიკრძალოს?