საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ივანიშვილს არ აუხსნია ზოგი გადაწყვეტილების საფუძველი, მათ შორის პრემიერ-მინისტრის დანიშვნასთან, ასევე ქვეყნის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით და დებატებისას ჰკითხავდა, „რას ერჩის ქვეყანას“.
„ბატონმა ივანიშვილმა თავის საზოგადოებას არაფერზე არ უპასუხა, არაფერი არ უთხრა, არაფერი არ ახსნა, თუ რატომ უცებ გადაახვევინა იმ მთავრობას, რომელიც ვიცით, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ შემსრულებელი, გადაახვევინა ჩვენი კურსიდან, ასეთი ზიანი მიაყენა ქვეყანას, იზოლაციაში ჩააყენა ქვეყანა, ეს ქვეყანა დაასუსტა, გაერთიანებული ქვეყანა. სტატუსის მიღების დღეები ხომ არავის გვავიწყდება, თუ რა სიხარული იყო, რა ბედნიერება ხალხში. ეს ყველაფერი გათელა იმისთვის, რომ რაღაცა უაზრო და არასაჭირო კანონი შემოეტანა, რატომ? ვინმეს უთხრა?" - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის სიტყვებით, საზოგადოებისთვის ცნობილია ივანიშვილის "ორი დიდი სიტყვა, რომელიც, ალბათ, მისი დაწერილიც არ არის".
"რომელიც არის მტრულად განწყობილი, ჯერ ერთი, ჩვენი პარტნიორების მიმართ და მეორეც - საზოგადოების მიმართ. საზოგადოებას ჰპირდება რევანშს, ჰპირდება რეპრესიებს. რა სტილია ადამიანისგან, რომელიც ვერავინ ვერ გავიგეთ, რეალურად სად არის, რა უნდა, რატომ უნდა, რას უკეთებს ამ ქვეყანას? მე მზად ვარ და ვიწვევ დებატებში. თუ მე პირადად არ შემხვდება, დებატში მოვიდეს, რადგან თვლის თავის თავს და ითვლება, რომ ის არის მთავარი მმართველი. სახელმწიფოს პირველი პირი მე ვარ და მაშინ დებატში გავარჩიოთ რაღაცები და მაშინ მე ვკითხავ, არა ჩემი მხრიდან, მე არაფერი აღარ მაინტერესებს, ფაქტებს ვუყურებ და ვხედავ, საითკენ მიდის ქვეყანა, მაგრამ საზოგადოების წინაშე მართლაც ვალდებულია, რო ახსნას ზოგიერთი პოზიცია", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და ჩამოთვალა საკითხები, რომელთა შესახებ დებატების დროს დაუსვამდა შეკითხვებს ივანიშვილს.
"ორჯერ რატომ გაუშვა პრემიერი, რომელიც კორუმპირებული იყო და ვიცით, კორუფციის გამო ნაწილობრივ, მაგრამ მერე აბრუნებს, მერე კიდევ ახალ თანამდებობაზე სვამს, მერე იბარებს და ნიშნავს ყველაზე არაპოპულარულ ადამიანს როგორც პრემიერს. რას ერჩის ამ ქვეყანას? ხო უნდა გვითხრას არჩევნებამდე მაინც? ასე რომ, ერთი კარგი დებატი, მე მგონი, გველოდება", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარტია "ქართული ოცნების" მწვავე კრიტიკოსია, განსაკუთრებით მმართველი გუნდის ანტიდასავლური მოქმედებების გამო. პრეზიდენტი ერთ-ერთია მათ შორის, ვისი სახელითაც „აგენტების კანონის“ გაუქმების მოთხოვნით სარჩელი შევიდა საკონსტიტუციო სასამართლოში.
საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას.
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ნაწილი ამბობს, რომ არ დარეგისტრირდება ღირსების შემლახავ რეესტრში და გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ბერკეტს.
კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტა ევროკავშირმა, აშშ-მა კი განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლება.
ასევე ნახეთ
"ერთხელ და სამუდამოდ პასუხი გაცემულია" - ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზეპრეზიდენტს „აგენტების კანონის“ მიღების გამო აშშ-დან რეაგირება არ უკვირს, თუმცა ორი რამ არ ესმისზურაბიშვილი ტექნიკური მთავრობის იდეას იმეორებს: „არც ერთი არ იქნება პრემიერი, ვინც დღეს ფიქრობს, რომ იქნება“„ბევრი მცდელობა შეიძლებოდა“ - პრეზიდენტი პატიმართა გაცვლის პროცესში მთავრობის უმოქმედობაზე მიუთითებს„პირველი არხი“, „იმედი“ და „PosTV“ პრეზიდენტის პრესკონფერენციაზე არ მივიდნენ