დიდი ბრიტანეთის ქალაქებში გრძელდება მიგრანტების საწინააღმდეგო გამოსვლები. კვირას, 4 აგვისტოს ღამით, პოლიციამ განაცხადა, რომ დაკავებულია მასობრივი არეულობების 147 მონაწილე.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ქვეყნის ქალაქებში განვითარებულ მოვლენებს უწოდა არა პროტესტი, არამედ ორგანიზებული ძალადობა და განაცხადა, რომ არეულობების მონაწილეებს კანონით გათვალისწინებულ ყველაზე მკაცრ პასუხს მოსთხოვენ.
აქციები, რომლებიც დიდწილად ძალადობაში გადადის, მას შემდეგ დაიწყო, რაც 29 ივლისს დანით შეიარაღებულმა პირმა ქალაქ საუთპორტში, ბავშვთა ცეკვის სტუდიაში სამი გოგო მოკლა და კიდევ რვა ბავშვი დაჭრა. პოლიციამ თავდასხმაში ეჭვმიტანილი 17 წლის ბიჭი დააკავა.
მასობრივ არეულობებს სათავე დაუდო თავდასხმიდან მალევე სოციალური ქსელებით გავრცელებულმა ცნობებმა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბრიტანეთში თავშესაფრის მაძიებელი მუსლიმია. საუთპორტის პოლიციამ ამ ცნობას ძალადობისთვის გამოყენებული სპეკულაცია უწოდა და განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი უელსში, ქალაქ კარდიფშია დაბადებული.
ასევე ნახეთ ბრიტანეთში ბავშვების მკვლელობას მეჩეთსა და პოლიციელებზე თავდასხმა მოჰყვა4 აგვისტოს არეულობები იყო ქალაქ როტერჰემში. სასტუმრო Holiday Inn Express-თან შეიკრიბნენ როგორც მიგრანტების მოწინააღმდეგეები, ისე მხარდამჭერი მოძრაობის (Stand up to Racism) წარმომადგენლები. სასტუმროში იმყოფებოდნენ თავშესაფრის მაძიებელი მიგრანტები.
BBC-ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც უფლებადამცველმა აქტივისტებმა ტერიტორია დატოვეს, არეულობები დაიწყო. მიგრანტების მოწინააღმდეგეებმა სასტუმროს აგურები და ქვები დაუშინეს, შენობისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს და ცეცხლი წაუკიდეს შენობას, სადაც განთავსებულია სასტუმროს ენერგოგენერატორი.
რადიკალურად განწყობილმა პირებმა პოლიციელებს დაუშინეს სასტუმროსთან განთავსებული დამცავი ჯებირები და ბოთლები. სამართალდამცავებმა შენობას ალყა შემოარტყეს, თუმცა აქციის რამდენიმე მონაწილემ სასტუმროში შეღწევა მოახერხა. საბოლოოდ პოლიციამ წესრიგის აღდგენა შეძლო.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა როტერჰემში არეულობების მონაწილეებს უწოდა „ულტრამემარჯვენე ბანდები“, რომლებიც ბრიტანეთს არ წარმოადგენენ.
კვირას არეულობები და პოლიციასთან დაპირისპირება იყო მანჩესტერში, ბრისტოლში, ლივერპულში, ბელფასტსა და სხვა ქალაქებში. პარალელურად რამდენიმე ქალაქში გაიმართა ანტიფაშისტური მოძრაობების წარმომადგენელთა აქციები.
ქალაქ საუთპორტში ბავშვების მკვლელობის შემდეგ დაკავებულ 17 წლის ბიჭს ბრალი ოფიციალურად 1 აგვისტოს ლივერპულის სასამართლოში წაუყენეს.
ეჭვმიტანილი 2006 წელს დიდ ბრიტანეთში, ქალაქ კარდიფში დაბადებული აქსელ მუგანვა რუდაკუბანია. მისი ოჯახი წარმოშობით რუანდიდანაა. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.