დიდი ბრიტანეთის ქალაქ საუთპორტში წუხელ მასობრივი არეულობები იყო. სავარაუდოდ, რადიკალი ნაციონალისტები თავს დაესხნენ ადგილობრივ მეჩეთს და მის დამცველ პოლიციელებს.
29 ივლისს დანით შეიარაღებულმა პირმა ბავშვთა ცეკვის კლუბში სამი გოგო მოკლა და კიდევ რამდენიმე ბავშვი დაჭრა. პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 17 წლის ბიჭი დააკავა.
30 ივლისს საუთპორტში ჩატარდა სამგლოვიარო ცერემონია, რომლის დასრულების შემდეგ რამდენიმე ასეულმა მამაკაცმა ქალაქის მეჩეთს და იქ მყოფ პოლიციელებს ქვები, ბოთლები და სხვა საგნები დაუშინა. დაწვეს პოლიციის მიკროავტობუსი და ნაგვის ურნები.
მასობრივ არეულობებს სათავე დაუდო სოციალური ქსელებით გავრცელებულმა ცნობებმა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი მუსლიმი, რადიკალი ისლამისტი და ბრიტანეთში თავშესაფრის მაძიებელი პირია. საუთპორტის პოლიციის წარმომადგენელმა ალექს გოსმა ამ ცნობებს უწოდა სპეკულაცია, რომელიც ძალადობისთვის იყო გამოყენებული. პოლიციის თანახმად, 17 წლის ეჭვმიტანილი უელსში, ქალაქ კარდიფშია დაბადებული და წლების განმავლობაში ცხოვრობდა საუთპორტთან მდებარე სოფელ ბენქსში.
BBC-ს ცნობით, შუაღამის შემდეგ საუთპორტის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური მასობრივი არეულობების შედეგად 22 პოლიციელის დაშავების შესახებ იუწყებოდა, საათ-ნახევრის შემდეგ კი გაავრცელა ცნობა, რომ ტრავმირებულია 39 პოლიციელი. მათგან 27 საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენებს კი დახმარება ადგილზე გაუწიეს. საუთპორტის პოლიციის ინფორმაციით, თანამშრომლებს აქვთ ჭრილობები და მოტეხილობები.
პოლიცია ვარაუდობს, სამგლოვიარო ცერემონია შეკრების და მეჩეთზე თავდასხმისთვის გამოიყენეს ანტიისლამური ორგანიზაციის, „ინგლისის თავდაცვის ლიგის“ მომხრე რადიკალმა ნაციონალისტებმა. ამ ორგანიზაციის ყოფილმა ლიდერმა ტომი რობინსონმა, რომელიც ემიგრაციაშია, სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ ლიგა უკვე ათი წელია აღარ არსებობს.
ორგანიზაციამ „ლივერპულის რეგიონის მეჩეთების ქსელმა“ განაცხადა, რომ ადგილობრივ მუსლიმთა თემს არანაირი კავშირი არ აქვს საუთპორტში ბავშვების მკვლელობასთან, რომლის გამოც შოკირებული არიან.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა სოციალურ ქსელ Х-ში დაწერა, რომ მათ, ვინც საუთპორტში მსხვერპლთა პატივსაცემად წუთიერი დუმილი ძალადობისთვის გამოიყენეს, შეურაცხყოფა მიაყენეს მგლოვიარე თემს და ისინი აუცილებლად იგრძნობენ კანონის მთელ ძალას.
საკურორტო ქალაქი საუთპორტი ლივერპულიდან 27 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქში დაახლოებით 94 500 ადამიანი ცხოვრობს და მათგან მხოლოდ ათასზე მეტია მუსლიმი.
ფორუმი