ზურაბიშვილი ტექნიკური მთავრობის იდეას იმეორებს: „არც ერთი არ იქნება პრემიერი, ვინც დღეს ფიქრობს, რომ იქნება“

სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პრესკონფერენცია მიმდინარეობს. შეკითხვაზე, რომელიც ეხებოდა არჩევნების შემდეგ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენას, ზურაბიშვილმა თქვა, რომ ქვეყანა ერთი წლის განმავლობაში ტექნიკურმა მთავრობამ უნდა მართოს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, არც ერთი მათგანი არ იქნება პრემიერ-მინისტრი, ვისაც დღეს ჰქონია, რომ ამ თანამდებობას დაიკავებს.

„მე არაერთხელ მაქვს ნათქვამი ბევრისთვის, რომ არც ერთი არ იქნება პრემიერი, ვინც დღეს ფიქრობს, რომ იქნება პრემიერი. მათი შეთანხმება, ამ პოლიტიკური პარტიების, ეს მათზე ცუდად არ ლაპარაკობს, არის მრავალფეროვნება, მაგრამ მათი შეთანხმება რომელიმე პრემიერზე, პოლიტიკოსზე, მე მგონი, რომ ძალიან რთული იქნება, თუ არა შეუძლებელი. ამიტომ მე გამოვედი სხვა გეგმით - ჩვენ ეს ყველაფერი გადავდოთ, მართლაც გადავდოთ პირადი ამბიციები, პარტიული ამბიციები, კონცენტრაცია მოხდეს ქარტიაზე, ქარტიის შესრულებაზე, ეს იყოს პარტიების ერთადერთი პროგრამა. მერე შეიძლება გზადაგზა, პარლამენტში რომ იქნებიან, ახალი ინიციატივები წარმოადგინონ, მაგრამ დღეს თუ ჩვენ გვინდა, რომ დროში და დროულად მივაღწიოთ მიზანს ევროკავშირში დაბრუნებისა, არ გვაქვს იმის დრო, რომ სხვა რაღაცაზე გავიფანტოთ და დავიწყოთ სხვა რამის მომზადება“, - თქვა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა ილაპარაკა საქართველოსა და სხვა ქვეყნებში პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის ნაკლებობის შესახებ. მას გამოსავლად ესახება "ქართულ ქარტიაში" შეტანილი ერთ-ერთი პუნქტი, რომლის თანახმად, არჩევნებში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამარცხების შემთხვევაში, ტექნიკური მთავრობა ჩამოყალიბდება, რომელიც ერთ წელიწადში ახალი, სამართლიანი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს.

ზურაბიშვილის თქმით, ნდობა გაჩნდება, თუკი დაინახავენ მთავრობაში „არაპოლიტიკურ სახეებს, ახალ სახეებს, რასაც ჰქვია ექსპერტთა მთავრობა, რაც ჩვენ გამოცდილი არ გვაქვს, მაგრამ ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში, როდესაც ღრმა კრიზისი არის, ეს არის ის გამოსავალი, რასაც პოულობენ, რომ ცოტა ხნით ამ მთავრობამ გადალახოს ეს კრიზისი, შექმნას კონსენსუსი, რაც ძნელად მოსაპოვებელია. ეს ჩვენ შეგვიძლია“.

ერთი წლის განმავლობაში შესასრულებელ მთავარ საკითხად პრეზიდენტი ევროკავშირის მიერ საქართველოს წინაშე დაყენებულ ცხრა ნაბიჯს ასახელებს.

„აქ არავინ ჩაებღაუჭება ადგილებსა და სავარძლებს. ეს არის ერთი წლით. უნდა შევასრულოთ ყველაფერი. პარლამენტმა უნდა შეძლოს“, - შენიშნა მან.

პრეზიდენტის თქმით, „ქართული ქარტია“ შედგენილია პირველ რიგში პარტიების მიერ.

„ვინც არ შეასრულებს, ჩემთან ექნება საქმე და რაც მთავარია, ჩემზე ბევრად მეტად, საქართველოს მოსახლეობასთან, იმიტომ რომ პირობა არის დადებული“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

განახლება

ტექნიკური მთავრობის შესახებ პრესკონფერენციაზე დასმული კიდევ ერთი შეკითხვის პასუხად, ზურაბიშვილმა თქვა, რომ წინასწარ უნდა იყოს ცნობილი, პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებულ მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატთა ვინაობა.

„ჩემი გაგებით, ტექნიკური მთავრობა უნდა იყოს წინასწარ გაცხადებული. ეს არ არის რაღაც საიდუმლო დამალული რაღაც, რომელსაც არჩევნების მერე გამოვიტანთ. თუ ლაპარაკი არის იმაზე, რომ ნდობა უნდა აიწიოს საზოგადოებაში, სწორედ ამაზე არის ლაპარაკი, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს წინასწარ, ვინ იქნება ეს მოკლევადიანი მთავრობა“, - თქვა პრეზიდენტმა.

ასევე ნახეთ ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა ხელი მოაწერა „ქართულ ქარტიას“
ასევე ნახეთ პრეზიდენტის "ქართული ქარტიის" ძლიერი და სუსტი მხარეები

პრეზიდენტის „ქართული ქარტიის“ მიხედვით, პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიებმა მომავალ პარლამენტში მასშტაბური რეფორმები არასრულ ხუთ თვეში უნდა გაატარონ და ერთ წელიწადში არჩევნები უნდა გაიმართოს.

„ქარტიის“ თანახმად, ამ ერთი წლის განმავლობაში, „ეს არ იქნება პოლიტიკური პარტიებისგან დაკომპლექტებული მთავრობა, არამედ საზოგადოებაში პროფესიონალიზმით გამორჩეული და შერჩეული მთავრობა. მთავრობის დაკომპლექტების პროცესი ჩატარდება პრეზიდენტთან კოორდინაციით. ეს არის გზა, რომელიც არის მშვიდობიანი, მიზანმიმართული, შედეგიანი და უაღრესად ევროპული. ქართველი ხალხი გადაწყვეტილებას მიიღებს დემოკრატიული არჩევნებით, რაც გვიცავს ნებისმიერი დესტაბილიზაციისა და საშიში დაპირისპირებისგან. განსხვავებული აზრი უნდა გამოიხატოს საარჩევნო უბანზე და არა სხვაგან რაიმე სხვა ფორმით“.

ასევე ნახეთ პრეზიდენტმა წარადგინა სამოქმედო გეგმა - „ქართული ქარტია“