ლაფრანკო ჩირილო, რომელიც ცნობილია, როგორც ვლადიმირ პუტინის „სასახლის არქიტექტორი“, „სბერბანკის“ ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა. იგი ბანკის სამშენებლო პროექტებს გაუწევს კურირებას.
ლაფრანკო ჩირილო რუსეთში 1990-იანი წლების დასაწყისიდან მუშაობს და 2014 წელს მიიღო რუსეთის მოქალაქეობა. მას 40-ზე მეტი ოლიგარქისთვის აქვს აშენებული სასახლეები და ვილები. ჩირილო ასევე ცნობილია, როგორც არქიტექტორი გელენჯიკის მონუმენტური შენობისა, რომელსაც "პუტინის სასახლე" უწოდეს.
2022 წლის აგვისტოში, იტალიის ფინანსურმა პოლიციამ ჩირილოს 141 მილიონი ევროს ღირებულების ქონება დააყადაღა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას ბრალად ედება გადასახადების გადაუხდელობა, ფულის გათეთრება და სხვა ფინანსური მაქინაციები. იტალიის ფინანსურმა პოლიციამ განაცხადა, რომ არქიტექტორმა 2013 წლიდან 2019 წლამდე არ გადაიხადა გადასახადები. ლაპარაკი იყო დაახლოებით 50 მილიონი ევროს ოდენობის თანხაზე.
გაზეთ La Repubblica-ს თანახმად, ჩამორთმეული ქონების ჩამონათვალში შედიოდა ჩირილოს ბინები და სახლები, მისი საბანკო ანგარიშები, სამკაულები, ხელოვნების კოლექცია - მათ შორის პაბლო პიკასოს, ვასილი კანდინსკის, პოლ სეზანის და სხვათა ნახატები - ნაღდი ფული, ასევე რუსეთში რეგისტრირებული პირადი შვეულმფრენი.
2023 წლის ივნისში, იტალიის ხელისუფლებამ ჩირილოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, კონტრაბანდისა და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით. რუსეთის ხელისუფლებამ უარი განაცხადა იტალიის თხოვნით ჩირილოს დაკავებაზე.
ასევე ნახეთ
The Business Insider-მა გამოაქვეყნა "პუტინის სასახლის ბუნკერის" ნახაზები2021 წლის 19 იანვარს, "კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა" გამოაქვეყნა გამოძიების შედეგად მომზადებული დოკუმენტური ფილმი გელენჯიკთან მდებარე "პუტინის სასახლის" შესახებ.
"პუტინის სასახლე", იგივე რეზიდენცია იდოკოპასის კონცხზე, 2005-2010 წლებში აშენდა გელენჯიკის მახლობლად, შავი ზღვის პირას.
ის, რომ ობიექტი რუსეთის პრეზიდენტისთვის აიგო, 2010 წელს თქვა ბიზნესმენმა სერგეი კოლესნიკოვმა. თავად ვლადიმირ პუტინმა გამოძიებას კომპილაცია უწოდა და განაცხადა, რომ არც მას და არც მის რომელიმე ნათესავს არ ეკუთვნით არაფერი იქიდან, რაც ფილმში წარმოდგენილი იყო, როგორც მისი ქონება.